ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური. |
1 |
არა ხოლო ეგრე, არამედ ისმინენ, იობ, სიტყუანი ჩემნი. ყურად-იხუენ თქმულნი ჩემნი. |
2 | აჰა, დავძარი ბაგე, ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს სასაში. | 2 | აჰა, ესერა, აღვაღე პირი ჩემი და იტყოდეს ენაჲ ჩემი, წმიდა არს გული ჩემი სიტყუათაგან, და გულისჴმის-ყოფამან ბაგეთა ჩემთამან წმიდად ცნას. |
3 | გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად გამოაცხადებს ცოდნას; | 3 | |
4 | ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე. | 4 | სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე და სული ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელი მასწავებს მე. |
5 | თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი! | 5 | უკუეთუ ძალ-გიც, მომიგეთ მე სიტყუაჲ ამას ზედა, უკუეთუ არა, დამითმეთ მე. |
6 | აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ მოზელილი. | 6 | დადეგ შენ ჩემდამო და მე შენდამი. თიჴისაგან შექმნილ ვართ მეცა და შენცა, მისვე თიჴისაგან დაბადებულ ვართ. |
7 | ჩემი შიში შენ არ გაშინებს და ჩემი ხელი შენ არ გამძიმებს. | 7 | არა შიშმან ჩემმან შეგაძრწუნოს შენ, არცა ჴელმან ჩემმან დაგამძიმოს შენ. |
8 | ჩემს გასაგონად ლაპარაკობდი და მე მესმოდა შენი სიტყვების ხმა: | 8 | ვითარმედ სთქუ ყურთა ჩემთა, ჴმაჲ სიტყუათა შენთაჲ მესმა. |
9 | სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი; | 9 | რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე, უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს. |
10 | ჯავრი აქვს ჩემი, თავის მტრად შევურაცხივარო; | 10 | ბრალი ჩემ ზედა პოვა და შემრაცხა მე, ვითარცა მტუერი. |
11 | ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო. | 11 | დაასხნა ჴუნდსა შინა ფერჴნი ჩემნი. დამიმარხნა ყოველნი გზანი ჩემნი. |
12 |
აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი. |
12 |
რამეთუ აწ სთქუა: უკუეთუ მართალ ვარი მე და არა ისმინა? რამეთუ საუკუნე არს, რომელ-იგი კაცთა ზედა არს. |
13 | რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე. | 13 | და იტყჳ: რასათჳს სასჯელისა ჩემისა სიტყუანი არა ისმინნა? |
14 | ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება. | 14 | ერთჯერღა თქუა უფალმან, ხოლო მეორედ ჩუენებით, |
15 | სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე, | 15 | ანუ სწავლასა ღამისასა, ვითარ-იგი მას ჟამსა დაეცის კაცთა ზედა ბოროტი შიში ძილსა შინა, საწოლსა ზედა. |
16 | მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს, | 16 | მაშინ გამოაცხადნეს გონებანი კაცთანი, სახითა შიშისაჲთა ესევითარითა შეაშინა იგინი, |
17 | რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან; | 17 | რათა მოაქციოს კაცი სიცრუვისაგან, და ჴორცნი მისნი დაცემისაგან იჴსნნა |
18 | რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან; | 18 | და ჰრიდა სულსა მისსა სიკუდილისაგან, რათა არა დაეცეს იგი ბრძოლასა შინა. |
19 | სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები; | 19 | მერმე კუალად ამხილა მას სნეულებითა სარეცელთა ზედა. და სიმრავლე ძუალთა მისთა დააბუშვა, |
20 | მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი; | 20 | უკუეთუ საჭმელი საზრდელისა ვერ ჴელ-ეწიფების მიღებად და სულსა მისსა საზრდელისა გული უთქმიდეს, |
21 | დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ; | 21 | ვიდრემდე დალპენ ჴორცნი მისნი და გამოაჩინნეს ძუალნი მისნი ცუდნი. |
22 | მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე; | 22 | მიეახლა სული მისი სიკუდილსა და ცხორებაჲ მისი ჯოჯოხეთსა. |
23 |
თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს, |
23 |
იყვნენღა თუ ათასნი ანგელოზნი მაკუდინებელნი, ერთმანცა მათგანმან ვერ წყლას იგი. |
24 | შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი, | 24 | უკუეთუ ცნას გულითა თჳსითა მოქცევად უფლისა, და უთხრას კაცსა ბრალი თჳსი, და გონებაჲ თჳსი აჩუენოს და თავს-იდვას, რათა არა შევარდეს იგი სიკუდილსა. |
25 | განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება. | 25 | და განაახლნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა საგოზლითა კედელი, და ძუალნი მისნი აღავსნეს ტჳნითა. და მოაჩჩუნეს სხეულნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და კუალად მოაგოს იგი განმამაკაცებული კაცთა შორის. |
26 | ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს; | 26 | ილოცოს უფლისა მიმართ, და შეისმინოს მისი, და შევიდეს იგი მხიარულითა პირითა აღსაარებით, და მიაგოს კაცთა სიმართლე. |
27 | ის იმღერებს კაცთა წინაშე და ეტყვის: ვცოდე მე, სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომაგო საკადრისადო. | 27 | მაშინ აბრალებდეს კაცი თჳთ თავსა თჳსსა და იტყოდის: რასა-ესე ვიქმოდე, და არა, ვითარ-იგი ვღირდი, მტანჯა მე, რავდენ-იგი შევსცოდე. |
28 | იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო. | 28 | იჴსენ სული ჩემი, რათა არა შევიდეს განსარყუნელად, და ცხორებამან ჩემმან ნათელი იხილოს, |
29 | აჰა, ყველაფერს ამას ორგზის, სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს, | 29 | აჰა, ესერა, ყოველი ესე უქმნიეს ძლიერსა მას, სამი გზაჲ არს კაცისა თანა, |
30 | რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს. | 30 | არამედ იჴსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, რათა ცხორებაჲ ჩემი ნათელსა შინა აქებდეს მას. |
31 | ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ. | 31 | ყურად-იღე, იობ, და ისმინე ჩემი. დადუმენ და მე ვიტყოდე: |
32 | თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი გამართლება. | 32 | უკუეთუ არიან სიტყუანი, მომიგე მე, იტყოდე, მნებავს განმართლებაჲ შენი! |
33 | თუ არა და, მე მისმინე, დადუმდი, მე გასწავლი სიბრძნეს. | 33 | უკუეთუ არა, შენ ისმინე ჩემი, დადუმენ და მე გასწაო შენ სიბრძნე. |