ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ: |
1 |
და გალობდეს დებორა და ბარაკ, ძე აბინოემისი, მის დღესა შინა და თქუეს, |
2 | ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი! | 2 | ვითარმედ: იწყეს აღმაღლებად მთავართა ისრაჱლისათა, გულსმოდგინებითა ერისათა აკურთხევდით უფალსა, ისმინეთ მეფეთა. |
3 | ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს. | 3 | და ყურად-იღეთ მთავართა, რამეთუ უფალსა ვაქებდე და უგალობდე ღმერთსა ისრაჱლისასა. |
4 | როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ. | 4 | უფალო, გამოსლვასა შენსა სეირით და აღმაღლებასა შენსა ველთაგან ედომისათა ქუეყანაჲ შეიძრა და ცანი შეძრწუნდეს. და ღრუბელნი ცროდეს წყალთა. |
5 | მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა. | 5 | და მთანი შეიძრნეს პირისაგან უფლისა ელოისა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა. |
6 | შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას. | 6 | დღეთა სემეგარისთა, ძისა ანათისთა, დღეთა იაელისთა მოაკლდეს გზანი და ვიდოდეს ალაგებსა, ვიდოდეს გზათა გულარძნილთა. |
7 | სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში. | 7 | მოაკლდეს დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი, მოაკლდეს, ვიდრემდე აღდგა დებორა, ვიდრემდე აღდგა დედაჲ შორის ისრაჱლისა. |
8 | ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში? | 8 | შეჰრაცხნეს, ვითარცა პურნი ქრთილისანი, კერპნი მათნი ცუდნი. მაშინ ჰბრძოდეს ქალაქნი მთავართანი ფარითა ჭაბუკთაჲთა და ლახურითა ორმეოცითა ათასითა ისრაჱლისა. |
9 | ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი! | 9 | გული ჩემი განწესებულთა თანა ისრაჱლისათა, ძლიერნი ერისანი, აკურთხევდით უფალსა. |
10 | თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი! | 10 | რომელნი ზესხედთ ცხენებსა შუვასამხრის და საჴედრებსა საგრილითა სამშჯავროდ მიმავალნი შესაკრებელთასა, იტყოდეთ ჴმითა სახიობისათა. |
11 | იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი! | 11 | შორის მოხარულთასა. მუნ მისცეს უფალსა სიმართლე, სიმართლე განაძლიერე ისრაჱლსა შორის. მაშინ შევიდა ერი იგი ქალაქებსა უფლისასა. |
12 |
გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ, ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო! |
12 |
აღდეგ, დებორა, აღდეგ, აღდეგ, აღდეგ და იტყოდე გალობით. აღდეგ, ბარაკ, და წარმოიღე ტყუჱ შენი, ძეო აბინოემისო. |
13 | მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა ხალხი, უფალმა დამიმორჩილა ვაჟკაცები. | 13 | მაშინ განდიდნა ძალი მისი, ერო უფლისაო, დამიმდაბლენ მე უძლიერესნი ჩემსა. |
14 | ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან - წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები. | 14 | ერმან უფლისამან ტანჯნა იგინი ღელეთა შინა და ძმაჲ შენი ბენიამენ ერისა შენისა თანა. ჩემგან მაქირ გამოვიდა გამოძიებად და ზაბულონისგან განძლიერებულნი ტომითა მითხრობისა მწიგნობრისათა. |
15 | ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია. | 15 | და ერისთავნი იზაქარისნი დებორაჲს თანა და ბარაკის თანა, ესრეთ ბარაკ ღელეთა შიდა განირთხა ფერჴი თჳსი განყოფასა რუბენისსა. დიდ-დიდნი განკითხვანი არიან გულისანი. |
16 | რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია. | 16 | რაჲსათჳს ჰზი შენ შორის მოსმეთამსა სმენად სტუენასა განმაღჳძებელთასა? განსლვად რუბენისსა დიდ-დიდნი გამოძიებანი გულისანი, |
17 | გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა. | 17 | გალად წიაღ იორდანესა დაიმკჳდრა. და დან რაჲსათჳს მკჳდრ ხარ ნავთა შინა? ასერ დაეშენა კიდეთა ზღუათასა და განშორებულსა მისსა დაემკჳდროს. |
18 | სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია. | 18 | ზაბულონ ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდმდე; და ლეფთალიმს სიმაღლესა ზედა ველისასა, მოუჴდეს მას მეფენი და ეწყვნეს. |
19 | მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს. | 19 | მაშინ ჰბრძოდეს მეფენი ქანანელთანი თანაქს შინა წყალთა ზედა მაგიდონისათა: ნაანგარები ვეცხლი არა მოვიღე. |
20 | ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას. | 20 | ზეცით შეეწყვნეს მათ ვარსკულავნი, წესთაგან მათთა შეეწყვნეს სისარაჲს თანა. |
21 | კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით! | 21 | ჴევთაგან კიშოვნისათა განასხნეს იგინი ჴევთა კადემისათა, ჴევთა კიშოვნისათა. დათრგუნოს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან, |
22 | სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან. | 22 | მაშინ ძარღუნი დაჰკუეთნეს ტერფსა ცხენთასა და დატკებნეს იგინი ბრჭყალმან ჩემმან, გინებანი იგი განკრთომისა მათისანი. |
23 |
დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად! |
23 |
სწყევდით მარუსს, თქუა ანგელოზმან უფლისამან: წყევით სწყევდით მკჳდრთა მისთა, რამეთუ არა მოვიდეს შემწედ უფლისა უფალი შემწე მბრძოლთა მათ შორის. |
24 | კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს! | 24 | იკურთხენ დედათაგან იაელ, ცოლი ქაბერისი კინეველისაჲ, დედათაგან კარავსა შინა იკურთხენ. |
25 | წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე. | 25 | წყალსა სთხოვდა და სძე მოართუა მას ფილითა წყლისათა, და მოართუა მას ერბოჲ. |
26 | მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა. | 26 | ჴელი მარცხენე მისი მიყო მანასა და მარჯუენე მიყო ჴუედასა, რათა სრულიად უჴმარ ქმნეს, და აღასრულა სისარა და დაასვა ყურიმალსა მისსა, და განავლინა თავსა მისსა და მოკლა. |
27 | მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული. | 27 | შორის ფერჴთა მისთა დაეცა და დაიძინა შორის ბარკალთა მისთა. რომელთა ზედა მოდრკა, ვითარცა-იგი მიდრკა მუნ, დაეცა უბადრუკი იგი. |
28 | სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისარას დედა: რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები? | 28 | სარკუმლით გარდამოხედვიდა დვდაჲ სისარაჲსი კანკლედით გამო, რამეთუ დააყოვნა ეტლმან მისმან მისლვად, რაჲსათჳს დაყოვნეს კუალსა ეტლთა მისთასა? |
29 | პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად: | 29 | ბრძენნი დედანი მთავარნი მისნი მიეგებვოდეს მას. და იგი იტყოდა სიტყუათა მისთა თავით თჳსით. |
30 | ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული. | 30 | არა პოონ იგი განყოფასა ნატყუენავისასა? და სიყუარულსა მეგობართასა თავისა კაცისათა. ნატყუენავი ღებილთა სისარას, ნატყუენავი ღებილთა თითოფერთაჲ, ღებილი ჭრელთა იგი ქედსა მისსა ნატყუენავითურთ. |
31 | ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. | 31 | ესრეთ წარწყმდედ ყოველნი მტერნი შენნი, უფალო, და მოყუარენი შენნი, ვითარცა აღმოსავალი მზისა ძლიერებითა შენითა, და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ. |