ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰუდის სიკვდილის შემდეგაც უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში.

1

და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა.

2 და უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში მეფობდა და მხედართმთავრად ჰყავდა სისარა, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა. 2 და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა იაბისსა, მეფისა ქანანელთასა, რომელი მეფობდა ასურს შინა, და მთავარ ერისა მისისა იყო სისარაჲ. და დამკჳდრებულ იყო არისოთს წარმართთასა.
3 შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი. 3 და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ, რამეთუ ცხრაასი ეტლი რკინისა იყო მისი, და იგი აჭირვებდა ისრაჱლსა ფრიად ოც წელ.
4 იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი. 4 და დებორა იყო დედაკაცი წინასწარმეტყუელა, ცოლი ლაფიჭუდისი და იგი შჯიდა ისრაჱლსა მას ჟამსა შინა.
5 დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე. 5 და დამკჳდრებულ იყო იგი დანაკისკუდსა მას ქუეშე დებორასა შორის რამასა და შორის ბეთელსა, მთასა ეფრემისსა. მოვიდიან მისა ძენი ისრაჱლისანი საშჯელად.
6 კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან, 6 და წარავლინა დებორა და მოუწოდა ბარაკს, ძესა აბინოემისსა, კედენეთ, რომელ არს ლეფთალიმისი, და ჰრქუა მას: ანუ არა, აჰა ეგერა, გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და წარხვიდე შენ მთასა მას თაბორსა და მიიყვანო შენ თანა ათ ათასი კაცი ძეთაგანი ლეფთალემისთაჲ და ძეთაგანი ზაბულონისაჲ.
7 ხოლო მე კიშონის ხევთან მოგგვრი იაბინის მხედართმთავარს სისარას თავისი ეტლებითა და ურიცხვი ლაშქრითურთ და ხელში ჩაგაგდებინებ. 7 და მიიყვანო შენ ჴევსა მას კიშოვნისასა სისარაჲს ზედა, ერისთავისა მის იაბინისა, და ეტლებსა მისსა და სიმრავლესა მისსა ზედა. და მოგცე იგი ჴელსა შენსა.
8 ბარაკმა უთხრა: თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ, რადგან არ ვიცი, რა დღეს მომივლენს უფალი თავის ანგელოზს. 8 და ჰრქუა მას ბარაკ: უკუეთუ მოხჳდე შენ, მოვიდე მეცა და უკუეთუ არა მოხჳდე ჩემ თანა, მე არა წარვიდე; რამეთუ არა ვიცი დღე იგი, რომელსა წარმოუმართოს ანგელოზსა მას უფალმან ჩემ თანა.
9 დებორამ უთხრა: წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ იცოდე, შენი აღარ იქნება დიდება ამ გზაზე, რომლითაც მიდიხარ, რადგან უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას. ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კადეშში. 9 და ჰრქუა მას დებორა: მოსლვით მოვიდე შენ თანა, ხოლო უწყოდე, რამეთუ არა იყოს პირველი ჴელის-ყოფაჲ შენი გზასა მაგას, რომელსა შენ წარხუალ, და ჴელსა დედაკაცისასა მოსცეს უფალმან სისარა. და აღდგა დებორა და წარვიდა ბარაკის თანა კედემით.
10 დაიბარა ბარაკმა კადეშში ზებულონი და ნაფთალი, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც. 10 და უბრძანა ბარაკ ზაბულონსა და ნეფთალიმსა კედეს შინა. და მივიდეს მის თანა ათ ათასოდენ კაც, და მივიდა დებორაცა მის თანა.
11 ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის ქობაბის შთამომავლებს, და ცაყანამის მუხნარში გაეშალა კარვები, კადეშის მახლობლად. 11 და მახლობელნი იგი კენეველთანი გამოეშორნეს კინევეთ ძეთაგან იობაბესთა, სიმამრისა მოსესისა, და აღმართა კარავი თჳსი მუხასა მას თანა განსასუენებელთასა, რომელ არს მახლობელად კადესა.
12

შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული.

12

და უთხრეს სისარას, ვითარმედ: აღმოვიდა ბარაკ, ძე აბინუმისი, მთასა მას თაბორსა.

13 ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევთან იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი დარკინული ეტლი და მთელი ხალხი, რაც კი ჰყავდა. 13 და მოუწოდა სისარა ყოველსა ეტლებსა მისსა, ცხრაასსა ეტლსა რკინისასა, და ყოველსა ერსა მისსა თანა არისოთით რომელ არს წარმართთა, ჴევად კიშოვნისა.
14 უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი. 14 და ჰრქუა დებორა ბარაკს: აღდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა მოგცეს უფალმან სისარა ჴელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღუარად შენდა და შთავიდა ბარაკ მთისაგან თაბორისა და ათი ათასი კაცი მის თანა.
15 უფალმა დააფრთხობინა მახვილის პირით ბარაკის წინაშე სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი მისი ლაშქარი. გადმოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა. 15 და განაკრთო უფალმან სისარა წინაშე ბარაკისა და ყოველი ეტლები მისი და ყოველივე ბანაკი მისი. და დაეცნეს იგინი პირითა მახჳლისათა წინაშე ბარაკისა, და გარდამოჴდა სისარა ეტლისაგან თჳსისა და ევლტოდა იგი ფერჴითა თჳსითა.
16 ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა მის ეტლიონსა და ლაშქარს. მახვილით გაიწყვიტა სისარას მთელი ლაშქარი, კაციშვილი არ გადარჩენილა. 16 და ბარაკ დევნა შემდგომად ეტლთა მათ მისთა და შემგომად ბანაკისა მის ვიდრე მაღნარადმდე წარმართთასა; და დაეცა ყოველივე იგი ბანაკი სისარასი პირითა მახჳლისათა და არა დაშთა ერთიცა.
17 თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა. 17 და სისარა ივლტოდა ფერჴითა თჳსითა კარვად იაელისაჲ, ცოლისა ქაბერისა კინეველისა, რამეთუ მშჳდობაჲ იყოს შორის იაბენისა, მეფისა ასურისა, და შორის სახლისა ქაბერისა კინეველისა.
18 გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო, შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ დამალა. 18 და გამოვიდა იაჱლ შემთხუევად სისარასა და ჰრქუა მას: მოაქციე ჩემდა, და ნუ გეშინინ! და მიაქცია კარვად მისა და დამალა იგი მაშკსა ქუეშე მისსა.
19 უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი. 19 და ჰრქუა მას სისარა: მასუ მე წყალი მცირედ, რამეთუ მწყურის. და განჰჴსნა თხიერსა სასძეურსა და ასუა მას. და დაჰბურა სამუმლელი პირსა მისსა.
20 უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო. 20 და ჰრქუა მას სისარა: დეგ შენ კართა ზედა კარვისათა. და იყოს, უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა და გრქუას შენ: არს ვინა კაცი აქა? შენ არქუ: ვითარმედ არავინ არს.
21 იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა. 21 და მოიღო იაელ მანაჲ კარვისაჲ და ჴუედა ჴელითა მისითა და შევიდა მისა მდუმრიად. და დაასვა მანაჲ იგი ყურიმალსაჲ მისსა, და დაჰმჭუალა ქუეყანასა; და იგი მიმოგორვიდა და მოკუდა.
22 აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა, მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში. 22 და აჰა ესერა, ბარაკ სდევდა სისარას; და მოიწია მუნ, და იაელ განვიდა გარე, და მიეგებვოდა მას და ჰრქუა: ბარაკ, მოვედ და გიჩუენო შენ კაცი, რომელსა შენ ეძიებ! და შევიდა იგი მისსა და იხილა, და სისარა იდვა მკუდარი, და მანაჲ იგი განწონილი ყურიმალსა მისსა.
23 იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელიანებს იაბინი, ქანაანის მეფე. თანდათან დამძიმდა ისრაელიანთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე სრულად არ დაღუპეს იაბინი, ქანაანის მეფე. 23 და დაამდაბლა უფალმან იაბინი, მეფე ქანაანისაჲ, მას დღესა შინა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.
    24 და ვიდოდა ჴელი ძეთა ისრაჱლისათა სლვით და აღმაღლდებოდა იაბინის, ზედა, მეფისა ქანანელთასა, ვიდრემდე. მოსრნეს იგინი სრულიად.