ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 1 და მერმე ეტყოდა ღმერთი მოსეს
2 უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი. 2 და ჰრქუა: არქუ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ეკრძალნედ სიწმიდეთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, რათა არა შეიგინონ სახელი ჩემი წმიდაჲ, რაოდენ-რაჲ განწმიდონ მათ ჩემდა მომართ, მე ვარ უფალი.
3 უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი. 3 არქუ მათ ნათესავთა შორის თქუენთა: ყოველი კაცი, რომელი მოვიდეს ყოვლისაგან ნათესავისა თქუენისა სიწმიდესა მას, რაოდენ-რაჲ განწმიდონ ძეთა ისრაჱლისათა, ღმრთისა და არაწმიდებაჲ იგი მის თანა იყოს, მოისპოს სული იგი ჩემგან, მე ვარ უფალი.
4 კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს, 4 კაცი, რომელი იყოს ნათესავისა აჰრონის მღდელისა კეთროვან, ანუ თუ თესლმდინარე, სიწმიდისაგან არა ჭამოს ვიდრე განწმედამდე და რომელი შეეხოს ყოველსა არაწმიდებასა სულისასა ანუ კაცსა, რომლისაგან გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ,
5 ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, - 5 ანუ რომელი შეეხოს ყოველსა ქუეწარმავალსა არაწმიდასა, რომელმან შეაგინოს იგი, გინა თუ კაცსა ზედა, რომელმან შეაგინოს იგი ყოვლისაებრ
6 კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა. 6 არაწმიდებისა მისისა, კაცმან რომელმან შეახოს მას, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
7 ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია. 7 არა ჭამოს მან სიწმიდეთაგან, ვიდრე არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა და დაჰჴდეს მზე და წმიდა იყოს და მაშინღა ჭამოს სიწმიდეთაგანი,
8 ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი. 8 რამეთუ პური მისი არს იგი, მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ჭამოს შეგინებად მისა მათგან. მე ვარ უფალი ღმერთი.
9 ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი. 9 დაიმარხედ დასაცავნი ჩემნი, რათა არა მოიღონ ამისთჳს ცოდვაჲ და მოწყდენ მისთჳს, უკუეთუ შეაგინონ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.
10 უცხომ არავინ ჭამოს საწმიდარი; მღვდლის მდგმურმა და ქირის კაცმა არ უნდა ჭამოს საწმიდარი. 10 და ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს წმიდაჲ იგი და შემყოფმან მღდელისამან და სასყიდლით დადგინებულმან არა ჭამოს სიწმიდისაგანი.
11 მღვდლის მიერ საკუთარი ვერცხლით ნაყიდს შეუძლია ჭამოს იგი; მის სახლში დაბადებულებს შეუძლიათ ჭამონ მისი პური. 11 უკეთუ მღდელმან მან მოიგოს კაცი სასყიდლით ვეცხლითა, ამან ჭამოს პური მისი და შვილთა, მონათა მისთა, ამათცა ჭამონ პური მისი.
12 მღვდლის ქალიშვილს, რომელიც უცხო კაცზეა გათხოვილი, არ შეუძლია ჭამოს შეწირული სსაწმიდარები. 12 და ასული კაცისა მღდელისაჲ იყოს თუ ქმრისა უცხოთესლისა, პირველ ნაყოფი შესაწირავთაჲ არა ჭამოს.
13 მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არა ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არ არავინ უნდა ჭამოს. 13 და ასული კაცისა მღდელისაჲ უკუეთუ იყოს ქურივ და გამოაძონ და ნაშობი არა ესვას მას, მოიქცეს სახლსავე მამისა თჳსისასა, ვითარცა პირველ სიჭაბუკესა მას მისსა, პურსა მამისა მისისასა ჭამდეს იგი, ხოლო ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს მისგან.
14 ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი. 14 და კაცმან რომელმან ჭამოს წმიდაჲ იგი უმეცრებით, დაურთოს ნახუთალი მისი მას ზედა, და მისცეს მღდელსა მას წმიდაჲ იგი.
15 არ უნდა შეურაცხყონ ისრაელის საწმიდარები, რომლებსაც უფალს სწირავენ. 15 და არა შეაგინოს სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისათა, რომელსა იგინი შეწირვენ უფლისა.
16 არ უნდა დაიდონ ცოდვა საწმიდარების ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი. 16 და არა მოავლინონ მათ ზედა უშჯულოებაჲ იგი შეცოდებისაჲ ჭამასა მას მათსა წმიდათაგან მათთა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, განვსწმედ მათ.
17 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 17 და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
18 გამოუცხადე აარონს და მის შვილებს და მთელს ისრაელობას და უთხარი: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელის მდგმურთაგან მიიტანს თავის შესაწირავს, შეთქმულს ან სამოწყალოს, რასაც აღსავლენად სწირავენ უფალს, 18 ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, ანუ ძეთაგანმან მწირთამან, რომელი მოსრულ იყოს მათა ისრაჱლსა შორის, რომელმან შეწიროს მსხუერპლი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა.
19 იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი. 19 ანუ თუ მსგავსად ყოვლისავე გულსმოდგინებისა მათისა, რაოდენ-რაჲ შეწირონ ღმრთისა.
20 არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით. 20 მრგულიად დასაწველად სათნოჲ თქუენი უბიწოჲ ვერძი ზროხათაგან და თხათაგან ყოველსა მას, რომელსა შინა იყოს ბიწი, ნუ შესწირვედ ღმრთისა, რამეთუ არა შევიწირო მათგან.
21 თუ ვინმე შესწირავს უფალს სამადლობელ მსხვერპლს აღთქმის თანახმად თუ სამოწყალოდ, ხარს ან ცხვარს, უნაკლო უნდა იყოს, რომ დამწყალობნდეს. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს. 21 და კაცმან უკუეთუ შეწიროს ძღუენი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა და ყოვლისავე ნებისა მათისა მსხუერპლი ცხორებისაჲ ღმრთისა, რომელი განაჩინა აღთქმით დღესასწაულთა მათ თქუენთა მროწ[ლე]თაგან, ანუ თუ არვისაგან, უბიწო იყოს, შეწიროს, ყოველიმცა ბიწი ნუ არს მის თანა,
22 ბრმა ან დამტვრეული, ან დასახიჩრებული, ან დამუწუკებული, ან ქეციანი, ან მუნიანი არ შესწიროთ უფალს; არც საცეცხლო მსხვერპლად არ დაუდოთ უფალს სამსხვერპლოზე. 22 ბრმაჲ, ანუ ყურკუეთილი, ანუ განტეხილი, ანუ ჭლაკითა ბრმაჲ, ანუ მღიერი, ანუ მეფხანოვანი, არა შეწირონ ესევითარი ღმრთისა და ნაყოფად არა მოსცეთ მათგან საკურთხეველსა ზედა ღმრთისასა.
23 ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო; შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება. 23 და ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი ყურკუეთილი, ანუ თუ კუდმოკლე საკლველად ჰყო იგი თავისა შენისა, ხოლო აღნათქუემად შენდა არა შეიწიროს.
24 საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ. 24 გამოტეხილი და შეჭყლემული და მოკუეთილი და აღმოტაცებული არა შესწირო იგი ღმრთისა.
25 უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით. 25 და ქუეყანასა თქუენსა არა ჰყოთ, ჴელისაგან უცხოთესლთაჲსა არა შესწიროთ შესაწირავად ღმრთისა თქუენისა ამათ ყოველთაგანი, რამეთუ ხრწნილებაჲ არს მათ თანა და ბიწი არს მათ თანა, არა შეიწიროს ესე თქუენდა.
26 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 26 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
27 როცა გაჩნდება ხბო, ან ბატკანი, ან ციკანი, შვიდ დღეს დედასთან ამყოფეთ; რვა დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის. 27 ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ, რომელი იშვეს, იყოს იგი შჳდ დღე დედისა თანა, ხოლო მერვით დღითგან და წამართ შეიწიროს მსხუერპლად ნაყოფად უფლისა.
28 არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, ერთ დღეს თვის ნაშიერთან ერთად. 28 და ჴბოჲ და ცხოვარი და დედაჲ და შვილი მისი არა დაჰკლა დღესა ერთსა.
29 როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით. 29 უკუეთუ შეწირვიდეს შესაწირავსა აღთქმისასა სიხარულისა თქუენისასა ღმრთისა შესაწირველად თქუენდა და დაკალთ იგი.
30 იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი. 30 და მას დღესა შეიჭამენ, არა გაუტეოთ ჴორცისა მისგანი განთიადმდე.
31 დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი. 31 მე ვარ უფალი და დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ჰყოფდით მათ.
32 არ შეურაცხყოთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდამყოფელი, 32 და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ და წმიდაჲ ვიყო მე შორის ძეთა ისრაჱლისათა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
33 რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი. 33 რომელი განგწმედ თქუენ, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთად, მე - უფალი.