1 |
ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად
უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და
საკმეველი დადოს. |
1 |
უკუეთუ სულსა შესწირვიდეს ძღუნად შესაწირავად
ღმრთისა, სამინდოჲ იყოს შესაწირავი მისი, და დაასხას მას ზედა ზეთი და
დასდვას მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე. |
2 |
მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე
მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე
სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. |
2 |
და მოართუას ძეთა აჰრონისთა მღდელთა და აღიღოს მისგან
სავსე მჭელი სამინდოჲსა მისგან ზეთითურთ და ყოველივე იგი გუნდრუკი მისი
დასდვას მღდელმან მან საჴსენებელი მისი საკურთხეველსა მას სულად სულნელებად
ღმრთისა. |
3 |
რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს
ეკუთვნის; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. |
3 |
და სხუაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა
იყოს, წმიდათა მათგან მსხუერპლთა ღმრთისათა. |
4 |
თუ ღუმელში გამომცხვარს შესწირავ ძღვნად, გამტკიცული
ფქვილისგან იყოს ნამცხვრები, უსაფუარო, ზეთში აზელილი და კვერები უსაფუარო
და ზეთნაცხები. |
4 |
უკუეთუ შესწირვიდეს ძღუენსა შესაწირავად, გამოცხობილი
თორნითა სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, ზეთითა შესუარულნი და ლელანგოჲ
უცომოჲ ცხებული ზეთით. |
5 |
თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი
გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს. |
5 |
და უკუეთუ შესაწირავი იგი ტაპაკისაგან იყოს, ძღუენი იგი
შენი სამინდოჲ შესუარული ზეთითა უცომოჲ იყოს. |
6 |
თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი
გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს. |
6 |
და დაალტვო იგი დამუსრვილი და დასხა მას ზეთი: შესაწირავი
არს ღმრთისა. |
7 |
თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი
გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული. |
7 |
უკუეთუ შესაწირავი ლანძჳსაგან იყოს, ძღუენი იგი შენი
სამინდოჲ ზეთითა შეიქმნეს. |
8 |
და მიართვა ამგვარად მომზადებული საძღვნო უფალს. მიუტანე
მღვდელს და ის შესწირავს მას სამსხვერპლოზე. |
8 |
და შეწიროს მსხუერპლი იგი, რომელი ექმნეს ერთი ამათგანი,
ღმრთისა, და მოართვას იგი მღდელსა. და მიეახლოს მღდელი იგი საკურთხეველსა
მას. |
9 |
აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე
დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. |
9 |
და აღიღოს მსხუერპლისა მისგან მოსაჴსენებელი მისი, და
დადვას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელებისა
ღმრთისა. |
10 |
რაც საძღვნოს გადარჩება, აარონს და მის შვილებს ეკუთვნის.
ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. |
10 |
ხოლო ნეშტი იგი შესაწირავისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდაჲ წმიდათაჲ
ნაყოფთა მათგან ღმრთისათა. |
11 |
არცერთი საძღვნო, რომელიც უფალს გინდა შესწირო, საფუარით
არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას
საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. |
11 |
ყოველსა მას შესაწირავსა, რომელსა შესწირვიდეთ ღმრთისა,
არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ
მათგანი ნაყოფად ღმრთისა. |
12 |
როგორც პირველნაყოფთა შესაწირავი, ისე შესწირე უფალს და
სამსხვერპლოზე არ აიტანო კეთილსურნელებად. |
12 |
და ძღუნად პირველად შესაწირავად იგი ღმრთისა და
საკურთხეველსა ზედა არა აღვიდეს სულად სულნელად ღმრთისა. |
13 |
ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო
შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი. |
13 |
და ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა
დაიმარილენ. არა დააცადოთ მარილი შჯულისა ღმრთისა შესაწირავთაგან თქუენთა
და ყოველსა ზედა შესაწირავსა თქუენსა მარილი დაასხით. |
14 |
თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საძღვნოს,
ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული
ნაყოფებისგან. |
14 |
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან
ღმრთისა, ახალი შეტუსვილი ნედლი ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად
პირველთა ნაყოფთა. |
15 |
დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო
შესაწირავი. |
15 |
და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი.
შესაწირავი არს ესე. |
16 |
დაწვას მღვდელმა სამახსოვროდ - დაღერღილი და ზეთიანი
მარცვლები მთელი საკმეველითურთ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. |
16 |
და შეწიროს მღდელმან მან საჴსენებელი მისი ეტერთა მათგან
ზეთითურთ, და ყოველივე გუნდრუკი მისი. შესაწირავი არს ესე ღმრთისა. |