ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
2 ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი. 2 ეტყოდე შენ კრებულსა მას ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.
3 თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 3 კაცად-კაცადსა მამისა თჳსისა და დედისა თჳსისა ეშინოდენ და შაბათნი ჩემნი დაიმარხენით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
4 პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 4 არა შეუდგეთ თქუენ კერპთა და ღმერთნი გამოდნობილნი არა ჰქმნნეთ თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
5 როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვლას დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ. 5 და უკუეთუ შეწიროთ შესაწირავი ცხორებისაჲ უფლისა ღმრთისა, სათნოჲ შეწირეთ თქუენ.
6 საკლავის დაკვლის დღესაც ჭამეთ და მეორე დღესაც; მესამე დღეს მორჩენილი ცეცხლში უნდა დაიწვას. 6 და რომელსა დღესა შესწიროთ, იჭამენ ხვალისაგანცა და რომელი დაშთეს მესამედ დღემდე, ცეცხლითა დაიწუნ, უკუეთუ ჭამით იჭამოს დღესა მესამესა, უკლველი არს, არა შეიწიროს.
7 თუ მესამე დღეს შეიჭამა საკლავი, ეს სისაძაგლე იქნება, წყალობა არ გამოვა. 7 ხოლო რომელმან ჭამოს იგი, ცოდვაჲ თავისა თჳსისა მოიღოს, რამეთუ სიწმიდე უფლისა ღმრთისა შეაგინა და მოისპნენ სულნი იგი.
8 ვინც შეჭამს, ცოდვა დაედება მას, რადგან უფლის სიწმიდე წაბილწა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 8 რომელთა ჭამონ ერისაგან მათისა და რომელთა მომკონ სამკალი იგი ქუეყანისა მის თქუენისაჲ, არა მოასრულოთ სამკალი იგი თქუენი ქუეყანისა თქუენისაჲ მომკად.
9 როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას; სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ. 9 და რომელი დაცჳოდის სამკალისა თქუენისაჲ, არა შეჰკრიბოთ.
10 ვენახსაც ნუ მოიმცვრვვ, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ ძირიდან; ღარიბ-ღატაკსა და მდგმურს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი! 10 და ვენაჴსა შენსა არა შეიქცე მეორედ მოხილვად და არცაღა მარცვალი ვენაჴსა შენსა აღკრიბო, გლახაკთა და მწირთა დაუტევო იგი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
11 არ იქურდოთ, არ ითვალთმაქცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ. 11 არა იპარვიდეთ და არცაღა სტყუოდით, ნუცა ცილსა შესწამებნ კაცი მოყუასსა თჳსსა.
12 ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი! 12 და არა ჰფუცვიდეთ სახელითა ჩემითა ნაცვლად და არა შეაგინოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
13 ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს. 13 არა ავნო მოყუასსა შენსა და არცაღა მო-რაჲ-სტაცო. და ნუცაღა დაადგრებინ სასყიდელი მორეწისაჲ შენ თანა განთიადმდე.
14 ნუ გაქურდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი! 14 არარაჲ ბოროტი ჰრქუა ყრუსა და წინაშე ბრმისა არა დასდვა საცთური და გეშინოდენ უფლისა ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
15 უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი. 15 არა ჰქმნეთ ცრუ სარჩელსა შინა, არცა თუალ-ახუნე გლახაკსა, არცა თუალ-ახუნე პირსა ძლიერისასა სიმართლით განსაჯო მოყუასი შენი.
16 ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი! 16 არა ხჳდოდი ზაკჳთ ნათესავსა შორის შენსა, არა შეერთო სისხლსა მოყუსისა შენისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
17 მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. 17 არა გძულდეს ძმაჲ შენი გონებითა შენითა, მხილებით ამხილო მოყუასსა შენსა და არა მოიღო მისთჳს ცოდვაჲ.
18 ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი! 18 და არცა შური იძიოს ჴელმან შენმან და არცა ძჳრი იჴსენო ძეთათჳს ერისა შენისათა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
19 დაიცავით ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს. 19 შჯული ჩემი დაიმარხეთ, საცხოვარი შენი არა შეაყო სხუასა მეუღლედ და ვენაჴოვანსა შენსა არა სთესო თითოფერი თესლი და სამოსელი ორთაგან ქსოვილი რეული არა შეიმოსო.
20 თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია, არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არა აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა. 20 და უკუეთუ ვინმე დაწვეს დედაკაცისა თანა საწოლითა თესლისაჲთა, და იგი იყოს მჴევალი თხოვილ კაცისა, დაჴსნით არა ჴსნილ იყოს და განთავისუფლებულ არა იყოს, მოხედვაჲ იყავნ მათა, არა მოწყდენ, რამეთუ არა განთავისუფლებულ იყოს.
21 მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი. 21 და შეიწიროს უფლისა შეცოდებისა მისთჳს მისისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა - ვერძი შეცოდებისათჳს.
22 შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე ცოდვას, რომელიც ჩადენილი აქვს, და ეპატიება ცოდვა, რომელიც ჩადენილი აქვს. 22 და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ვერძითა მით შეცოდებათათჳს წინაშე ღმრთისა ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.
23 როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რაიმე ხეხილს, დაუცვეთელად ჩათვალეთ მისი ნაყოფი; სამ წელიწადს დაუცვეთელი იყოს თქვენთვის; არ იჭმევა. 23 უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენდა, დაასხათ ყოველი ხე საჭმელი, და განწმიდოთ არაწმიდებაჲ მისი, და ხილი მისი სამ წელ იყოს თქუენდა განუწმედელ და არა იჭამოს.
24 მეოთხე წელს ყოველი მისი ნაყოფი უფლისათვის უნდა შეიწიროს. 24 და წელსა მეოთხესა იყოს ყოველი ნაყოფი მისი წმიდაჲ საქებელად ღმრთისა.
25 მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რომ გემატოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 25 და მეხუთესა წელსა ჰჭამოთ ნაყოფი, შესაძინელად თქუენდა ნაყოფი მისი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
26 ნურაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ. 26 ნუ ჰჭამთ მთასა ზედა და ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით, არა ჰყოთ
27 ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს. 27 სასწორი თმისაგან თავისა თქუენისა, არა განირყუნეთ პირი წუერთა თქუენთაჲ და ნაჭერი აღთქუმისა ჴორცთა ზედა თქუენთასა არა ჰყოთ.
28 ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი! 28 და წერილი დაწერტით არა ჰყოთ თქუენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
29 ნუ წააბილწვინებ თავს შენს ასულს გასარყვნელად, რომ არ წაიყვნას მიწა და არ აივსოს იგი ბიწიერებით. 29 არა შეაგინო ასული შენი, სიძვად იგი, და არა ისიძვიდეს ქუეყანაჲ და აღივსოს იგი უშჯულოებითა.
30 ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი! 30 და შაბათნი ჩემნი დაიმარხნეთ და წმიდათა ჩემთათჳს გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ ღმერთი.
31 ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი! 31 არა შეუდგეთ თქუენ მუცლითმეზღაპრეთა და მსახრვალთა, არა შეეყენნეთ შეგინებად მათ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
32 ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი! 32 წინაშე პირსა მჴცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა და გეშინოდენ ღმრთისა ცხოველისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
33 თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას. 33 უკუეთუ ვინმე მოგიჴდეს თქუენ მწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვებდეთ მას.
34 როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 34 არამედ ვითარცა მკჳდრი თქუენ შორის იყოს მწირი იგი, რომელი მოვიდეს თქუენდა და შეიყვარო იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ მწირ იყვენით თქუენცა ქუეყანასა ეგჳპტისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
35 ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში. 35 არა ჰქმნე სიცრუჱ სარჩელსა შინა საწყაულითა, და სასწორთა და ნედლთა ზედა უღელი მართალი იყავნ.
36 სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ. 36 სასწორი სიმართლისაჲ და საწყაული მართალი და საწყაული კეცი იყავნ მართალი თქუენ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.
37 დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი! 37 და დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნი სამართალნი ჩემნი და ჰყოფდით მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.