ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო იფთახ გალაადელი, მაგარი ვაჟკაცი იყო. მეძავი ქალის ნაშობი იყო იგი. გალაადმა შვა იფთახი.

1

და იეფთაელ გალაადელი იყო კაცი ძლიერი ძალითა, და ესე იყო ძე დედაკაცისა მეძჳსაჲ; და უშვა გალადს იეფთაე.

2 ცოლმაც უშვა გალაადს ვაჟები. როცა წამოიზარდნენ ცოლის ვაჟები, გააგდეს იფთახი, უთხრეს: შენ არ გიდევს წილი მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის ნაშობი ხარ. 2 და მერმე უშვნა ცოლმან გალადისმან მას ძეებ. და განორძინდეს ძენი იგი ცოლისა მისისანი და გამოაძეს იეფთა და ჰრქუეს მას: ვერ დაემკჳდრო სახლსა შინა მამისა ჩუენისასა, რამეთუ დედაკაცისა უცხოჲსა ძე ხარ შენ.
3 გაერიდა თავის ძმებს იფთახი და ტობის მხარეში დასახლდა. უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი მის გარშემო და დათარეშობდა მასთან ერთად. 3 და წარივლტოდა იეფთაე პირისაგან ძმათა თჳსთაჲსა და დაეშენა ქუეყანასა ტობისასა. და შეკრბებოდეს იეფთაეს თანა კაცნი წრფელნი და იყოფოდეს მის თანა.
4 გამოხდა ხანი და გამოვიდნენ ყამონიანები ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად. 4 და იყო, შემდგომად დღეთა მათ ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა და ვითარ-იგი ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა,
5 და როცა ომი აუტეხეს ყამონიანებმა ისრაელს, მივიდნენ გალაადის უხეცესები იფთახთან, რათა წამოეყვანათ ტობის მხარიდან. 5 წარვიდეს მოხუცებულნი გალაადისნი მოყვანებად იეფთაესა ქუეყანით ტობისაჲთ.
6 უთხრეს იფთახს: მოდი, გახდი ჩვენი წინამძღოლი და შევებრძოლოთ ყამონიანებს. 6 და ჰრქუეს იეფთაეს: მოვედ და იქმენ ჩუენდა მთავარ და ვჰბრძოთ ძეთა ამონისთა.
7 უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: აკი მომიძულეთ და გამომაგდეთ მამაჩემის სახლიდან? ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ? 7 და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: თქუენ მომიძულეთ მე და გამომაძეთ მე სახლისაგან მამისა ჩემისა და წარმომგზავნეთ თქუენგან. და აწ მოსრულ ხართ ჩემდა, რაჟამსღა გჭირს?
8 უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: იმიტომ მოგაკითხეთ, რომ წამოგვყვე, შეებრძოლო ყამონიანებს და მთელი გალაადის წინამძღოლი გახდე. 8 მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: ეგრე, არამედ წარმოსრულ ვართ შენდა, რათა წარმოხჳდე და ვჰბრძოდით ძეთა ამონისთა და იყავ შენ ჩუენდა მთავარ ყოველთა დამკჳდრებულთა გალაადისათა.
9 უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: თუ დამაბრუნეთ ყამონიანებთან საბრძოლველად და უფალმა ხელში ჩამიგდო ისინი, მერეც თქვენი წინამძღოლი ვიქნები? 9 და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: უკუეთუ მხადით მე თქუენ ბრძოლად ძეთა ამონისთა, და მომცნეს იგინი უფალმან წინაშე ჩემსა, ვიყო თქუენდა მთავარ.
10 უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი. 10 მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: უფალი იყავნ ჩუენ შორის, რომელსა-ესე ესმეს ჩუენი, ვითარმედ სიტყჳსა შენისაებრ ვყოთ.
11

წამოჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა იგი თავის თავკაცად და წინამძღოლად აირჩია. გაიმეორა იფთახმა ყოველი თავისი სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.

11

და მოვიდა იეფთაე მოხუცებულთა თანა გალაადისსა და დაადგინეს იგი ერსა ზედა მათსა მთავრად და წინამძღურად. და იტყოდა იეფთეა ყოველთავე ამათ სიტყუათა მისთა წინაშე უფლისა მასეფატს.

12 კაცები გაუგზავნა იფთახმა ყამონიანთა მეფეს და უთხრა: რა ხელი გაქვს ჩემთან, რომ მომიხდი და მებრძვი ჩემს მიწაზე? 12 და წარავლინნა იეფთაე მოციქულნი წინაშე მეფისა ძეთა ამონისთა და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, რამეთუ მოსრულ ხარ ბრძოლად ქუეყანასა ჩემისა?
13 უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები. 13 და ჰრქუა მეფემან ძეთა ამონისთამან მოციქულთა მათ იეფთაესთა: რაჲსათჳს მიმიღო მე ისრაჱლმან ქუეყანა ჩემი გამოსლვასა მას მისსა ეგჳპტით არნონითგან ვიდრე იაბოკდმდე, და იორდანედ? და კუალად მომაგე იგი მშჳდობით და წარვიდე შენგან. და შესძინა მერმე იეფთაე
14 დაბრუნდნენ კაცები იფთახთან. მეორედ გაუგზავნა იფთახმა კაცები ყამონიანთა მეფეს. 14 და მიავლინნა მოციქულნი მეფისა ძეთა ამონისთასა
15 უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა. 15 და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს იეფთაე: არა მოუღო ისრაელმან ქუეყანაჲ მოაბისაჲ და ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ;
16 როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა, 16 აღმოსლვასა მათსა ეგჳპტით, არამედ წარმოვიდა ისრაჱლი უდაბნოსა მას ვიდრე ზდუადმდე მეწამულად და მოიწია ვიდრე კადედმდე.
17 კაცები გაუგზავნა ედომის მეფეს და შეუთვალა: გამატარე შენს ქვეყანაზე, მაგრამ ყური არ ათხოვა. მოაბის მეფესაც გაუგზავნა კაცები. მაგრამ მანაც უარი უთხრა. ამიტომაც კადეშში დარჩა ისრაელი. 17 და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი მეფესა ედომისა და ჰჱქუა, ვითარმედ: წარვიდე ქუეყანით შენით. და არა ისმინა მეფემან ედომისამან მათი. და მერმე მეფესა მოაბისასა მიუვლინა და არავე ინება.
18 გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია. 18 და დადგა ისრაჱლი კადესა შინა და განვლო უდაბნოჲ იგი და არა გარემოვლო ქუეყანაჲ ედომისაჲ და ქუეყანაჲ მოაბიჱსაჲ. და მოვიდა მზისა აღმოსავალით კერძო და დაიბანაკა წიაღკერძო არონისა, და არა შევიდა საზღუართა მოაბისათა, რამეთუ არონი არს საზღუარი მოაბისაჲ.
19 კაცები გაუგზავნა ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, შეუთვალა მას ისრაელმა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე და ჩვენს ადგილამდე მიგვიშვიო. 19 და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი სეონისა, მეფისა ამორეველთასა, მეფისა ესებონისა. და ჰრქუა მას ისრაჱლმან: წარვლო ქუეყანით შენით ვიდრე ადგიდმდე ჩემდა.
20 მაგრამ სიხონი არ დათანხმდა, გაეტარებინა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. შეაგროვა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იააცში დაბანაკდა და შეება ისრაელს. 20 და არა ინება სეონ წარსლვად ისრაჱლი საზღუართაგან მისთა შეკრიბა სეონ ყოველი ერი თჳსი და დაიბანაკა იასას და ჰბრძოდა ისრაჱლსა.
21

უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხელში ჩაუგდო ისრაელს სიხონი და მთელი მისი ხალხი და მან გაწყვიტა ისინი. დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა, იმათი, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობდა.

21

და მოსცა უფალმან ღმერთმან სეონ და ყოველი ერი მისი ჴელსა ისრაჱლისსა და მოსრნეს იგინი და დაიმკჳდრა ისრაჱლმან ყოველი ქუეყანაჲ ამორეველთაჲ.

22 დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე. 22 რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას ქუეყანასა არონითგან ვიდრე იაბოკადმდე.
23 ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას? 23 და აწ უფალმან ღმერთმან აღიღო ამორეველი იგი ერისაგან თჳსისა ისრაჱლისა. და შენ დაიმკჳდრო იგია?
24 ხომ ფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის. 24 ანუ არა, რაოდენ დაგიმკჳდრა შენ ქამოს, ღმერთმან შენმან, იგი დაიმკჳდრო შენ? და ყოველი რომელი დაგჳმკჳდრა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა თქუენსა. იგი დავიმკჳდროთ ჩუენ.
25 რითი ჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? ოდესმე თუ წაკიდებია იგი ისრაელს ან თუ უომია მასთან? 25 და აწ შენ უმჯობეს ხარა ბალაკისა, ძისა სეფორისსა, მეფისა მოაბისასა? ლალვით ნუ ჰლალვიდა ისრაჱლსა, ანუ ბრძოლით ნუ ჰბრძოდა მას?
26 სამასი წელია, რაც ცხოვრობს ისრაელი ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, ყველა ქალაქში არნონის გაღმა-გამოღმა. რატომ იმთავითვე არ დაიბრუნე ისინი? 26 რაჟამს იყოფოდა ისრაჱლი იესებონს და ასულთა მისთა და ყოველსავე ქალაქებსა მისსა იორდანით კერძო სამას წელ, რაჲსათჳს არა იჴსნნეს იგინი მას ჟამსა შინა?
27 მე არ მაქვს ბრალი შენს წინაშე, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საბრძოლველად. უფალი იყოს ახლა მსაჯული ისრაელიანთა და ყამონიანთაა შორის! 27 ხოლო მე არარაჲ შეგცოდე შენ და შენ იქმ ჩემდა მომართ ბოროტსა, და მბრძავ მე. საჯენ უფალმან, რომელმან საჯოს დღეს შორის ძეთა ისრაჱლისათა და შორის ძეთა ამონისთა.
28 მაგრამ ყური არ ათხოვა ყამონიანთა მეფემ იფთახის შენათვალს. 28 და არა ისმინნა მეფემან ძეთა ამონისთამან სიტყუანი იგი იეფთაესნი, ვითარ-იგი მიუვლინა მას.
29 გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე. 29 და ილოცა იეფთაე ლთცვაჲ უფლისა მიმართ და თქუა: უკეთუ მოცემით მოსცნე ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა,
30 ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს, 30  
31

როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.

31 და იყოს, ყოველივე, რომელი გამოვიდეს კართაგან სახლისა ჩემისათა შემთხუევად ჩემდა, მო-რა-ვიქცე მე მშჳდობით ძეთაგან ამონისთა, იყავნ იგი უფლისაჲ და შევწირო იგი მსხუერპლად მისსა.
32 წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი. 32

და წარვიდა იეფთაე ძეთა ამონისთა ბრძოლად მათა. და მოსცნა იგინი უფალმან ჴელსა მისსა.

33 სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს. 33 და მოსრნა იგინი არონითგან ვიდრე მოსლვადმდე სემინნდ ოცი ქალაქი და ვიდრე აბელდმდე ვენაჴოანისა წყლულებითა დიდითა ფრიად. და ჰრცხუენა ძეთა ამონისთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.
34 შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი. 34 და მოვიდა იეფთაე მასეფად სახიდ თჳსა და ასული მისი გამოვიდოდა შემთხუევად მისა ბობღნითა და მძნობრითა. და იგი იყო იამავრი მისი და არა ესუა მას მისა გარეშე ძე გინა ასული.
35 როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას. 35 და იყო, იგი ვითარცა იხილა მან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ვაჲმე ასულო ჩემო, ვაჲმე, რამეთუ ბორკილ მექმენ მე და საწერტელ თუალთა ჩემთა. და მე აღვაღე პირი ჩემი უფლისა მიმართ და ვერ ჴელ-მეწიფების მე ქცევად.
36 უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს. 36 სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუა მას ასულმან: უკუეთუ. ჩვმთჳს აღაღე პირი შენი უფლისა მიმართ, მიყავ მე, ვითარცა აღმოჰჴდა პირისაგან შენისა ამისთჳს, რამეთუ ჰყავ შენ უფალი შურისმეძიებელად მტერთა შენთათა ძეთათჳს ამონისთა.
37 უთხრა მამას: ოღონდ ერთი რამ შემისრულე: ორი თვით გამიშვი, წავალ, მთაში ავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ყმაწვილქალობას. 37 და ჰრქუა მამასა თჳსსა: მიყავ მე სიტყჳსაებრ მის და მაცადე მე ორ თვე ოდენ და განვიდე მთად და ვტიროდი მე ქალწულებასა ჩემსა მოყუასთა ჩემთა თანა.
38 უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქალობა. 38 ხოლო მან ჰრქუა მას: განვედ! და განვიდა იგი და მის თანა სხუანი ქალწულნი. და სტიროდა ქალწულებასა თჳსსა მთათა გარე.
39 ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში: 39 და იყო, შემდგომად აღსრულებისა ორთა თუეთაჲსა მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და აღასრულა მის ზედა აღთქუმაჲ იგი თჳსი იეფთაე, რიმელ-იგი აღუთქუა ღმერთსა, ხოლო მან არა იცოდა მამაკაცი და დამტკიცნა სიტყუაჲ ესე ბრძანებად ისრაჱლსა შორის.
40 წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს. 40 მიერ დღითგან მუნ დღედმდე მასვე ჟამსა შეკრბიან ასულნი ისრაჱლისანი გოდებად ასულისა იეფთაეს გალაადელისა ოთხ დღე წელიწადსა შინა.