ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აი, ის ხალხები, აუყრელი რომ დატოვა უფალმა, რათა გამოეცადა მათით ისრაელიანება, ყველანი, ვინც ვერცერთ ქანაანურ ომს ვერ შეესწრო. |
1 |
და ესე ნათესავნი დაუტევნა უფალმან, რათა გამოცადნეს მათგან ძენი ისრაჱლისანი, ყოველნივე იგი, რომელთა არა იცნოდეს ბრძოლანი ქანანელთანი. |
2 | მხოლოდ იმისთვის, რომ შესწრებოდნენ და ესწავლათ ომი ისრაელიანთა შემდგომ თაობებს, რომლებიც უწინდელ ომებს ვერ შეესწრნენ: | 2 | ნათესავისა მისთჳს, ძეთა ისრაჱლისათა, რათა ასწაონ მათ ბრძოლაჲ. ხოლო უწინარესთა მათთა არავე იცნოდეს ესენი. |
3 | ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე. | 3 | ხუთნი ესე სამთავრონი უცხოთესლთანი და ყოველნივე ქანანელნი და სიდონელნი და ეველნი, და რომელი დამკჳდრებულ იყო ლიბანესა ზედა, მთითგან აერმონით ვიდრე ლაბკმათმდე. |
4 | სურდა გამოეცადა ისრაელიანები მათით, ენახა დაიცავდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს პირით რომ ამცნო მათ მამა-პაპას. | 4 | და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა. |
5 | ცხოვრობდნენ ისრაელიანები ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხივიელთა და იებუსეველთა შორის. | 5 | და ძენი ისრაჱლისანი დაემკჳდრნეს შორის ქანანელისა მის, და ქეტელისა, და ამორეველისა, და ფერეზელისა, და ეველისა, და იებოსელისა და გერგესელისა. |
6 | ირთავდნენ მათ ქალებს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალებს მათ ვაჟებზე და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს. | 6 | და მოიყვანნეს ასულნი მათნი თავისა თჳსისა ცოლად და ასულნი მათნი მისცნეს ძეთა მათთა, და ჰმსახურებდეს ღმერთთა მათთა. |
7 | უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშერებს. | 7 | და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა, და დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი და ჰმსახურებდეს ბაალსა და სერტყებსა. |
8 | რისხვით აღიგზნო უფალი ისრაელის მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშთაიმს, არამის ორმდინარეთის მეფეს, და მორჩილებდნენ ისრაელიანები ქუშან-რიშთაიმს რვა წელი. | 8 | და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელსა ქუსარსათემისასა, მეფისა ასურეთისასა, და ჰმონებდეს მათ რვა წელ. |
9 | მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე. | 9 | და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ. და აღუდგინა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და იჴსნნა იგინი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძისა ქალებისმან უმრწემესისამან. |
10 | უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს. | 10 | და ისმინა მათი უფალმან. და შჯიდა იგი ისრაჱლსა და განვიდა ბრძოლად ქუსარსათემისა; და მოსცა უფალმან ჴელთა მისთა ქუსარსათემ, მეფე ასურეთისაჲ. და განმტკიცნა ჴელი მისი ქუსარსათემის ზედა. |
11 | დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე. | 11 |
და დამშჳდნა ქუეყანა ორმეოც წელ. და მოკუდა გოთონიელ, ძე კენეზისი. |
12 |
კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ამძლავრა უფალმა ისრაელზე ყეგლონი, მოაბის მეფე, რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ისინი უფლის თვალში. |
12 | და შესძინნეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა. და განაძლიერა უფალმან ეგლომ, მეფე მოაბისაჲ, ისრაჱლსა ზედა ამისთჳს, რამეთუ ყვეს ბოროტი წინაშე უფლისა. |
13 | შემოიკრიბა მთელი ყამონი და ყამალეკი, დაიძრა, დაამარცხა ისრაელი და აიღო ფინიკ-ქალაქი. | 13 | და შეიკრიბნა მან ყოველნი ძენი ამასისნი და ამალეკი, და მოვიდა და მოსრა ისრაჱლი, და მოვიდა და დაიმკჳდრა ქალაქები იგი დანაკისკუდოვანთაჲ. |
14 | მორჩილებდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს თვრამეტი წელი. | 14 | და ჰმონებდეს ძენი ისრაჱლისანი ეგლომს, მეფესა მოაბისასა, ათურამეტ წელ. |
15 | მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან. | 15 | და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და აღუდგინა მათ უფალმან მჴსნელად აოდ, ძე გერაჲსი. ძისა იემენელისაჲ, კაცი ორითავე ჴელითა მარჯუენე. და მიუძღუანეს ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მისითა ძღუენი ეგლომს, მეფესა მოაბისასა. |
16 | ორლესული ერთწყრთიანი მახვილი გააკეთებინა აჰუდმა და წამოსასხამქვეშ შეიბა მარჯვენა თეძოსთან. | 16 | და იქმნა აოდ თავისა თჳსისა მახჳლი ორპირი, სიგრძე ყო მტკაველ ერთ და შეიბა იგი ბარკალთა ქუეშე ბარკლისა მარჯუენისა მისისასა და წარვიდა. |
17 | მივიდა და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს. ძალზე მსუქანი კაცი იყო ყეგლონი. | 17 | და მიართუა ძღუენი იგი ეგლომს, მეფესა მოაბისასა. და ეგლომ იყო კაცი სასტიკი ფრიად. |
18 | როგორც კი ძღვენი მოართვეს, უკან გაისტუმრა ძღვენის მომტანნი. | 18 | და ვითარცა აღასრულა აოდ შეწირვად ძღუენი იგი, და წარავლინნა კაცნი იგი, რომელთა აქუნდა ძღუენი იგი. |
19 | თავად გილგალის საკერპოდან გამობრუნდა და უთხრა: საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო! ბრძანა ყეგლონმა: ჩუმად! და ყველა კარისკაცი გარეთ გაიკრიფა. | 19 | და ეგლომ გამო-ოდენ-სრულ იყო კერპთა მისთაგან გალგალის თანა და ჰრქუა აოდ ეგლომს: სიტყუაჲ მიჴმს ფარულად შენდამი, მეფე. და ჰრქუა ეგლომ: დადუმენ! და გამოვიდეს წინაშემდგომელნი იგი მისგან. |
20 | შევიდა აჰუდი მასთან. საგრილობელ ოთახში იჯდა, ცალკე რომ ჰქონდა ზემო სართულზე. უთხრა აჰუდმა: უფლის სიტყვა მაქვს სათქმელი შენთვის! და წამოიმართა ტახტიდან ყეგლონი მის დანახვაზე. | 20 | და იგი ჯდა ქორსა მას საზაფხულოსა მარტო. და ჰრქუა აოდ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ მიჴმს მე რქუმად შენდა, მეფე, და აღდგა ეგლომ საყდრისაგან თჳსისა. |
21 | და როგორც კი წამოიმართა, გაიკრა აჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა. | 21 | და მოვიდა მახლობელ მისა. და იყო, ვითარცა ა-ოდენ-დგა იგი, მიყო აოდ ჴელი მარცხენე მისი, და აღმოიჴადა მახჳლი იგი ორპირი ბარკლისაგან მარჯუენისა მისისა, და სცა მუცელსა ეგლომისსა. |
22 | ვადიანად ჩაეფლო შიგ მახვილი და ქონმა გადაფარა ვადა, რადგან მუცელშივე ჩაატოვა მახვილი, რომელსაც მეორე მხარეს გაეწვერა. | 22 | და შთააგდო ტარიცა შემდგომად მახჳლისა. და დაყო პოზანმან პირი მისი და არა გამოჴადა მახჳლი იგი მუცელსა მისსა. |
23 | მერე ტალანში გამოვიდა აჰუდი, გამოიხურა და ჩაკეტა ოთახის კარი. | 23 | და გამოვიდა კარსესა და გამოვლნა განწესებულნი იგი. და დაჰჴშნა კარნი ქორისანი მის მის ზედა და დამშჭუალნა, და აოდ გამო-ოდენ-ვიდა. |
24 |
როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მისი მსახურებიც და, აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ოთახის კარი. თქვეს: მოსასაქმებლად შეიკეტებოდაო საგრილობელ ოთახში. |
24 |
და შევიდეს მონანი მისნი და იხილეს და კარნი მის ქორისანი დაჴშულ იყვნეს, და თქუეს: ნუუკუე საჯდომელთა ჯდეს განშორებულად სასუენებელსა მისსა? |
25 | კარგა ხანს უცადეს და, როცა ნახეს, არავინ აღებდა ოთახის კარს, კლიტე მოარგეს, გააღეს და რას ხედავენ: მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი. | 25 | და ელოდეს და ეშინოდა რეკად კარისა და, აჰა ესერა, არა ვინ იყო, რომელმანცა განახუნა კარნი მის ქორისანი და მოიღეს კლიტე. და განაღეს კარნი მის ქორისანი და იხილეს და უფალი მათი იდვა ქუეყანასა ზედა მკუდარი. |
26 | სანამ გონს მოეგებოდნენ, აჰუდმა სამშვიდობოს გამოაღწია, არავის გახსენებია იგი. გამოსცდა საკერპოს და თავი სეყირს შეაფარა. | 26 | და აოდ განერა და შევარდა ტიროთად, ვიდრე იგინი შფოთსაღა შინა იყვნეს. და არავინ იყო, რომელმანცა გულისხმა-ყო მისთჳს. და იგი თანაწარჰჴდა გამოქანდაკებულთა მათ, და განერა და შევარდა ტიროთად. |
27 | მოსვლისას ბუკსა ჰკრა ეფრემის მთაში, ჩამოიყვანა მთიდან ისრაელიანები და წინ წაუძღვა. | 27 | და იყო, რაჟამს მოვიდა აოდ ქუეყანასა ისრაჱლისასა, და დაჰბერეს ნესტუსა მთასა მას ეფრემისასა. და შეკრბეს მის თანა ძენი ისრაჱლისანი და იგი წინაშე მათსა. |
28 | უთხრა: მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მოაბელები, თქვენი მტრები! გაჰყვნენ და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და არავინ გაატარეს. | 28 | და ჰრქუა მათ აოდ: მოდით ჩემ თანა, რამეთუ მოგცნა უფალმან ღმერთმან თქუენმან მტერნი თქუენნი მოაბელნი ჴელთა თქუენთა. და მივიდეს მის თანა და დაიპყრეს წიაღსავალი იგი იორდანისაჲ, რომელ არს მოაბელთა, და არა უტევეს კაცი წიაღსლვად. |
29 | ათი ათასამდე მოაბელი დახოცეს იმჟამად, ყველანი ბრგე და ძლიერნი, თავს ვერავინ უშველა. | 29 | და მოსრეს მოაბელთაგანი მას დღესა შინა ათი ათასი კაცი ყოველნივე მბრძოლნი მათ შორის და ყოველი კაცი ძლიერი. და არავინ განერა ერთიცა მათგანი. |
30 | დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი. | 30 | და იძლია მოაბი მას დღესა შინა ჴელსა ქუეშე ისრაჱლისასა; და დამშჳდნა ქუეყანა ოთხმეოც წელ. და შჯიდა აოდ ვიღრე დღედმდე სიკუდილისა მისისა. |
31 | მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი. | 31 | და ამისა შემდგომად აღდგა სემეგარ, ძე ამათისი, და მოსრნა უცხოთესლნი ექუსასნი კაცი ერქუნითა საჴნველისა ჴართათა. და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა. |