ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა:

1

მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2 როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები. 2 ვიდრემე იტყოდი მაგას სულითა მრავლისმეტყუელითა პირითა შენითა?
3 შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს? 3 ნუუკუე უფალმან ნაწილი საჯოს. ანუ, რომელმან ყოველივე შექმნა, ცვალოს სამართალი?
4 შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე დანაშაულს. 4 უკუეთუ ძეთა შენთა ცოდეს წინაშე მისსა, მოუვლინა ჴელითა უსჯულოებისა მათისათჳს.
5 თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები ყოვლადძლიერს, 5 ხოლო შენ აღიმსთუე უფლისა მიმართ, ყოვლისა მპყრობელისა, ვედრებით.
6 თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს. 6 უკუეთუ წმიდა იყო და ჭეშმარიტ, ვედრებისა შენისა ისმინოს და მოგაგოს ნაყოფი სიმართლისა.
7 და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად გაიზრდება. 7 და იყოს პირველი იგი შენი მცირედ, ხოლო უკუნასკნელი შენი ურიცხჳ.
8 ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის სიბრძნე. 8 ჰკითხეღა ნათესავსა მას პირველსა და გამოიძიე ნათესავითა ნათესავად მამათა,
9 (რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე). 9 რამეთუ საწუთონი ვართ და არა ვიცით, რამეთუ აჩრდილ არს ცხორებაჲ ჩუენი ქუეყანასა ზედა.
10 განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს? 10 ანუ არა ამათ გასწაონ და გითხრან შენ და გულისაგან გამოიხუნენ სიტყუანი?
11 თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ? 11 ნუუკუე აღმოსცენდის ჭილი თჳნიერად წყლისა, ანუ აღმაღლდის ბანჯარი ურწყუელად? ძირთა ზედაღა იყოს
12

ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.

12

და ვერ მოითიბოს პირველ, ვიდრე არა მოირწყოს ყოველივე მწუანვილი, გაჴმეს იგი.

13 ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება, 13 ესრე იყოს აწ აღსასრული ჟამთაჲ, რომელთა დაჰვიწყებიეს უფალი, რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.
14 მისი სასო წარიკვეთება და მისი იმედი ობობას სახლია; 14 და უმკჳდრო იყვნენ სახლნი მათნი, დედაზარდლის ქსელ იყვნენ სახლნი მათნი.
15 დაენდობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება და ვერ დაიჭერს; 15 და-ღათუ-მტკიცნენ სახლნი მათნი. ვერვე დგენ, შე-ღათუ-იკრძალონ იგი, ვერვე დაუთმოს,
16 ამწვანებულია მზის გულზე და მთელს ბაღზე გადმოშლილი აქვს ტოტები; 16 რამეთუ ნედლ არს იგი მზისაგან და სიხენეშისაგან მისისა მორჩი მისი გამოჴდეს.
17 ქვების გროვაში იხლართება მისი ფესვები, ლოდებს შორის დაუდევს ბინა; 17 შესაკრებელსა ქვათასა დაწვეს და შორის ღჳნჭათა ცხონდეს.
18 თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას, არასოდეს მინახიხარო. 18 უკუეთუ შთანთქას, ადგილი იგი უარის-ყოფად დგეს მისა, არა გიხილავსა ესევითარი?
19 აჰა, წარხდა სიხარული მის გზაზე! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება. 19 რამეთუ დაქცევაჲ უღმრთოთა ესე არს, ხოლო ქუეყანით სხუაჲ აღმოაცენის,
20 იცოდე, ღმერთი არ შეიძულებს უმწიკვლოს და ხელს არ აღუპყრობს ბოროტისმოქმედთ! 20 რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ხოლო ყოველი ძღუენი უღმრთოთაჲ არა შეიწიროს.
21 კიდევ აგივსებს პირს ღიმილით და ბაგეებს მხიარული ყიჟინით. 21 და პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსარებითა.
22 შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება. 22 ხოლო მტერთა მათთა შეიმოსონ სირცხვილი და ნაწილი უღმრთოთა არა იყოს.