ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადგა დილით იერობაალი, იგივე გედეონი, აგრეთვე მასთან მყოფი მთელი ხალხი, და ქაროდის ხევში დაბანაკდა. მიდიანის ბანაკი მისგან ჩრდილოეთით იყო, მორეს ბორცვთან, ვაკეზე. |
1 |
და აღიმსთო იერობოალ, (ესე იგი თავადი არს გედეონ), და ყოველმან ერმან მის თანა და დაიბანაკეს წყაროსა მას ზედა არედისასა; და მადიამი იყო ბღუარით და ამალეკ იყო ჩრდილოთ გაბთანისა ველსა. |
2 | უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გვყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას, ჩემმა ხელმა მიხსნაო. | 2 | და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიად არს ერი ეგე შენ თანა, რათა არა მივსცე მე მადიამი ჴელთა მათთა, ნუუკუე იქადოს ჩემ ზედა ისრაჱლმან, ვითარმედ ჴელმან ჩემმან მიჴსნა მე. |
3 | ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან. ოცდაორი ათასი კაცი უკან გაბრუნდა, ხოლო ათი ათასი დარჩა. | 3 | ეტყოდე შენ ყურთა მიმართ მაგის ერისათა და არქუ: უკუეთუ ვინმე არს მოშიში გულითა, უკუნიქეცინ და განვიდეს მთისა მისგან გალადისა. და უკუნიქცა ერი მისგანი ოცდაორი ათასი, და ათ ათასნი დაშთეს. |
4 | უთხრა უფალმა გედეონს: მაინც ბევრია ხალხი. წყალზე ჩაიყვანე და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება. | 4 | და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიადღა არს ერი ეგე შენ თანა. შთაიყვანენ ეგენი მდინარესა მას და გამოცადენ ეგენი მუნ, და იყოს, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: ესე წარვიდეს შენ თანა, იგი წარვედინ, და ყოვლისა, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: არა წარვიდეს შენ თანა, იგი ნუ წარვალნ შენ თანა. |
5 | ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს. | 5 | და შთაიყვანა ერი იგი წყალსა მას და ჰრქუა უფალმან გედეონს: ყოველმან, რომელმან წბას ენითა თჳსითა წყლისა მისგან, იგი წბის ძაღლმან. დაადგინნე იგინი თჳსაგან და ყოველი, რომელი მოდრკეს მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა, გან-რე-ადგინო იგი. |
6 | ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი. | 6 | და იყო ყოველი რიცხჳ, რომელთა წბეს ენითა მათითა, სამას ოდენ კაც, და სხუაჲ იგი ყოველი ერი მოდრკა მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა. |
7 | უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს, დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს. | 7 | და ჰრქუა უფალმან გედეონს: სამასითა ამით კაცითა, რომელთა წბეს ენითა მათითა, გიჴსნე თქუენ და მოვსცე მადიამი ჴელთა შენთა; და ყოველივე იგი ერი წარვედინ ადგილად თჳსა. |
8 | გამოართვეს ხალხს საგზალი და ბუკები. ყველა ისრაელიანი თავ-თავის კარავში გაისტუმრა გედეონმა, მხოლოდ სამასი კაცი დაიტოვა. მიდიანის ბანაკი მის ქვემოთ იყო, ვაკეზე. | 8 | მოიღეს საგზალი ერისაჲ მის ჴელითა მათითა და ნესტუები იგი მათი რქისაჲ და ყოველი ისრაჱლი წარავლინა კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, ხოლო სამასნი იგი კაცნი დაიყენნა და ბანაკი იგი მადიამაჲსი იყო ქუემო კერძო მისა ღვლესა მას შიდა. |
9 | უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: ადექი და დაეცი ბანაკს. | 9 | და იყო მას ღამესა და ჰრქუა უფალმან გედეონს: აღდეგ და შთავედ ბანაკსა მას მადიამისა, რამეთუ მიგეც იგი ჴელთა შენთა. |
10 | თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ შენს მსახურ ფურასთან ერთად ჩადი ბანაკში. | 10 | უკუეთუ გეშინის შენ მარტოსა, შთავედ შენ და ფარა, მონაჲ ეგე შენი, ბანაკად. |
11 |
მოისმენ, რასაც იტყვიან, გული მოგეცემა, დაეცემი ბანაკს. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა იქ, სადაც ბანაკში მყოფი შეიარაღებული ხალხი იდგა. |
11 |
და გესმეს, რასა-იგი იტყოდიან, და ამისსა შემდგომად განძლიერდენ. ჴელნი შენნი და მიუჴდენ ბანაკსა მას. და შთავიდა იგი და ფარა, მონაჲ მისი, ერთკერძოჲსა მისგან ერგასისისა, რომელნი იყვნეს მის ბანაკისანი. |
12 | მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები ვაკეზე იყვნენ დაბანაკებულნი, კალიასავით ურიცხვნი. თვლა არ ჰქონდა მათ აქლემებს. იმდენი იყვნენ, როგორც ზღვაში ქვიშა. | 12 | და მადიამი და ამალეკი და ყთველნივე ძენი მზისაღმოსავალისანი დაბანაკებულ იყვნენ ღელესა მას შიდა, ვითარცა მკალი სიმრავლითა და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხჳ, არამედ იყვნეს, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლითა. |
13 | მივიდა გედეონი და, აჰა, ერთი მათგანი სიზმარს უყვება მეორეს და ამბობს: მესიზმრა, ვითომ ქერის პურის კოკორი დაგორავდა მიდიანის ბანაკში, კარავთან მიგორდა, დაეჯახა და დასცა, და დაემხო კარავი. | 13 | და შევიდა გედეონ ბანაკსა მას. და, აჰა ესერა, კაცი უთხრობდა ჩუენებასა მოყუასსა თჳსსა, ვითარმედ: ვიხილე ჩუჱნებაჲ და, აჰა ესერა, ჴუეზაჲ პური ქრთილისაჲ გორვიდა ბანაკსა მადიამისასა და მოიწია ვიდრე კარვებადმდე მადიამისა, და ეკუეთა და დაამჴუნა იგინი. |
14 | მეორე გამოეპასუხა: ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა გედეონის მახვილი, იოაშის ძისა, ისრაელიანისა. მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი. | 14 | მიუგო მოყუასმან მან თჳსმან და ჰრქუა: არა არს ეგე სხუაჲ, არამედ მახჳლი გედეონისი, ძისა იოასისი, კაცისა ისრაიტელისა, რამეთუ მისცა ღმერთმან ჴელსა მისსა მადიამი და ყოველი ესე ბანაკი. |
15 | როცა გედეონმა ეს სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელიანთა ბანაკში და თქვა: ადექით, ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანის ბანაკი. | 15 | და იყო, ვითარცა ესმა გედეონს თხრობაჲ იგი ჩუენებისაჲ მის და შეტყუებაჲ მისი, თაყუანის-სცა უფალსა და მოაქცია ბანაკად ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: აღდეგით, რამეთუ მოსცა უფალმან ბანაკი მადიამისაჲ ჴელთა ჩუენთა. |
16 | დაჰყო სამასი კაცი სამ რაზმად. ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა. | 16 | და განყო სამასი იგი კაცი სამად გუნდად და მისცა ნესტუ რქისა ჴელთა მათ ყოველთასა და ჩაფები ახლები და ლამპრები ჩაფებსა მას შიდა. |
17 | უთხრა: მიყურეთ და თქვენც იგივე აკეთეთ. აჰა, დავიძრები ბანაკისაკენ და რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე ჰქენით. | 17 | და ჰრქუა მათ: ჩემგან იხილეთ, ვითარ-იგი ვყო და თქუენცა ეგრევე ყავთ, და მე შევიდე შორის ბანაკსა მას, და იყოს, ვითარ-იგი ვყო, და თქუენცა ეგრევე ყავთ. |
18 | როცა ბუკებს დავკრავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ბუკებს დაჰკარით მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ. უფლისთვის და გედეონისთვის! | 18 | დავჰბერო ნესტუსა მას რქისასა და ყოველთავე ჩემ თანა დაჰბერეთ ნესტუსა თქუენსა გარემოჲს და თქუან: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი. |
19 | მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ. | 19 | და შევიდა გედეონ და ასი კაცი მის თანა ერთკერძო ბანაკსა მას, ვითარ ეწყო ოდენ მჴუმელთა მათ შუვა ღამე და განმაღჳძებელნი იგი აღ-ვე-აღჳძებდეს მჴუმილთა მათ, ხოლო მათ დაჰბერეს ნესტუსა მას რქისასა და განყარნეს ჩაფნი იგი ჴელთაგან მათთა. |
20 |
ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის! |
20 |
და დაჰბერა სამმანვე მან გუნდმან ნესტუსა მას რქისასა. და შემუსრეს ჩაფები იგი და მიიღეს ჴელითა მარცხენითა მათითა ლამპრები იგი აღნთებული და ჴელითა მარჯუენითა ნესტუები იგი რქისაჲ. და ჰბერვიდეს, ღაღადყუეს და თქუეს: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი. |
21 | ყველა თავ-თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო. აიშალა მთელი ბანაკი, ღრიალებდნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ. | 21 | და დადგა კაცად-კაცადი თჳსაგან გარემოის ბანაკსა მას. და რბიოდა ყოველივე იგი ბანაკი, და აუწყებდეს და ივლტოდეს. |
22 | ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვრებამდე, ტაბათს იქით. | 22 | და ჰბერვიდეს სამასსავე მას ნესტუსა რქისასა. და დასდვა უფალმან მახჳლი კაცისაჲ მოყუასსა თჳსა ზედა ყოველსავე მას ბანაკსა. |
23 | გამოვიდნენ დაძახილზე ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან, მთელი მენაშედან და დაედევნენ მიდიანს. | 23 | და ივლტოდა ბანაკი იგი ვიდრვ ბეთასეპადმდე და ვიდრე კიდედმდე საბილმაულისა და ტაბეთად. და აღიზახა კაცმან ისრაჱლისამან ლეფთალემით გამო და ასერით და ყოვლისაგან მანასესა და დევნა-უყუეს შემდგომად მადიამისა. |
24 | კაცები დაგზავნა გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა: ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს, ბეთბარამდე გადაუჭერით ფონები და იორდანე. გამოვიდა მთელი ეფრემი მის დაძახილზე და ბეთბარამდე გადაუჭრეს ფონები და იორდანე. | 24 | და მოციქულნი წარავლინნა გედეონ ყოველთა საზღუართა ეფრემისათა და ჰრქუა: გარდამოვედით შემთხუევად მადიამისა და დაიპყართ წიაღსავალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე. და აღიზახა ყოველმან კაცმან ეფრემისმან, და უსწრეს და დაიპყრეს წყალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე. |
25 | შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი, ყორები და ზეები. ყორები ყორების კლდეზე მოკლეს, ზეები ზეების ხევში და დაედევნენ მიდიანს. ყორებისა და ზეების თავები კი გედეონთან მოიტანეს იორდანეს გაღმიდან. | 25 | და შეიპყრნეს ორნი იგი მთავარნი მადიამისანი: ორებ და ზებ. და მოკლეს ორებ სურს შინა და ზებ მოკლეს იაკებზებს შინა და სდევდეს მადიამსა. და თავი ორებისი და ზეებისი მოართუეს გედეონს კაცთა მათ წიაღ იორდანესა. |