ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ფილისტიმელების ხელში ამყოფა ისინი უფალმა ორმოც წელს.

1

და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა მერმე ყოფა ბოროტისა წინაშე უფლისა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა ორმეოც წელ.

2 იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა. 2 და იყო კაცი სარაჲთ ტომისგან დანისა, და სახელი მისი მანოე. და ცოლი მისი იყო ბერწ და არა შობდა.
3 გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება. 3 და გამოეცხადა დედაკაცსა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: შენ, ეგერა ბერწ ხარ და არა გიშობიეს, ხოლო აწ მიუდგე და შვე ძე.
4 ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო. 4 არამედ ეკრძალე და ნუ ჰსუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა, ნუცა სჭამ ყოველსავე არაწმიდასა.
5 რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან. 5 რამეთუ შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მახჳლი თავსა მისსა ნუ შეეხებინ, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი შობითგან მისით. და მან იწყოს განრინებად ისრაჱლისა ჴელისაგან უცხოთესლთა, ფილისტიმელთასა.
6 წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი. 6 და შევიდა ცოლი და ჰრქუა ქმარსა თჳსსა: რამეთუ კაცი უფლისაჲ მოვიდა ჩემდა და ხილვა მისი. ვითარცა ხილვა ანგელოზისა ღმრთისაჲ, შუენიერ იყო ფრიად. და ვკითხე მას: ვინა მოხვალ? და სახელი მისი არა მითხრა მე.
7 მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო. 7 და მრქუა მე: ეგერა, შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მრქუა მე: ნუ სუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა და ნუ სჭამ ყოველსავე არაწმიდასა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი საშოჲთგანვე სიკუდიდმდე მისა.
8 ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება. 8 და ევედრებოდა უფალსა მანოე და იტყოდა: მოიხილე ჩემდა, უფალო! და კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოავლინე ჩუენდა, მერმეცა მოვედინ ჩუენდა, და მაუწყენ ჩუენ, რაჲ უყოთ ყრმასა მას. რომელ იგი იშვეს!
9 უსმინა ღმერთმა მანოახს და ღვთის ანგელოზი ხელახლა მოვიდა ქალთან, როცა იგი ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, თან არ ახლდა. 9 და შეისმინა ღმერთმან ვედრებაჲ იგი მანოესი, და მოვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ დედაკაცისა მის. ხოლო დედაკაცი იგი ჯდა ველსა გარე, და მანოე, ქმარი მისი, არა იყო მის თანა.
10 მაშინვე გამოიქცა ქალი და შეატყობინა ქმარს: აჰა, გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან. 10 და ისწრაფა დედაკაცმან მან და მირბიოდა და უთხრა ქმარსა თჳსსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, მეჩუენა მე კაცი იგი, რომელი მოვიდა მას დღესა ჩემდა.
11

ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკა? მიუგო: მე ვარ.

11

და აღდგა მანოე და შეუდგა ცოლსა თჳსსა და მოვიდა კაცისა მის და ჰრქუა მას: უკუეთუ შენ ხარა კაცი იგი, რომელ ეტყოდე ცოლსა ჩემსა? და მან ჰრქუა: მე ვარ.

12 უთხრა მანოახმა: თუ მართლა ახდა შენი სიტყვა, რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ? 12 და ჰრქუა მას მანოე: აწ, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, რაჲმე იყოს სამართალი ყრმისა მის და საქმე მისი?
13 უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი. 13 ხოლო ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა მანოეს: ყოველივე, რომელი ვარქუ ცოლსა შენსა, ეკრძალენ.
14 არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე. 14 და ყოველივე რომელი გამოვალს ვენაჴისგან, ნუ ჭამნ; და ღჳნოსა და თაფლუჭსა ნუ სუამნ და ყოველსავე არაწმიდასა ნუ ჭამნ; და ყოველივე რომელი ვამცენ მას, ეკრძალენ.
15 უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: დარჩი გევედრები, თიკანს დაგიკლავ. 15 მიუგო და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა: გაიძულოთ შენ და მოვჰმზადოთ შენ წინაშე თიკანი ერთი თხათაჲ.
16 უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: რაც უნდა მევედრო, მაინც არ გავტეხ შენს პურს. თუ გინდა, რომ უფალს აღსავლენი მსხვერპლი შესწირო, შესწირე. არ იცოდა მანოახმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო. 16 და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან მანოეს: დაღათუ მაიძულოთ, მე არა ვჭამო პური შენი. ხოლო შე-თუ-სწირავ მსხუერპლსა, უფლისა შეწირე იგი, რამეთუ. ვერ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.
17 უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება. 17 და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა. რაჲ არს სახელი შენი? რათა, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, გადიდებდე შენ!
18 უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი. 18 ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ.
19 მოიტანა მანოახმა თიკანი და ძღვენი და ქვაზე დააწყო, რომ შეეწირა უფლისათვის, ხოლო მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ. 19 და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს.
20 როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და მისი ცოლი. 20 და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად.
21

მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.

21

და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.

22 უთხრა მანოახმა ცოლს: სიკვდილი არ აგვცდება, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილეთ. 22 და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ.
23 ცოლმა უთხრა: უფალს რომ ჩვენი სიკვდილი ნდომოდა, არ მიიღებდა აღსავლენს და ძღვენს ჩვენი ხელიდან. არ დაგვანახებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერს ამას. 23 და ჰრქუა მანოეს ცოლმან თჳსმან: უკუეთუმცა უნდა უფალსა სიკუდილი ჩუენი. არამცა შეიწირა ჴელთაგან ჩუენთა მსხუერპლი ესე და შესაწირავი; და არამცა მაუწყა ჩუენ ესე ყოველი, და არამცა მასმინა ჩუენ.
24 შობა ქალმა ვაჟი და უწოდა სამსონი. გაიზარდა ყმაწვილი და უფალმა აკურთხა იგი. 24 და შვა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და უწოდა სახელი მისი სამსონ და აკურთხა იგი უფალმა.
25 უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის. 25 და აღორძნდა ყრმაჲ იგი, და იწყო სულმან უფლისამან სლვად მის თანა ბანაკსა მას დანისსა შორის სარაასა და შორის ასთალონსა.