ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი შვილის სიკვდილის შემდეგ, უფლის წინაშე რომ წარდგნენ და დაიხოცნენ. 1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს შემდგომად სიკუდილისა ორთა მათ ძეთა აჰრონისთა, რაჟამს მოიღეს ცეცხლი იგი უცხოჲ წინაშე ღმრთისა და მოწყდეს.
2 უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე. 2 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ აჰრონს, ძმასა შენსა, რათა არა შევიდოდის იგი ყოველსა ჟამსა სიწმიდესა მას შინა შინაგან კრეთსაბმელისა მის წინაშე პირსა სალხინებელისასა, რომელ არს პირისპირ კიდობანსა მას საწამებელისასა, რათა არა მოკუდეს, რამეთუ ღრუბლითა გამოვჩნდე მე სალხინებელსა მას ზედა.
3 აი, რით უნდა შევიდეს აარონი საწმიდარში: ხბოთი - ცოდვის გამოსასყიდად და ვერძით - აღსავლენად. 3 და მაშინღა ესრე შევიდეს აჰრონ სიწმიდესა მას ჴბოჲთა ერთითა ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძითა მრგულიად მწუარითა.
4 სელის წმიდა კვართი უნდა ემოსოს და სელის საწმერთული უნდა ეცვას ტანზე, სელის სარტყელი ერტყას და სელის თავსაბურავი ებუროს - ესენი წმიდა შესამოსლებია. წყალში გაიბანოს ტანი და შეიმოსოს. 4 და სამოსელი სელისაჲ განწმედილი შეიმოსოს, და ნიფხავი სელისაჲ იყოს სხეულსა მისსა: და სარტყელი სელისაჲ შეირტყას და ვარშამაგი სელისაჲ დაიბუროს, რამეთუ სამოსელი წმიდა არს, და დაიბანოს წყლითა ყოველი გუამი მისი და მაშინღა შეიმოსოს იგი.
5 ისრაელიანთა საზოგადოებიდან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდად და ერთი ვერძი აღსავლენად. 5 და კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა მოიბნეს ორნი ვაცნი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი ერთი მრგულიად დასაწველად. მოიბას აჰრონ ჴბოჲ ერთი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს.
6 შესწიროს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და განიწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი. 6 და მოიბნეს ორნი ვაცნი და წარადგინნეს წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
7 აიღოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. 7 დაასხნეს აჰრონ ორთა მათ ვაცთა ზედა წილი: წილი ერთი - ღმერთსა და წილი - ერთი გამომყვანებელსა ველად.
8 წილი ჰყაროს აარონმა ამ ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის. 8 და მოიბას აჰრონ ვაცი იგი, ერთი, რომელსა ზედა გამოჴდა წილი იგი ღმრთისა.
9 მიუყვანოს აარონმა უფლის წილხდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდად. 9 შეწიროს იგი ცოდვისათჳს, და ვაცი იგი ერთი,
10 ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში. 10 რომელსა ზედა გამოჴდა წილი განმყვანებელისა, დაადგინოს ცოცხალი წინაშე ღმრთისა, რათა ლხინება-ყოს მას ზედა, ვითარმედ განვლინებად იგი განყვანებასა მას და განუტეოს იგი უდაბნოდ.
11 მიიყვანოს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და გაწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი და დაკლას თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო. 11 და მოიბას აჰრონ ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა მისისათჳს და დაკლას ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა.
12 აიღოს მოგიზგიზე ნაკვერცხლებით სავსე სასაკმევლე სამსხვერპლოდან, უფლის წინაშე რომ დგას, და სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს კრეტსაბმელის იქით. 12 და მოიღოს სავსე საცეცხლური ნაკუერცხალი ცეცხლისაგან საკურთხეველისა, რომელ არს წინაშე ღმრთისა.
13

დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფარავს საკმევლის კვამლი თავსარქველს, მოწმობას რომ ახურავს, რათა არ მოკვდეს.

13 და აღივსნეს ჴელნი საკუმეველითა შეზავებულითა მწულილითა და შეიღოს შინაგანსა მას კრეთსაბმელსა მას და დაასხას საკუმეველი იგი ცეცხლსა მას ზედა წინაშე ღმრთისა და დაფაროს კუამლმან მან სალხინებელი იგი, რომელ არს საწამებელთა ზედა და არა მოკუდეს.
14 აიღოს ხბოს სისხლი და თითით ასხუროს თავსარქველს წინა მხრიდან, თავსარქველის წინ კი შვიდგზის ასხუროს სისხლი თითით. 14 და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა თითითა მისითა და აპკუროს სალხინებელსა მას მზისაღმოსავალით კერძო, წინაშე სალხინებელსა მას აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა.
15 დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის იქით, და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ. 15 და დაკლას ვაცი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა ერისა მისთჳს და შეიღოს სისხლისა მისგანი შინაგან კრეტსაბმელსა მას და ყოს სისხლი იგი მისი, ვითარცა ყო სისხლი იგი ჴბოჲსა მის და აპკუროს სისხლი მისი სალხინებელსა მას წინაშე პირსა სალხინებელისასა.
16 განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის. 16 და ლხინება-ყოს წმიდათათჳს არაწმიდებათათჳს ძეთა ისრაჱლისათა და სიცრუეთაგან მათთა და ყოველთათჳს ცოდვათა მათთა და ესრეთ უყოს კარავსა მას საწამებელისასა შჱნებულსა მას შორის შინაგან კარავსა მას საწამებელისასა არაწმიდებისაგან მათისა.
17 არცერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმედს საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს. 17 და კაცი ნუ ვინ არნ კარავსა მას საწამებელისასა, შე-რაჲ-ვიდოდის იგი ყოფად ლხინებისა სიწმიდესა მას შინა ვიდრე გამოსლვადმდე და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.
18 გავა სამსხვერპლოსთან, უფლის წინაშე რომ არის, და გაწმედს მას. აიღებს ხბოს სისხლს და ვაცის სისხლს და სამსხვერპლოს რქებზე დადებს ირგვლივ. 18 და გამოვიდეს საკურთხეველად, რომელ-იგი არს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა და სისხლისა მისგან ვაცისა და სცხოს გარემო რქათა მათ საკურთხეველისათა.
19 ასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის, გაასუფთავებ!ა და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან. 19 და აპკუროს მას სისხლისა მისგან გარემო თითითა შჳდგზის და განწმიდოს იგი და წმიდა იყოს იგი არაწმიდებათაგან ძეთა ისრაჱლისათა.
20 მორჩება საწმიდარს, სადღესასწაულო კარვის და სამსხვერპლოს განწმედას და მიიყვანს ცოცხალ ვაცს. 20 და აღასრულოს ლხინებისა ყოფაჲ იგი წმიდისაჲ, და კარვისა საწამებელისაჲ, და საკურთხეველისაჲ და მღდელთათჳს, განწმიდოს და მოიბას ვაცი იგი ცოცხალი.
21 თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით. 21 და დაასხნეს აჰრონ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა ვაცისა მის ცოცხალისასა და მიუთხრნეს მას ზედა ყოველნივე უშჯულოებანი ძეთა ისრაჱლისათანი, და ყოველნი სიცრუენი და ყოველნი ცოდვანი მათნი, და დაჰკრიბნეს ცოდვანი მათნი თავსა მას ზედა ვაცისა ცოცხალისასა.
22 წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისაკენ; გაუშვებს თხას უდაბნოში. 22 და განავლინოს იგი ჴელითა კაცისა განმზადებულისაჲთა უდაბნოდ და მოიხუნეს ვაცმან მან მის ზედა სიცრუვენი მათნი ქუეყანად უვალად, განგზავნოს ვაცი იგი უდაბნოდ.
23 შევა აარონი სადღესასწაულო კარავში, გაიხდის სელის შესამოსელებს, რომლებიც შეიმოსა საწმიდარში შესვლის წინ, და იქ დატოვებს მათ, 23 და შევიდეს აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა და განირცხოს სამოსელი იგი სელისაჲ, რომელ-იგი ემოსა შესლვასა მას მისსა სიწმიდესა მას, და დაასხას იგი მუნ.
24 დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოსს, გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმედს თავის თავს და ერს. 24 და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ადგილსა წმიდასა, და შეიმოსოს სამოსელი თჳსი, და გამოვიდეს და შეწიროს მრგულიად დასაწველი იგი მისი და ყოვლად სანაყოფე იგი ერისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს, და ერისათჳს, ვითარცა-იგი მღდელთათჳს.
25 ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე. 25 და ცმელი იგი ცოდვათაჲ შეწიროს საკურთხეველსა ზედა.
26 განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა. 26 და რომელმან განავლინა ვაცი იგი განჩინებული განტევებად, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა, და ამისა შემდგომად გამოვიდეს იგი ბანაკად.
27 ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი. 27 და ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ და ვაცი იგი ცოდვისაჲ, რომელთაჲ სისხლი შეიღო ლხინებისა ყოფად სიწმიდესა მას შინა, განიხუნენ იგინი გარეშე ბანაკსა მას და დაწუნენ იგინი ცეცხლითა და ტყავი მათი, და ჴორცი მათი და ფუშნიერი მათი.
28 ვინც მათ დაწვავს, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ტანი წყლით უნდა დაიბანოს და მერე შეეძლება კარავში შესვლა. 28 და რომელმან დაწუნეს იგინი, განირცხენ სამოსელი მისი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და ამისა შემდგომად შევიდეს ბანაკად.
29 იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს. 29 და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ: თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი, ყოველივე საქმე თქუენი არა ჰქმნეთ მას შინა მკჳდრმან და მწირმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის.
30 რადგან ამ დღეს შეგენდოთ თქვენ, რომ გაეწმიდავებინეთ ყველა თქვენი ცოდვისგან. უფლის წინაშე უნდა იყოთ განწმედილები. 30 რამეთუ ამას დღესა ლხინებაჲ თქუენთჳს იყოს განწმედად თქუენდა ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა წინაშე ღმრთისა და განიწმიდნეთ.
31 განსვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი. 31 შაბათ განსუენების იყუნედ ესე თქუენდა და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი შჯულად საუკუნედ.
32 განწმედა უნდა შეასრულოს მღვდელმა, რომელსაც სცხეს ზეთი და რომელსაც აუვსეს ხელი სამღვდლოდ მამამისის ნაცვლად. შეიმოსავს სელის შესამოსლებს, საწესო შესამოსლებს. 32 და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელსა-იგი სცხო მას და რომლისანი-იგი სრულ იყუნეს ჴელნი მათნი მღდელობად შემდგომად მამათა მისთა და შეიმოსოს სამოსელი იგი სელისაჲ სამოსელი წმიდაჲ.
33 გაწმედს წმიდათა წმიდას, სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. შეუნდობს მღვდლებს და მთელი კრებულის ხალხსაც შეუნდობს. 33 და ლხინება-ყოს წმიდისა მისთჳს წმიდათაჲსა და კარვისა მისთჳს საწამებელისა და საკურთხეველისა მისთჳს ლხინება-ყოს, და მღდელთათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ლხინება-ყოს.
34 იყოს ეს თქვენთვის სამარადისო წესად - რომ შეენდოთ ისრაელიანებს თავიანთი ცოდვები წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 34 და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ და ლხინება-ჰყვით ძეთათჳს ისრაჱლისათა ყოველთაგან ცოდვათა მათთა. ერთგზის წელიწადსა იყოს ესე, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.