ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.

1

აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა მდევრისა ჟამი მისი?

2 როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს, 2 ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არს უფლისა თჳსისა და ძრწინ აჩრდილისა მისისაგან და ვითარცა მოსასყიდლე, რომელი მოელინ სასყიდელსა თჳსსა,
3 ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა. 3 ეგრეცა მე დავითმინენ თთუენი ცუდნი და ღამენი სალმობათანი მოცემულ არიან ჩემდა.
4 თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე; 4 ოდეს დავწვი, ვთქჳ: ოდესმე იყოს დღე? და აღ-რა-ვდგი, კუალად: ოდესმე მწუხრი? რამეთუ აღვივსი სალმობითა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე.
5 მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება; 5 შესუარულ არიან ჴორცნი ჩემნი საძაგელებითა მატლთათა, დავადნობ მძორთა ქუეყანისათა წუთხისა ხუეტითა.
6 ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან; 6 ხოლო ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირე სიტყჳსა, წარწყმდა ცუდითა სასოებითა.
7 გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად; 7 მო-უკუე-იჴსენე, რამეთუ სული არს ცხორებაჲ ესე ჩემი და არღარა მოქცევად არს თუალი ჩემი ხილვად კეთილისა.
8 ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ! 8 ვერ განმიცდის მე თუალი ჩემი ხილვად ჩემდა, თუალნი შენნი ჩემზედა, და არღარა ვარ,
9 განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის, 9 ვითარცა ღრუბელი რა გარდაწმდის ცით. უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთად, არღარა აღმოჴდეს.
10 აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი. 10 არცა მოიქცეს სახლსა თჳსსა მერმე, არცაღა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.
11 მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული. 11 აწ უკუე არცაღა მე ვერიდო პირითა ჩემითა, არამედ ვიტყოდე, რამეთუ ურვასა შინა ვარ, აღვაღო სიმწარითა სულისა ჩემისათა პირი ჩემი.
12

განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?

12

აწ უკუე ზღუაჲ მე ვარ ანუ ვეშაპი, რამეთუ დააწესე ჩემ ზედა საცოჲ?

13 როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი სარეცელი-მეთქი, 13 ვთქუ, ვითარმედ: ნუგეშინის-მცეს მე ცხედარმან ჩემმან. და აღვიხუნე თავით ჩემით თჳსაგან სიტყუანი სასუენებელსა ჩემსა ზედა.
14 მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ, 14 მაშინებ მე ძილსა შინა და საჩუენებელითა მწყლავ მე.
15 დახრჩობას ირჩევს ჩემი სული და სიკვდილს - ჩემი ძვლები! 15 განმაშორებ სულისაგან ჩემისა საშუმინველსა ჩემსა და სიკუდილითა ძუალთა ჩემთა.
16 მომძულდა! არ ვიცოცხლებ სამარადისოდ. დამეხსენი, რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე. 16 არა უკუე ცხოველ-ყოფად ვარ, რათამცა დავითმინე განმეშოვრე ჩემგან, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ ჩემი.
17 რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? 17 რა არს კაცისა, რამეთუ განადიდე იგი, ანუ რამეთუ ერჩი გონებასა მისსა?
18 რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს? 18 ანუ მოხედვაჲ მისი ჰყოა განთიადმდე და განსუენებად მოიყვანო იგი?
19 როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო? 19 ვიდრემდე არა მიტევებ მე, არცა მაცადებ მე, ვიდრემდე შთავნთქნე ნერწყუანი ჩემნი სალმობით?
20 თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის? 20 უკუეთუ მე ვცოდე, რაჲმე ძალ-მიც შენდა ყოფად, რომელმან-ეგე იცნი გონებანი კაცთანი. რაჲსათჳს მყავ მე მოქენე შენდა? და ვარ შენდა ტჳრთად!
21 რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი. 21 ანუ რად არა ჰყვენ უსჯულოებათა ჩემთა დავიწყებანი და განწმედაჲ ცოდვათა ჩემთაჲ? აწ, ესერა, მიწად მივიქცევი განთიადმდე და არღარა ვიყო.