ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა: 1 და ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა და ჰრქუა მას:
2 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის. 2 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ, დაიპყრათ ქუეყანაჲ იგი, რომელ მე მიგცემ თქუენ და ჰყოფდით თქუენ შაბათად უფლისა.
3 ექვს წელიწადს თესავდე შენს ყანას, ექვს წელიწადს სხლავდე შენს ვენახს და იღებდე მოსავალს. 3 ექუს წელ სთესო ყანაჲ შენი და ექუს წელ მოსთულო ვენაჴი შენი და შეიკრიბო ნაყოფი შენი,
4 მეშვიდე დღეს კი საუქმო შაბათია მიწისათვის, უფლის შაბათი. ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა. 4 ხოლო წელსა მეშჳდესა შაბათი განსუენებაჲ იყოს ქვეყანისაჲ - შაბათი უფლისა: ყანაჲ შენი არა სთესო და ვენაჴი შენი არა განსხლა.
5 ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. უქმი წელიწადი იყოს მიწისათვის. 5 და თჳთ აღმოსრული სამკალისა შენისაჲ არა მომკო და ყურძენი სიწმიდისა შენისაჲ არა მოსთულო, წელიწად განსუენებისა არს ქუეყანისა.
6 მიწის უქმობის დროს გქონდეთ საჭმელად შენ და შენს ყმას, შენს ყმაქალს, ქირისკაცს და მდგმურს, რომელიც შენთან დგას, 6 და იყოს შაბათი ქუეყანისაჲ თქუენდა და საჭმლად შენდა და მონისა შენისა და სასყიდლითდადგინებულისა შენისა და შემყოფისა მის, რომელი მოსრულ იყოს შენდა.
7 შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი გქონდეთ საჭმელად. 7 და საცხოვართა შენთა და მჴეცთა ქუეყანისა შენისათა იყოს ყოველივე ნაყოფი მისი საჭმელად.
8 გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი. 8 და აღირაცხო თავისა შენისა შჳდი განსუენებაჲ წელთა მათ, შჳდი წელი შჳდგზის, და იყუნენ შენდა შჳდნი იგი შჳდეულნი წელიწადთანი ორმეოცდაცხრა წელ.
9 დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში. 9 და მიმოდასდვათ ნესტჳსა ჴმითა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დღესა მას ლხინებისსა, მიმოაუწყეთ ნესტჳთა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა.
10 წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი. 10 და წმიდა-ყავთ წელი იგი მეერგასისე წელიწადი, მიმოითქუას მიტევებაჲ იგი ქუეყანასა ყოველსა დამკჳდრებულსა მას ზედა, წელიწადი მიტევებისაჲ შესაწირავებისა მისისაჲ იყოს თქუენდა. და წარვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა და კაცად-კაცადი - მამულსა თჳსსა.
11 ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი. არ თესოთ და არ მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული, არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან. 11 წარხჳდეთ, მიტევებაჲ უწყებისაჲ ესე იყოს თქუენდა. და წელი მეერგასისე წელიწადი იყოს თქუენდა, არა სთესოთ, არცაღა ლეწოთ ნეფსით აღმოსრული მისი და არცა მოსთულოთ განწმედილი იგი მისი.
12 რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი, 12 რამეთუ მიტევებაჲ უწყებისაჲ არს, წმიდა იყოს თქუენდა, ველთაგან ჰჭამდეთ შობილსა მისსა.
13 ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს. 13 წელსა მას მიტევებისასა კუალად მოვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა.
14 როცა რაიმეს მიჰყიდი შენს თვისტომს ან რამეს იყიდი შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს. 14 უკუეთუ მისცე სასყიდელად მოყუასსა შენსა აგარაკი და მოიგო მოყუსისაგან შენისა, ნუმც ვინ აჭირებს კაცი მოყუასსა თჳსსა.
15 ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოგყიდოს. 15 და მსგავსად რიცხუთა მათ წელიწადისათა შემდგომად სასწაულისა მის დღისა მოიგე მოყუსისაგან, რიცხჳსაებრ წელიწადისა ნაყოფთაჲსა მოგცეს შენ.
16 თუ ბევრია წლები, გაზარდე ფასი; თუ მცირეა წლები, დაუკელი ფასს, რადგან მოსავლის ანგარიშით მოგყიდის. 16 რაოდენცა უმრავლეს წელთა მათ განამრავლოს მოგებაჲ მისი, გინათუ რაოდენ მოკლებისა წელთა მათ დააკლოს მოგებაჲ იგი მისი, რამეთუ, ვითარცა რიცხჳ ნაყოფთაჲ, ეგრევე მოგცეს შენ.
17 ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 17 ნუ ვინ აჭირვებნ კაცი მოყუასსა თჳსსა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
18 შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში. 18 და ყავთ ყოველივე მსჯავრი ჩემი და დაიმარხეთ და ყავთ იგი და დაემკჳდრნეთ ქვეყანასა ზედა სასოებით.
19 მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ. 19 და გამოსცეს ქუეყანამან ნაყოფი მისი და ჰჭამდეთ მაძღრივ და დაემკჳდრნეთ სასოებით მას ზედა.
20 თუ იკითხავთ, რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთო მოსავალი, 20 უკუეთუ სთქუათ, რაჲ ვჭამოთ წელსა მას მეშჳდესა, უკუეთუ არა ვსთესოთ და არა შევიკრიბოთ ნაყოფი ჩუენი.
21 ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და მოიყვანს მოსავალს სამი წლისთვის. 21 და მოვავლინო კურთხევაჲ ჩემი თქუენ ზედა წელსა მას მეექუსესა და ყოს ნაყოფი მისი სამისა წლისაჲ.
22 დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს. 22 და სთესოს წელსა მას მერვესა და ჰჭამდეთ ნაყოფთა მათგან ძუელთა ვიდრე მეცხრედ წლადმდე, ვიდრემდე მოჴდეს ნაყოფი მისი, ჰჭამდეთ ძუელისძუელსა.
23 მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან. 23 და ქუეყანაჲ არა განჰყიდოთ სრულიად, რამეთუ ჩემი არს ქუეყანა, რამეთუ მწირ და მსხემ ხართ თქუენ წინაშე ჩემსა.
24 მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება. 24 და ყოველსავე ქუეყანასა, რომელი გიპყრიეს თქუენ, საჴსარი მოსცით ქუეყანისაჲ.
25 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული. 25 უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი, რომელ არს შენ თანა და განყიდოს ქუეყანისა მისისაგანი და მოვიდეს ნათესავი, რომელი მახლობელ იყოს მისა და იჴსნეს განსყიდული იგი ძმისა თჳსისაჲ.
26 თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, 26 უკუეთუ ვისმე არა ესუას ნათესავი და პოვნიერ იყოს ჴელითა და ეპოვოს მას ნოყიერად საჴსრად მისა.
27 იანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს. 27 და შეჰრაცხოს წელი იგი განსყიდისა მისისაჲ და მისცეს, რომელი-იგი აქუს კაცსა მას, რომელსა მიჰყიდა იგი და წარვიდეს ქუეყანასა მას მკჳდრობისა თჳსისასა.
28 თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება. 28 უკუეთუ ვერ პოვნიერ იყოს ჴელი მისი კმა-ყოფად, რათამცა მისცა მას და იყოს სასყიდელი მომგებელისა მისისაჲ ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და გამოვიდეს მიტევებასა მას და წარვიდეს ქუეყანასა თჳსსა.
29 თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან ერთი წლის გასვლამდე შეეძლება გაყიდულის გამოსყიდვა. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს. 29 და უკუეთუ ვინმე მიჰყიდოს სახლი მონასა ქალაქსა შინა მოზღუდვილსა და იყოს საჴსარი მისი, ვიდრემდე აღესრულოს წელიწადი იგი, ზოგი სასყიდლისაჲ იყოს საჴსრად მისა.
30 თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა. 30 უკუეთუ არა იჴსნეს ვიდრე აღსრულებადმდე ყოვლად მის წელიწადისა, დამტკიცნეს სახლი იგი ქალაქსა შინა მოზღუდვილსა მტკიცედ მომგებელისა მიმართ მისისა ნათესავსა შორის მისსა და არა განვიდეს მიტევებასა მას.
31 ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა. 31 ხოლო სახლნი, რომელნი იყუნენ აგარაკსა, რომელთა არა აქუს ზღუდე გარემო, მსგავსად აგარაკისა მის ქუეყანისა შეირაცხენ, და საჴსარ მარადის იყუნენ და მიტევებასა მას გამოვიდენ.
32 ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა. 32 და ქალაქნი ლევიტელთანი და სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი იჴსენებოდიან მარადის ლევიტელთა შორის.
33 თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს, გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის. 33 და რომელმან იჴსნეს ლევიტელთა შორის, გამოჴდეს სასყიდელი მათი, სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი მიტევებასა მას, რამეთუ სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი შორის ძეთა ისრაჱლისათა არიან.
34 მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია. 34 და ქუეყანა იგი განჩემებული ქალაქთა მათთაჲ არა განიყიდოს, რამეთუ სამკჳდრებელი საუკუნე ესე არს მათი.
35 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან. 35 უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი და ვერ შემძლებელ იყოს ჴელითა შენ შორის, ჴელი აღუპყარ მას, ვითარცა-იგი მწირსა და მსხემსა, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ თანა.
36 ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს - შენი ღვთისა გეშინოდეს! - და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან. 36 არა მოიღო მისგან ვახში და აღნადგინები და გეშინოდენ ღმრთისა შენისა, მე ვარ უფალი ღმერთი, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ შორის.
37 ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს. 37 ვეცხლი შენი არა მისცე მას ვახშად და განსამრავლებლად, არა ავასხო მას საზრდელი შენი,
38 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მომეცა თქვენთვის ქანაანის ქვეყანა, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. 38 რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა მიგცე თქუენ ქუეყანაჲ ქანანისაჲ და ვიყო მე თქუენდა ღმერთ.
39 როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ, და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ. 39 უკუეთუ დავარდეს ძმაჲ შენი შენ შორის და მოგყიდოს თავი მისი შენ, არა გმონებდეს შენ მონებასა კირთებრ,
40 ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან. 40 არამედ ვითარცა სასყიდლითდადგინებული და მწირი იყოს შენ თანა, ვიდრე წლადმდე მიტევებისა გიქმოდის შენ.
41 მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს. 41 და განვიდეს თავისუფლად მიტევებასა მას და შვილნი მისნი მის თანა და მივიდეს ნათესავსა თჳსსა, სამკჳდრებელსა მამულსა მისსა შევიდეს.
42 რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი. 42 რამეთუ მონანი ჩემნი არიან ესენი, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, არა განიყიდნენ სასყიდლით, ვითარცა მონანი.
43 ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს. 43 არა დაამძიმო მას შრომითა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა.
44 ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი. 44 და მონანი და მჴევალნი, რაოდენნი გესხნენ შენ, ყოველთაგან ნათესავთა, რომელნი არიან გარემო შენსა, მათგანნი მოიგნეთ.
45 იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი. 45 და ნათესავთაგან მათთა, რაოდენნი იყუნენ ქუეყანასა თქუენსა, იყუნედ იგინი თქუენდა სამკჳდრო.
46 დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით. 46 და განუყუნეთ იგინი ძეთა თქუენდა შემდგომად თქუენსა, და იყუნედ იგინი მონა თქუენდა საუკუნედ, რამეთუ ძმანი თქუენნი ძენი ისრაჱლისანი, კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი დაიდგინენ ვითარცა მოქმედი.
47 თუ შეძლებული გახდა შენთან მყოფი მდგმური ან ხიზანი, შენი მოძმე კი გაღარიბდა და შენთან მყოფ მდგმურს ან ხიზანს ან მდგმურის საგვარეულოს ნაშიერს მიეყიდა, 47 უკუეთუ პოვოს ჴელმან მის მწირისამან, რომელი მსხემობდეს შენ შორის, და შეჰჭირდეს ძმასა შენსა და მიჰყიდოს თავი თჳსი მწირსა, გინათუ შემყოფსა მისსა, ნაშობსა მწირისასა.
48 მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას; 48 შემდგომად განსყიდისა მისისა ჴსნაჲ იყავნ მისი, ერთმან ძმათაგანმან მან იჴსნეს იგი.
49 ან ბიძა, ან ბიძაშვილი გამოიხსნის მას; ან მისი სისხლით ნათესავი მისი საგვარეულოდან გამოიხსნის ან თუ სახსარი აქვს, თავად გამოიხსნას თავი. 49 მამისძმამან, ანუ თუ მამისძმისწულმან იჴსნეს იგი, ანუ სახლეულმან, ჴორცთა მისთაგანმან, ტომმან მისმან იჴსნეს იგი, უკუეთუ პოვნიერ იქმნეს, ჴელითა თჳსითა იჴსნეს თავი თჳსი.
50 გაუსწოროს ანგარიში თავის მყიდველს იმ წლიდან, რაც მიეყიდა მას, ზეიმის წლამდე. მისთვის გადახდილი ვერცხლი წლების კვალობაზე უნდა დაუბრუნოს და დღიური ქირით იმუშავებს მასთან. 50 და აღირაცხენ მომგებელისა მისისასა თანა მიერ წლითგან, ვინათგან მიჰყიდა მას თავი თჳსი ვიდრე წლადმდე მიტევებისა, იყოს ვეცხლი იგი სასყიდლისა მისისაჲ ვითარცა მორეწისა, წლითი წლად იყოს მის თანა.
51 თუ კიდევ ბევრი წელია დარჩენილი, ამის კვალობაზე დაუბრუნებს გამოსახსნელს მიყიდვის დროს აღებული ვერცხლიდან. 51 უკუეთუ უმრავლესთა წელთა იყოს; ამისებრვე მისცეს სასყიდელი მისი ვეცხლისა მისგან მონაგებისა მისისა:
52 თუ ზეიმის წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, იანგარიშოს და წლების კვალობაზე დაუბრუნოს გამოსახსნელი. 52 უკუეთუ მცირედ დაშთეს წელთა მათგანნი, წელიწადადმდე მიტევებისა შეერაცხოს მას წელიწადი იგი და მისცეს მას საჴსარი მისი.
53 ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების მანძილზე. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ. 53 ვითარცა სასყიდლითდადგინებულმან წელიწადით წელიწადადმდე იყოს მის თანა, არა დაამძიმო მას რუდუნებაჲ წინაშე შენსა.
54 თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად. 54 უკუეთუ ვერ იჴსნეს თავი თჳსი, ეგრევე განვიდეს წელსა მას მიტევებისა მისისასა და ყრმანი მისნი მის თანა, რამეთუ ჩემნი არიან ძენი ისრაჱლისანი მსახლობნი
55 რადგან ჩემი ყმები არიან ისრაელიანები, ჩემი ყმები არიანი ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 55 და მონანი ჩემნი ესენი არიან, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.