ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?

1

და თქუას: ისმინენით ესენი, მთავარნო სახლისა იაკობისანო და ნეშტნო ძეთა ისრაჱლისათანო. არა თქუენი არს ცნობად მსჯავრი

2 სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. 2 რომელთა გძულან კეთილნი და ეძიებთ ბოროტთა, მტაცებელნი ტყავთა მათთანი მათგან
3 ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში? 3 და ჴორცთა მათთანი ძუალთაგან მათთა, ვითარსახედ შეჭამნეს ჴორცნი ერისა ჩემისანი და ტყავნი მათნი განჰჴადნეს ძუალთა მათთაგან. და ძუალნი მათნი შემუსრნეს და ასოეულ ყვნეს, ვითარცა ჴორცნი სიავისა მიმართ და ვითარცა დრონეული ქოთნისა მიმართ
4 მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ; თავის სახეს უმალავს ამ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან. 4 ეგრეთ ჴმობდენ უფლისა მიმართ, და არა შეისმინოს მათი. და მიიქციოს პირი თჳსი მათგან მას ჟამსა შინა მის წილ, რომელ იბოროტეს სიმარჯუეთა მიერ მათთა.
5 ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდვა პირში, ომს უცხადებენ. 5 ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთა ზედა, მაცთუნებელთა ერისა ჩემისათა, მკბენელთა გზათა შორის მათთა. და მქადაგებელთა მშჳდობასა მის ზედა და არა მისცა პირსა შინა მათსა წმიდა-ყუეს მის ზედ ბრძოლაჲ
6 ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ; 6 ამისთჳს ღამე იყოს თქუენდა ხილვისაგან, და ბნელ იყოს თქუენდა მისნობისაგან, და დაჰჴდეს მზე წინაწარმეტყუელთა ზედა, და დაბნელდეს მათ ზედა დღე,
7 გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს დამუწავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი. 7 და სირცხჳლეულ იქმნენ მხილველნი სიზმართანი, და საცინელ იქმნენ მისანნი. და ძჳრისმეტყუვლებდენ ძჳნად მათდა ყოველნი იგი მით, რამეთუ არა არს, რომელი ერჩდეს მათ.
8 მე კი ავსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა. 8 არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა მითხრობად იაკობსა უთნოობანი მისნი და ისრაჱლსა ცოდვანი მისნი
9 ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. 9 ისმინენით ესე წინამძღუართა სახლისა იაკობისათა. და ნეშტთა სახლისა ისრაილისათა, რამეთუ გძულს მსჯავრი და ყოველთა მართალთა გულარძნილ-ჰყოფთ,
10 სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს. 10 რომელნი აშენებთ სიონსა სისხლისა მიერ და იერუსალიმს უსამართლოებათა მიერ.
11 მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო. 11 წინამძღუარნი მისნი ქრთამისა თან შჯიდეს, და მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს, და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლისა თანა მისნობდეს, და უფლისა ზედა განისუენებდეს მეტყუელნი: არა უფალი ჩუენ შორის არს? არა მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.
12 ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად. 12 ამისთჳს თქუნ: ძლით სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოიერქუნოს, და იერუსალჱმი ხილის საცავად იყოს, და მთაჲ სახლისა უფლისაჲ სერტყად მაღნარისად.