ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო იობმა და უთხრა:

1

მიუგო იობ და თქუა:

2 რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად დადებულიყო სასწორზე, 2 უკუეთუმცა ვინმე წონით აღწონნა რისხვანი ჩემნი და სალმობანი ჩემნი და აღიხუნა სასწორითა ერთბამად,
3 ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა; ამიტომაც სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები. 3 ქჳშისამცა ზღჳსკიდისა უმძიმეს იპოვა, არამედ, ვითარ საგონებელ არს, სიტყუანი ჩემნი ვიდრემე არიან ბოროტ.
4 რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს. 4 რამეთუ ისარნი უფლისანი ჴორცთა ჩემთა განწონილ არიან, რომელთა გულისწყრომაჲ მათი გამოსწოვს სისხლთა ჩემთა, რაჟამს სიტყუად ვიწყე, დამწერტედ მე.
5 ყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ ბღავის ხარი თავის თივის წინ? 5 აწ უკუე რაჲმე არს? ცუდადმე რას ჴმობსა ვირი ველური, არამედ საზრდელსა ეძიებნ? ანუ თუ აუტევის ჴმაჲ ჴარმან, ბაგასა ზედა წინაშე რაჲ უცნ საჭმელი?
6 თუ ჭამენ უგემურს, უმარილოს? თუ არის რაიმე გემო კვერცხის ცილაში? 6 ანუ იჭამოს პური თჳნიერად მართლისა? ანუ თუ არს გემოჲ სიტყუათა შინა ცუდთა?
7 გული არ მიმდის, ისეთი საძაგელია ჩემი პური. 7 რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების დაცხრომად სულსა ჩემსა. მყრალად ვხედავ საზრდელსა ჩემსა, ვითარცა სულმყრალობასა ლომისასა.
8 ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა და გამიმართლებდეს იმედს ღმერთი! 8 უკუეთუ მომცეს მე უფალმან, და მოვიდეს თხოვაჲ ჩემი, და სასოებაჲ ჩემი მომცეს ღმერთმან.
9 ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს და გამკვეთავდეს! 9 იწყო უფალმან და დამწყლა მე. და სრულიად ნუ მომსპოლავნ მე.
10 იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები. 10 იყავნ ჩემდა ქალაქი ესე საფლავ, რომლისა ზღუდეთა ზედა ვიქცეოდე, არა ვერიდო, რამეთუ არა ვიცრუე სიტყუათა წმიდათა ღმრთისა ჩემისათა.
11 რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო? 11 რაჲმე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რავდენ არს ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან.
12 განა ქვის ძალაა ჩემი ძალა, განა სპილენძია ჩემი ხორცი? 12 ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა.
13 აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო. 13 განმწუართა მე წყალობაჲ მისი. მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე.
14 გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში. 14 არა მომხედეს მე მახლობელთა ჩემთა,
15 ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან. 15 ვითარცა ჴევი ღუარისაჲ, მოვაკლდი და, ვითარცა ელვაჲ, წარვჴედი.
16

ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.

16

რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან,

17 გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან, 17 ვითარცა თოვლი, გინა მყინვარი დაყინებული რაჲ დადნის სიცხისაგან და არა საცნაურ არნ, სადა იგი იყო.
18 იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან, 18 ეგრეცა მე დავშთი, ყოველთა მიერ წარვწყმდი და სახლისაგან განვარდი.
19 თემას გზებს გაჰყურებენ, შებას სავალნი ელოდება მათ; 19 იხილენით გზანი თემანელთანი და ალაგნი ესებონელთანი, რომელნი-იგი ეზღუანნიან.
20 შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან. 20 და სირცხჳლის თანამდებ იყვნენ, რომელნი-იგი ქალაქებსა და საფასებთა მოსავ არიან.
21 რადგან ახლა არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით, 21 ხოლო აწ თქუენცა, ეგერა, მეტად მექმნენით მე უწყალო მის წილ, რამცა იხილეთ წყლულებაჲ ესე ჩემი და შეგეშინა.
22 ხომ გითხარით, მომიტანეთ-მეთქი, თქვენი დოვლათიდან გაიღეთ-მეთქი ჩემი გულისთვის, 22 აწ უკუე რაჲ? ნუ თქუენგან რასმე ვითხოვ,
23 დამიხსენით მტრის ხელიდან და მძლავრთა ხელიდან გამომისყიდეთ, 23 ანუ ძალისა თქუენისა მოქენე რას ვარ? რათამცა განმარინეთ მე ჴელთაგან მტერთასა, ანუ ჴელისაგან ძლიერთასა მიჴსნეთ მე?
24 მასწავლეთ და დავდუმდები, გამაგებინეთ ჩემი ბრალი-მეთქი. 24 მასწავეთ მე და მე დავდუმნე. უკუეთუ რას ცთომილ ვარ, მითხართ მე?
25 როგორ ჭრის მართალი სიტყვა! მაგრამ რა ძალა აქვს თქვენს საყვედურებს? 25 არამედ მსგავს არიან ამათსა ჭეშმარიტისა სიტყუანი, არა თუ თქუენგან ძალსა რასმე ვითხოვ.
26 როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი. 26 არცაღა მხილებამან სიტყუათა თქუენთამან დამაცხროს მე, არცა თქმული ეგე სიტყუათა თქუენთაჲ თავს-ვიდვა.
27 ობოლზეც კი წილსა ყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს. 27 გარნა ესე, რამეთუ, ვითარცა ობოლსა, ზედა დამესხმით მე და ზედამომივალთ მეგობარსა თქუენსა.
28 ახლა კი მომხედეთ მე, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე. 28 აწ, ესერა, მივხედო პირსა თქუენსა და არა ვტყუო. დასხედით და ნუ იყოფინ სიცრუე.
29 მობრუნდით, არ იქნება ტყუილი! ჰო, მობრუნდით, ჩემი სიმართლეა აქ! 29 და მერმე კუალად სამართალს ვიდრე შეერთენით,
30 აბა თუ არის ჩემს ენაზე ტყუილი? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა ბოროტებას? 30 რამეთუ არა არს ენასა ჩემსა სიცრუე, ანუ არა სასა ჩემი გულისჴმის-ყოფასა იწურთის?