ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: 1 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
2 თუ ვინმეს ტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მის შვილს, მღვდელთაგანს უნდა მიუყვანონ. 2 კაცისა უკეთუ იყოს ვისსამე სხეულსა ფერისა მისისასა ბრძჳრი, ნიში, ანუ თუ თეთრი, და იყოს ჴორცსა ფერისა მისისასა სახე კეთროვანებისაჲ და მოიყვანოს იგი აჰრონის მღდელისა, გინა ერთისა ძისა მისისა მღდელისა.
3 გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში - ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს. 3 და იხილოს მღდელმან მან ნიში იგი ტყავსა ფერისა მისისასა და თმაჲ სახესა მას გარდაიქცეოდის სპეტაკად და პირი იგი ნიშისაჲ მის იყოს მწუხარე ტყავისა მისგან, შედებაჲ კეთროვანებისაჲ. არს და იხილოს მღდელმან მან და შეგინებულად შეჰრაცხოს იგი.
4 თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არა აქვს გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული. 4 უკუეთუ ბრწყინვალებაჲ იგი იყოს სპეტაკ ტყავსა მას ფერისა მისისასა და მწუხარე არა იყოს ფერი იგი პირისა მისისა, ტყავი მისგან და თმაჲ მისი არა ფერქცეულ იყოს და თმაჲ სპეტაკ, არამედ მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან, რომელსა-იგი შეედების კეთროვანებაჲ, შჳდ დღე.
5 გასინჯავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული თვალში საცემია, მაგრამ არ გავრცელებულა კანზე, კიდევ შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს იგი მღვდელმა. 5 და იხილოს მდღელმან მან ნიში იგი, ჰგიესღა მის თანა და არა მოიქცა ნიში იგი ფერსავე თჳსსა, და კუალად განავლინოს იგი მღდელმან მან მეორედ შჳდ დღე.
6 მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ გასინჯავს მას და თუ წყლული გამკრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, განწმედილად სცნობს მას მღვდელი. ეს სირსველია; ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება. 6 და იხილოს იგი მღდელმან მან დღესა მეშჳდესა მეორედ და აჰა, ესერა, მოშავე არს ნიში იგი, არა იცვალა სხეულისაგან თჳსისა. განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ სასწაულად არს და განირცხეს სამოსელი თჳსი და არაწმიდა იყოს.
7 თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს გასაწმიდავებლად ეჩვენა, სირსველმა კანზე გავრცელება იწყო, მეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს. 7 უკუეთუ გარდაქცევით გარდაიქცა სასწაული იგი სხეულისაგან მისისა შემდგომად ხილვისა მის მღდელისა ღა განწმედისა მისისა და ეჩუენოს მეორედ მღდელსა მას და იხილოს მღდელმან მან და აჰა, ესერა, სასწაულად არს და იცვალა ტყავისაგან მისისა.
8 გასინჯავს მას მღვდელი და თუ სირსველი გავრცელებულია კანზე, მღვდელმა უწმიდურად უნდა სცნოს იგი. ეს კეთრია. 8 და კუალაღ შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ კეთროვანებაჲ არს.
9 თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი. 9 უკუეთუ შედებაჲ კეთროვანებისაჲ იყოს ვისთანამე კაცისა, მოვიდეს მღდელისა მის.
10 გასინჯავს მღვდელი და თუ კანზე სიმსივნე თეთრია, თმაც ამის გამოა გათეთრებული და დაწყლულებული ხორცი ცოცხალია, 10 და იხილოს მღდელმან და აჰა, ესერა, ბრძჳრი სპეტაკი არს ჴორცთა მისთა და იგი გარდაიქცა თმად თეთრად ცოცხლისა მისგან ჴორცისა, ცხოველისა ბრძჳრსა მას,
11 მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად სცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი. 11 კეთროვანებაჲ დაძუელებული არს ჴორცსა ფერისა მისისასა. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან და განჴადოს იგი გარე, რამეთუ არაწმიდა არს.
12 თუ კეთრი გაეფურჩქნება კანზე და კეთრი დაუფარვს მთელ დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე, სადამდისაც მღვდლის თვალი გასწვდება. 12 უკუეთუ ყუავილით ყუაოდის სისპეტაკე იგი სხეულთა მისთა და დაფაროს სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ხილვისა მისისაჲ თავითგან ვიდრე ფერჴადმდე
13 დაინახავს მღვდელი რომ კეთრმა დაუფარა მთელი სხეული, და წყლულს გაწმედილად სცნობს. თუ მთლიანად გათეთრებულია, გაწმედილია იგი. 13 ყოვლადვე ხილვად მღდელისა მის, და აჰა, ესერა, დაფარა სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ფერისა მისისაჲ, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი, რამეთუ ყოვლადვე გარდაიქცა სპეტაკად, წმიდა არს იგი.
14 როცა მასზე ცოცხალი ხორცი აღმოჩნდება, უწმიდურია იგი. 14 და რომელსა დღესა გამოაჩნდეს მას ფერი ცოცხალი, შეიგინა იგი.
15 დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად სცნობს მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, ეს კეთრია. 15 და იხილოს მღდელმან მან ფერი იგი ცოცხალი, და შეაგინოს ფერმან მან ცოცხალმან და არაწმიდა არს იგი.
16 თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს. 16 უკუეთუ კუალად ეგოს, ფერი იგი ცოცხალი და გარდაიქცეს სპეტაკად,
17 გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყლულს განწმედილად სცნობს. განწმედილი იქნება იგი. 17 მოვიდეს იგი მღდელისა მის. და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა შეხებაჲ იგი სპეტაკად, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი და წმიდა იყოს.
18 თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება, 18 და უკუეთუ იყოს ჴორცსა ტყავისა მისისასა წყლულებაჲ იგი რაჲმე და განცოცხლდეს
19 გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო-მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს. 19 და იყოს ადგილსა მას წყლულებისასა ბრძჳლი სპეტაკი გინა ბრწყინვალე მოთეთრედ, გინა მოწითლედ, ეჩუენოს იგი მღდელსა მას.
20 გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული. 20 და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი მისი უმდაბლე ტყავისა მის და თმაჲ მისი გარდაიქცა თეთრად, და შეგინებულ-ყოს მღდელმან, რამეთუ კეთროვნებაჲ არს, რამეთუ წყლულსა მას გამოაჩნდა.
21 თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არა აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი შვიდ დღეს. 21 უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მას ზედა თმაჲ სპეტაკი და უმწუხარეს არა იყოს ფერისაგან მისისა, და იგი იყოს მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე.
22 თუ კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს წყლულია. 22 უკუეთუ განეფინოს ტყავსა მას შინა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შედებაჲ არს კეთროვანებისაჲ და წყლულსა მას გამოაჩნდა.
23 თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი. 23 უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს, ბრძჳლი წყლულებისაჲ არს იგი, განწმიდოს იგი მღდელმან მან.
24 თუ სხეულზე, მის კანზე დამწვრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო-მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება, 24 უკუეთუ იყოს ჴორცი გუამსა მისსა დამწუარი ცეცხლითა და იყოს ტყავსა მას მისსა განგებულსა ნაწუევისასა მონათლედ ბრწყინვალე, სპეტაკად მოწითლედ, გინა მოთეთრედ.
25 გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათერებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი. ეს კეთრია დამწვარზეა გაფურჩქნული. მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს კეთრის წყლულია. 25 იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა თმაჲ იგი სპეტაკად ბრწყინვალედ და პირი მისი უმდაბლეს ტყავისაგან, კეთროვანება არს, დამწუარსა მას გამოაჩნდა და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს.
26 თუ მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არა აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალიამ მღვდელმა იგი შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს. 26 და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მოთეთრესა მას თმაჲ სპეტაკი და მდაბალ არა იყოს ტყავისაგან და იყოს მოშავე.
27 მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია. 27 განჴადოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე და იხილოს მღდელმან დღესა მეშჳდესა, უკუეთუ განფენით განფენილ იყოს ტყავსა მას ზედა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს, წყლულსა მას გამოაჩნდა.
28 თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამწვრის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა. 28 უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს ტყავსა მას ზედა, და იგი იყოს მოშავე, ბრძჳლი დამწუარისაჲ არს. და განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ ხატი ნამწუარევისაჲ არს.
29 თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება, 29 და უკუეთუ მამაკაცსა, გინა დედაკაცსა იყოს მათ თანა შედებაჲ კეთროვანებისაჲ, თავსა გინა წუერსა, და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი მისი
30 გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელბული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია. ეს თავის ან ლოყის კეთრია. 30 და, აჰა, ესერა, პირი მისი უდაკლებულე არს ტყავისა და მას ზედა არს თმაჲ მოწითურე, გინა მოწითლე მწულილი. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან: დასჳრინგებულ არს კეთროვანებაჲ თავისაჲ გინა კეთროვანებაჲ წუერისაჲ.
31 თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყლულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი. 31 და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი დასჳრინგებისაჲ იგი, და არა იყოს პირი მისი უდაკლებულე ტყავისა და თმაჲ მოწითლე არა იყოს მას შინა, განავლინოს გარე მღდელმან მან შედებული იგი დასჳრინგებისაჲ მის შჳდ დღე.
32 მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს, 32 და იხილოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი დღესა მეშჳდესა, და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ მოწითლე არა არს მას შინა და პირი სჳრინგებისაჲ მის არა დაკლებულ არს ტყავისაგან,
33 იგი უნდა გაიპარსოს, ოღონდ მუნიანი ადგილი არ უნდა მოპარსონ, მღვდელმა კიდევ შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი. 33 და დაიყჳნოს ყოველივე გუამი მისი, ხოლო სჳრინგებული იგი არა დაიყჳნოს და განავლინოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი შჳდ დღე მეორედ. და იხილოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი დღესა მას მეშჳდესა
34 მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯაავს მუნს; თუ მუნი არ გავრცელებულა, და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება. 34 და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა შემდგომად დაყუენვისა მისისა და პირი დასჳრინგებისაჲ მის არა უდარე არს ტყავისაგან, და განწმიდოს იგი მღდელმან მან, განირცხეს სამოსელი მისი წყლითა და წმიდა იყოს.
35 თუ მუნი გავრცელდება კანზე მისი გაწმიდავების შემდეგ, 35 უკუეთუ განფენით განეფინოს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას ზედა შემდგომად განწმედისა მისისა
36 მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, მუნი გავრცელებულია კანზე, მღვდელი ნუ დაუწყებს ძებნას გაყვითლებულ თმას: უწმიდურია იგი. 36 და იხილოს მღდელმან მან და, ესერა, განფენილ არს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა, არა მიხედოს მღდელმან მან თმისა მისთჳს მწითურისა, რამეთუ არაწმიდა არს.
37 თუ მუნი თვალით შესამჩნევია და შავი თმაა მასზე ამოსული, მუნი მორჩენილა, იგი გაწმიდავებულია და მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს. 37 და უკუეთუ წინაშე ეგოს ადგილობანს დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ შავი აღმოსცენდეს მას ზედა, განიკურნა დასჳრინგებაჲ იგი და წმადა არს და განწმიდოს იგი მღდელმან მან.
38 როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება, 38 უკუეთუ მამაკაცსა გინა დედაკაცსა იყოს ტყავსა ჴორცისა მისისასა ბრწყინვალებაჲ მობრწყინვალედ მოთეთრედ
39 მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი. 39 და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, ტყავსა მას ჴორცისა მისისასა მბრწყინვალე მობრწყინვალედ მოთეთრედ არს, მძოვარი არს ყუავილად ტყავისა ჴორცისა მისისა, წმიდა არს იგი.
40 როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი. 40 უკუეთუ ვისმე თმაჲ დასრულ იყოს თავსა მისსა, სიმტიერე არს, წმიდა არს იგი.
41 თუ წინა მხრიდან გაუშიშვლდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა. 41 უკუეთუ იყოს სიმტიერესა მას მისსა გინა სიშულუვესა მას მისსა შედებაჲ სითეთრისაჲ გინა მოწითლედ,
42 თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო-მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული. 42 კეთროვანებაჲ არს სიმტიერესა მას მისსა, ანუ თუ სიშლუესა მისსა გამოაჩნდა.
43 გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლულის სიმსივნე მოთეთრო-მოწითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორიც სხეულის კანის კეთრია ხოლმე, 43 და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი შედებისაჲ მის თეთრ არს გინა მოწითლე სიმტიერესა მას მისსა გინათუ სიშლუესა მას მისსა,
44 ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული. 44 ხატი კეთროვანებისაჲ არს ტყავსა ჴორცისა მისისასა.
45 დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური: 45 კაცი არს იგი კეთროვანი. შეგინებით შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, თავსა მისსა ზედა არს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ და კეთროვანსა მას, რომელსა იყოს შედებაჲ იგი, კუართი მისი იყავნ წარჴსნილ და თავი მისი დაუბურველ და პირი მისი დაიხურენ, არაწმიდა ეწოდოს მას.
46 რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ. 46 ყოველთა დღეთა, რაოდენ ჟამ იყოს იგი მის თანა, შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს, განშორებულად ჯდეს იგი, გარეშე ბანაკსა იყოს მყოფებაჲ მისი.
47 თუ ტანისამოსზე იქნა კეთრის წყლული, მატყლის ტანისამოსზე, ან სელის ტანისამოსზე, 47 უკუეთუ სამოსელსა მისსა იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა,
48 ან მატყლის ან სელის ქსელზე, ან ტყავზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, 48 ანუ თუ სამოსელსა სელისასა, ანუ თუ საგუასლსა, გინათუ ფესუსა, გინათუ მატყლისასა, გინათუ სელისასა,
49 მომწვანო ან მოწითალო ფერის წყლული ტანისამოსზე ან ტყავზე ან ქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს. 49 გინათუ ტყავისასა, გინათუ ყოველსავე საქმარსა ტყავისასა, იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ მომწუანედ გინა მოწითლედ ტყავსა მას ზედა, გინა სამოსელსა, გინა საგუასლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსა საქმარსა ტყავისასა, და იყოს შეხებაჲ იგი მიმწუანე, ანუ მოწითლე, შედებაჲ კეთროვნებისაჲ არს და უჩუენოს მდღელსა მას.
50 გასინჯავს მღვდელი წყლულს და შვიდი დღით ჩაკეტავს მას. 50 და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი და განაშოროს.
51 მეშვიდე დღეს გასინჯავს წყლულს; თუ წყლული გადავიდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავზე, რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია. უწმიდური წყლულია. 51 და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ დღესა მეშჳდესა, უკეთუ განფენილ იყოს შედებაჲ იგი სამოსელსა მას, გინა სავაღლსა, გინა ფესუსა, ანუ თუ ტყავსა ყოვლისაებრვე, რაოდენ იქმნეს ტყავის საქმარსა შინა, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს. შედებაჲ იგი არაწმიდა არს.
52 უნდა დაწვას ტანისამოსი ან მატყლის ან სელის ქსელი. ან ტყავის ნივთი, რომელზეც წყლული იყო; რადგან გამიზეზებული კეთრია იგი; ცეცხლში უნდა დაიწვას. 52 დაწუას სამოსელი იგი, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა მატყლისასა, ანუ თუ სელისასა, გინათუ ყოველსავე ქმნილსა ტყავისასა, რომელსაცა შინა იყოს იგი, რამეთუ კეთროვანებაჲ დადგრომილ არს, ცეცხლითა დაიწუნ.
53 თუ მღვდელი გასინჯავს და, აჰა, წყლული არ გადასულა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავის საგანზე, 53 უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა განეფინა შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსავე ჭურჭერსა ტყავისასა,
54 მღვდელმა უნდა მოაბანინოს ის ადგილი, რაზეც წყლული იყო, და კიდევ შვიდი დღით ჩაკეტოს იგი. 54 და უბრძანოს მღდელმან მან და განრცხეს, რომელსა ზედა იყოს შედებაჲ იგი. და განაშოვროს იგი მღდელმან შჳდ დღე მეორედ.
55 გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლშა დაწვი; ამოჭმულია მისი წაღმა პირი ან უკუღმა პირი. 55 და იხილოს მღდელმან მან შემდგომად განრცხისა მის შედებაჲ იგი და შედებამან მან არა იცვალა ფერი პირისა მისისაჲ და შედებაჲ იგი არა განეფინა, არაწმიდა არს, ცეცხლითა დაიწუნ. მტკეცელი არს სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ტყავსა.
56 თუ დაინახავს მღვდელი, რომ წყლული მობანვის შემდეგ გაფერმკრთალდა, ტანისამოსს ან ტყავს ან ქსელს ან მისაქსელს უნდა მოაცილოს იგი. 56 და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და იყოს შედებაჲ იგი მოშავე შემდგომად განრცხისა მისისა, გამოჰხიოს იგი სამოსლისა მისგან,
57 თუ კვლავ გამოჩნდა ტანისამოსზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რაიმე საგანზე, გაფურჩქნული წყლულია; ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი, რაზედაც გადავიდა წყლული. 57 ანუ თუ ტყავსა, ანუ თუ სავაღლსა, გინათუ ფესუსა. უკუეთუ გამო-ღა-აჩნდეს სამოსელსა ანუ თუ სავაღლსა ანუ თუ ფესუსა
58 ტანისამოსი ან ქსოვილი ან ტყავის რაიმე საგანი, რომელსაც გარეცხავ და წყლული მოეცლება, ხელახლა უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება. 58 ანუ ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, კეთროვანებაჲ აღმოცენებულ არს, ცეცხლითა დაიწუეს, რომელსა თანა არს შეხებაჲ იგი. და სამოსელი, ანუ ფესჳანი ჭურჭერი ტყავისაჲ, რომელი განირცხეს, და გარდაადგინოს იგი მღდელმან მან და განირცხეს მეორედ და წმიდა იყოს.
59 ეს არის რჯული კეთრის წყლულისა მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად. 59 ესე არს შჯული შეხებისა კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა, გინათუ სელისასა, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, გინა ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, გინა თუ განწმედად მისა, გინა შეგინებად მისა.