ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:

1

მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2 ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო? 2 რასათჳს ესრეთ განიზრახე სასჯელსა შინა? შენ ვინ ხარ, სთქუ, ვითარმედ: მართალ ვარ წინაშე უფლისა?
3 რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო? 3 ანუ ესემე სთქუა: ერთვე ვცოდე, აწ რა ვყო?
4 მე შეგიბრუნებ სიტყვას შენ და შენს მეგობრებსაც: 4 მე მოგიგო შენ სიტყუაჲ და სამთა მაგათ მეგობართა შენთა.
5 ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე მაღალია? 5 აღიხილენ ზეცად და იხილენ და განიცადენ ღრუბელნი, რავდენ მაღალ არიან შენგან.
6 რას დაუშავებ მას შენი შეცოდებით? რაც უნდა იმრავლოს შენმა დანაშაულმა, რას ავნებ მას? 6 უკუეთუ სცოდე, აწ რაჲ ჰყო? ანუ თუ ფრიად უსჯულოებაჲ გიქმნიეს, რაჲ ჴელ-გეწიფების ყოფად?
7 რას შემატებ მას შენი სიმართლით ან რას უნდა გემოელოდეს შენგან? 7 ღაღათუ მართალ ხარ, რაჲმე მისცე მას? ანუ რამე მიიღოს ჴელთაგან შენთა?
8 მხოლოდ კაცს, შენივე მსგავსს, ეხება შენი უკეთურება და ადამის ძეს - შენი სიმართლე. 8 კაცისა მსგავსისა შენისაებრ უსჯულოებაჲ შენი და ძისაგან კაცისა სიმართლე შენი.
9 ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ ძლიერთა მკლავებიდან. 9 სიმრავლისაგან ცილისწამებისა ღაღადებდენ და ვალალებდენ მკლავისა მაგრისაგან მრავალთასა.
10 არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით გალობათა მომმადლებელი? 10 და არა თქუან: სადა არს ღმერთი, რომელმან შემქმნა მე, რომელმან დააწესნა საცონი ღამისანი,
11 რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო? 11 რომელმან გამომარჩია მე ოთხფერჴთაგან ქუეყანისათა და მფრინველთაგან ცისათა.
12 იქ კვნესიან ისინი და პასუხს არ სცემს ღმერთი უკეთურთა ამპარტავნობის გამო. 12 მუნ ღაღადებდენ და არა ისმინოს მათი და გინებისაგან უკეთურთასა,
13 ჭეშმარიტად სიცრუეს არ მოისმენს ღმერთი და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი. 13 რამეთუ უჯერო არს. ჰნევას ხილვად უფალსა, რამეთუ თავადი ყოვლისა მპყრობელი მსტუარ არს მოქმედთა უსჯულოებისათა და მიჴსნნეს ჩუენ.
14 თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი მის წინაშეა, დაელოდე. 14 ესაჯეღა წინაშე მისსა, უკუეთუ ვითარ შეუძლო ქებად მისა, რავდენ-იგი არს.
15 თუ ახლა არა, ოდესმე მაინც გამოაჩენს თავის რისხვას და არად ჩააგდებს მეტისმეტ სიამპარტავნეს. 15 და აწ არა ვინ არს, რომელმანცა მოხედა რისხვასა მისსა, და არა ცნა იგი ფრიად შეცოდებითა მით. და იობ ამაოდ აღაღო პირი მისი და უცნობელებით სიტყუათა დაამძიმებს.
16 ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.