ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და ბეთელში ისრაილის სახლთან და თქვა: ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი, არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას უკუნისამდე. |
1 |
და აღმოვიდა ანგელოზი უფლისა გალგად და ადგილსა მას ტირილისასა და ბეთელდ და სახლსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუა მათ. ამას იტყჳს უფალი: უფალმან აღმოგიყუანნა თქუენ ეგჳპტით და შემოგიყუანნა თქვენ ქუეყანასა ამას, რომლისათჳს ეფუცა მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა. და თქუა: არა განვაქარვო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს თქუენდა მიმართ უკუნისამდე. |
2 | ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ! | 2 | და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მკჳდრთა მათ ამის ქუეყანისათა, არცა თაყუანის-სცვმდეთ კერპთა მათთა, არამედ გამოქანდაკებულნი იგი კვრპნი მათნი შეჰმუსრენით და საკურთხეველები მათი დაარღჳეთ. და თქუენ არა ისმინეთ ჴმისა ჩემისა და ესე ყოველი ჰყავთ. |
3 | ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები. | 3 | და მე ვთქუ: არღარა შევსძინო განსხმად ერისა მის, რომლისა-იგი ვთქუ განსხმაჲ არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და იყვნენ იგინი თქუენდა მაჭირვებელ და ღმერთნი იგი მათნი იყვნენ თქუენდა საცთურ. |
4 | როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი. | 4 | და იყო, ვითარცა იტყოდა ანგელოზი იგი უფლისა სიტყუათა ამათ ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა, და აღიღო ერმან მან ჴმაჲ მათი და ტიროდეს. |
5 | ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სახელად ბოქიმი (მოტირალნი). მსხვერპლი შესწირეს იქ უფალს. | 5 | ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილსა მას ტირილისა და შეწირეს მუნ მსხუერპლი უფლისა. |
6 | დაითხოვა იესომ ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ ისრაელიანები თავ-თავიანთ სახლებში, თავ-თავიანთ წილხვდომილ ქვეყნებში, რათა დაემკვიდრებინათ იგი. | 6 | და წარავლინა ისო ერი იგი და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი კაცად-კაცადი სამკჳდრვბელსა თჳსსა დაპყრობად ქუეყანისა. |
7 | უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა. | 7 | და ჰმონებდა ერი იგი უფალსა ყოველთა დღეთა მათ მოხუცებულთასა, რომელნი დღეგრძელ იყვნეს ისოჲს თანა, და რომელთა იცნოდეს ყოველნი საქმენი უფლისანი, და დიდნი, რომელ იყო ისრაჱლსა თანა. |
8 | მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა, | 8 | და აღესრულა ისო, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ასდაათისა წლისა. |
9 | და დამარხეს თავის წილხვდომილში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. | 9 | და დაჰფლეს იგი მთასა მას სამკჳდრებელისა თჳსისასა თამნასაქარს, მთასა მას ეფრემისსა, ბღუარით კერძოჲ მთისა მის გაასისსა. და ყოველი ნათესავი წარჴდა და შეეძინნეს მამათა მათთა. |
10 | მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა. | 10 | და აღდგა ნათესავი სხუაჲ შემდგომად მათსა, რომელთა არა იცოდეს [უფალი] და საქმენი. რომელ ქმნნა ისრაჲლსა თანა. |
11 | უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს. | 11 | და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალიმსა. |
12 |
დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ. |
12 |
და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყუანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდოდეს იგინი შემდგომად ღმერთთა უცხოთა, ღმერთთა მათ ერისათა, რომელნი იყვნეს გარემო მათსა, და თაყუანისცემდეს მათ და განარისხეს უფალი. |
13 | დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს. | 13 | და დაუტევეს იგი და ჰმსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა. |
14 | აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ. | 14 | და განრისხნა გულისწყომით უფალი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა მათთასა. და წარტყუენნეს იგინი გარემოჲს და ვერ ეძლო დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთავე მით, რომელსა იქმოდეს. |
15 | სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი. | 15 | და ჴელი უფლისა იყო მათ ზედა ბოროტისა საქმედ, ვითარცა ეტყოდა უფალი, და ვითარცა-იგი ფუცა უფალმან, და აჭირებდა მათ ფრიად |
16 | დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ. | 16 | და აღადგინნის უფალმან მსაჯულნი, და განარინნის იგინი უფალმან ჴელთაგან წარმტყუენველთა მათთასა და მათცა არავე ისმინეს. |
17 | მაგრამ არც მსაჯულებს უჯერებდნენ, უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე, თაყვანს სცემდნენ მათ და მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომლითაც დადიოდა მათი მამა-პაპა, უფლის მცნებათა მორჩილი. ესენი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ. | 17 | და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ. და განარისხეს უფალი და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი არა სმენად მცნებათა უფლისათა, არცა ყვეს ეგრეთ. |
18 | მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში. | 18 | და რამეთუ აღუდგინის მათ უფალმან მსაჯული და არნ უფალი მსაჯულისა მის თანა. და იჴსნეს იგი ჴელთაგან მტერთა მისთასა ყოველთა დღეთა მის მსაჯულისათა: და ნუგეშინის-სცის უფალმან სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან მათისა, რომელთა გარემოიცვნიან იგინი და ბოროტსა უყოფედ მათ. |
19 | მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, მამებზე უარესს ჩადიოდნენ, მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ სტოვებდნენ. | 19 | და არნ, ვითარცა მოკუდის მსაჯული იგი, გარდაიქციან და კუალად განიხრწნიან უფროს მამათა მათა მისლვად კუალსა მათსა ღმერთთა უცხოთასა. და ჰმსახურებედ და თაყუანის-სცემედ მათ და არა განიშორნეს სლვანი გზისა მისგან მათისა. |
20 | აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ მიჯერებს, | 20 | და განრისხნა გულის წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და თქუა: ამისთჳს, რამეთუ დაუტევა ნათესავმან ამან შჯული ჩემი, რომელ ვამცენ მამათა მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა. |
21 | აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი დარჩა იესოს, როცა მოკვდა, | 21 | და მე არღარა შევსძინო აღჴოცად კაცისა პირისაგან მათისა წარმართთა მათგანი, რომელნი დაუტევა ისო, ძემან ნაჱესმან. |
22 | რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა. | 22 | და დააცადა გამოცდად მათ შორის ისრაჱლისა, და-თუ-იმარხნენ გზანი უფლისანი, და ვიდოდიან მას, ანუ თუ არა, ვითარცა-იგი დაიმარხნეს მამათა მათთა. |
23 | ამიტომ იყო, აუყრელი რომ დატოვა ეს ხალხები უფალმა, თავიდანვე რომ არ აჰყარა და არ ჩაუგდო ხელში იესოს. | 23 | და დაუტევნა უფალმან ნათესავნი ჱსე და არა აღჴოცნა ადრე, არა მისცნა იგინი ჴელთა ისოჲსსთა. |