ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს. |
1 |
და კაცმან ისრაჱლისამან ფუცა მასეფას მას დღესა შინა და თქუა: კაცმან ჩუენგანმან არა მისცეს ასული თჳსი ბენიამენს ცოლად. |
2 | მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ. | 2 | და წარმოვიდა ერი იგი და მოვიდეს ბეთლემდ. და დასხდა მუნ წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს ტირილითა დიდითა. |
3 | ამბობდნენ: უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ისეთი რამ ისრაელში, რომ დღეს მთელი ერთი შტო გამოაკლდა ისრაელს? | 3 | და თქუეს: რაჲსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, იქმნა ესე ისრაჱლსა შორის, აჴოცად დღეს ისრაჱლსა შორის ნათესავი ერთი? |
4 | მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი, ააგო იქ სამსხვერპლო, და აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი მიიტანა. | 4 | და იყო ხვალისაგან, და აღიმსთო ერმან მან და აღაშენეს საკურთხეველი და შეწირეს მსხუერპლები ცხორებისაჲ, |
5 | თქვეს ისრაელიანებმა: ვინ არ მოვიდა შესაკრებელში უფლის წინაშე ისრაელის შტოთაგან? რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ გამოცხადდებოდა. უფლის წინაშე მიცფაში. | 5 | და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ არა მოვიდა კრებულსა ამას ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა უფლისა? რამეთუ ფიცი იყო დიდი, რომელი არა მოვიდეს უფლისა მასეფად და თქუეს: სიკუდილით მოკუედინ იგი. |
6 | შეებრალათ ისრაელიანებს ბენიამინი, თავიანთი ძმა და თქვეს: მთელი ერთი შტო მოიკვეთა დღეს ისრაელიდან. | 6 | და ნუგეშინის-იცეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენისთჳს, ძმისა მათისა, და თქუეს: აღებულ არს დღეს ტომი ერთი ისრაჱლისაგან. |
7 | რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე, აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე? | 7 | რაჲმე უყოთ მათ, რომელნი დაშთომილ არიან უცოლოდ, რამეთუ ჩუენ ვფუცეთ უფლისა, რამეთუ არა მივსცეთ მათ ცოლად ასულთაგანი ჩუენთა? |
8 | თქვეს: ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის შტოთაგან უფლის წინაშე მიცფაში? აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, შესაკრებელში. | 8 | და თქუეს: ვინმე არს ერთი ტომი ნათესავისაგან ისრაჱლისა, რომელი არა მოვიდა უფლისა მასეფად? და არა მოსრულ იყო კაცი ბანაკად |
9 | შეამოწმეს ხალხი, და აჰა, არავინ იყო იქ გალაადის იაბეშიდან. | 9 | იაბის გალაადისა კრებულსა მას და აღიხილეს ერი იგი. და არა იყო მუნ კაცი მკუდრთაგან იაბის გალაადისათა. |
10 | გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი. | 10 | და მიავლინნა მუნ ერმან მან ათორმეტი ათასი კაცი ძეთაგან ძლიერებისათა და ამცნეს მათ და ჰრქუეს: წარვედით და მოსრენით ყოველნი დამკჳდრებულნი იაბის გალაადისანი პირითა მახჳლისათა, დედანი და ერი მათი. |
11 |
ასე ჰქენით: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით. |
11 |
და ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: ყოველივე მამაკაცი და ყოველივე დედაკაცი, რომელმან იცის საწოლი მამაკაცისაჲ, შეჩუენებულ-ყავთ, ხოლო ქალწულნი განარინენით! და მათ ყვეს ეგრეთ. |
12 | ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია. | 12 | და პოვეს მკჳდრთაგან იაბის გალაადისათა ოთხასი ქალწული ქალი, რომელთა არა იცოდეს მამაკაცი საწოლითა მამაკაცისაჲთა, და მოიყვანნეს იგინი ბანაკად სელომდ, რომელ არს ქალაქსა ქანაანისასა. |
13 | კაცები - დაგზავნა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოლაპარაკებოდა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინიანებს და ზავი გამოეცხადებინათ მათთვის. | 13 | და მიავლინნეს ყოველმან კრებულმან და ეტყოდეს ძეთა ბენიამენისთა, რომელნი-იგი იყუნეს კლდესა მას რემონისასა, და მოუწოდეს მათ მშჳდობად. |
14 | დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინიანები და მისცეს ისრაელიანებმა ქალები, რომლებიც ცოცხალი დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან, მაგრამ არ შეხვდა ყველას. | 14 | და მოიქცა ბენიამენ ძეთა ისრაჱლისათა მას ჟამსა შინა, და მისცეს მათ ცოლები, რომელნი იყუნეს დედათაგან იაბის გალაადისათანი, და სათნო-უჩნდა მათ ესრე. |
15 | ნანობდა ხალხი ბენიამინის გამო, რომ დაანაკლისა უფალმა ისრაელი. | 15 | და ერმან, რომელმან ნუგეშინის-იცა ბენიამენის ზედა, რამეთუ ყო უფალმან განკუეთაჲ ტომთა შორის ისრაჱლისათა. |
16 | თქვეს საზოგადოების უხუცესებმა: როგორ მოვიქცეთ დარჩენილებთან ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს. | 16 | და თქუეს მოხუცებულთა მის კრებულისათა: რაჲმე ვყოთ ნეშტთა ამათთჳს, რომელნი დაშთეს უცოლოდ, რამეთუ აღიჴოცა ბენიამენისგან დედაკაცი? |
17 | თქვეს: მემკვიდრეობა მიეცეს დარჩენილ ბენიამინიანებს, რომ შტო არ გაქრეს ისრაელიდან. | 17 | და ჰრქუეს: სამკჳდრებელ განრინებულ ბენიამენს და არა აღიჴოცოს ტომი ისრაჱლსა შორის. |
18 | მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს. | 18 | და ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მიცემად მათა ცოლი ასულთაგან ჩუენთა, რამეთუ ვფუცეთ ძეთა ისრაჱლისათა და ვთქუთ: წყეულ იყავნ, რომელმან მისცეს ცოლი ბენიამენს. |
19 | თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს. | 19 | და თქუეს: ესერა, დღესასწაული არს უფლისაჲ სელომს დღეთა წელიწადისათა, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთლემსა მზისაღმოსავალით მებოძირთა მათ, რომელი აღვალს ბეთლემით სიკიმად, და სამხრით კერძო ლებონასა. |
20 | უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით. | 20 |
და ამცნეს ძეთა მათ ბენიამენისთა და ჰრქუეს: წარვედით და მზირ-უყავთ ვენაჴოვანსა შინა. |
21 |
თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში. |
21 | და იხილეთ, რაჟამს გამოვიდენ ასულნი იგი მკჳდრთა სელომისთანი და მძნობრები მძნობრად, გამოეტევენით ვენაჴოვანთა მათგან! და იტაცენ კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა ცოლი ასულთაგან სელომისთა, და წარიყვანეთ და წარვედით ქუეყანად ბენიამენისა. |
22 | როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით. | 22 | და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი, გინათუ ძმანი მათნი სასჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა; არა თუ თქუენ მისცნეთ მათ და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ. |
23 | ბენიამინიანები ასეც მოიქცნენ: თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცა მეფერხულეთაგან და ითხოვეს. მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ წილხვდომილში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ შიგ. | 23 | და ყვეს ეგრე ძეთა ბენიამენისთა და მოიყვანეს ცოლები მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგანი, რომელნი იტაცნეს, და წარვიდეს და მოიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშენეს ქალაქები და დაემკჳდრნეს მათ შინა. |
24 | მაშინ წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელიანები. თითოეული თავის შტოში და საგვარეულოში, ყველა თავის წილხვედრში დაბრუნდა იქიდან. | 24 | და წარმოვიდეს მიერ ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა. და მივიდა კაცად-კაცადი ტომსა თჳსსა და ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის და კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა ჰყოფდა. |
25 | იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა. | დიდებაჲ შენდა, უფალო! დაესრულა წიგნი მსაჯულთაჲ. |