ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ნაუმ წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას.

1

ქალაქი სისხლთაჲ, ყოველი ტყუილითა, უსამართლობითა სავსე. არა ძიებულ იქმნეს ნადირი.

2 შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი, 2 ჴმაჲ გუემათაჲ და ჴმაჲ ძრვისა ურმისთუალთაჲსა, და ცხენისა მდევრისა, და ეტლისა აღმომდუღარისაჲ, ცხენოსნისა აღმომავალისა.
3 მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა, უამრავი დახოცილი გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორხილობენ მათ ცხედრებზე. 3 და ბრკიალისა მახჳლისაჲ, და აელვებულთა საჭურველთაჲ, და სიმრავლე წყლულთაჲ, და სიმძიმე დაცემულებისაჲ. და არა იყო ბოლოჲ ნათესავთა მისთაჲ და მოუძლურდენ სხეულთა შორის მათთა.
4 ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს. 4 სიმრავლისაგან უკეთურებისა მეძავი ქმნულკეთილი და მოხარული მძღუანელი წამლვათაჲ, განმფრდელი ნათესავისაჲ სიძვისა მიერ თჳსისა და ტომთაჲ წამლვათა მიერ მისთა.
5 აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი. 5 აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი ყოვლისმპყრთბელი, - და გამოვაცხადნე უკანანი შენნი პირსა ზედა შენსა და უჩუენო ნათესავთა სირცხჳლი შენი და მეფობათა - უპატიოებაჲ შენი.
6 მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. 6 და ზედ დავაგდო შენ ზედა საძაგელებაჲ. და დაგდვა მე შენ მაგალითად.
7 ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცულია ნინევე, ვინ შეიბრალებსო? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელი? 7 და იყოს, ყოველი მხილველი შენი, შთავიდეს შენგან და თქუას: საწყალობელი ნინევი, რად სულთითქუამს იგი, ვინაჲ ვიძიო ნუგეშინის-ცემაჲ მისი?
8 რითი სჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი? 8 მოჰრთე ლარი ნაწილი აამმონისი, განჰმზადე კერძი ამმონისი. დამამკჳდრებელმან მდინარეთა წყალი გარემო მისსა, რომლისა დასაბამ ზღუაჲ და წყალი ზღუდეთა მისთაჲ.
9 ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს. 9 და ეთიოპიაჲ ძალ მისსა და ეგჳპტე. არა არს დასასრული ლტოლვისა შენისაჲ და ლიბიელნი იქმნეს შემწე მისა.
10 ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს ყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილს ადებდნენ. 10 და იგი გარდასახლებად წარვიდეს ტყუე. და ჩჩჳლნი მისნი დაეხეთქნენ დასაწყისსა გზათა მისთასა და ყოველთა ზედა დიდებულთა მისთა განიგდონ წილი და ყოველნი დიდ-დიდნი მისნი შეიკრნენ ჴელბორკილითა.
11

დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფრს დაუწყებ ძებნას.

11

და შენ დაითრო და იყო უგულებელსქმნილ. და შენ ეძიებ თავისა შენისა შეწევნასა მტერთაგან.

12 შენი ციხე-კოშკები მწიფენაყოფიანი ლეღვის ხეა - თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს. 12 ყოველნი სიმაგრენი შენნი შენდა ლეღუსა, ებგურთა მქონებელნი, უკუეთუ შეიძრნენ, შთაცჳვენ პირსა მჭამელისასა.
13 აჰა, შენი ერი საქალეთია შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს. 13 აჰა, ესერა, ერი შენი ვითარცა დედები შენ შორის. მტერთა შენთა განხმულნი განეხუნენ ბჭენი ქუეყანისა შენისანი. და დაჭამნეს ცეცხლმან მოქლონნი შენნი.
14 მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა. 14 წყალი მოცვისა მიიზიდე თავისა შენისა. განამტკიცენ სიმაგრენი შენნი, შთაიღურჭუმო თიჴადმი და აღჰზელდე ბზითა, განაძლიერე საალიზედ.
15 იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით! 15 მუნ შეგჭამოს შენ ცეცხლმან, მოგასრულოს შენ მახჳლისა მიერ და შეგჭამოს შენ, ვითარცა მკალმან და დაგიმძიმდეს შენ, ვითარცა ბოცომკალი.
16 მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია - კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება. 16 განამრავლე სავაჭრონი შენნი უფროს ვარსკულავთა ცისათა, მკალმან მიიმართა და აღფრინდა.
17 შენი მოხელეები ბოცომკალივითაა, შენი იასაულები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს. 17 აღსუბუქნა, ვითარცა პეპელი, შემყოფი შენი, ვითარცა მკალი აღსრული ღობესა ზედა დღესა შინა ყინელისასა. მზე აღმოჰჴდა და განიტევა და არა იცნობა ადგილი მისი. ვაჲ მათდა.
18 ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები. 18 მიერულა მწყემსთა შენთა. მეფემან ასსურასტანისამან დააძინენ ძლიერნი შენნი, განიყარა ერი შენი მთათა ზედა და არა იყო მემლოდე.
19 არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გამუდმებული სიავე? 19 არა არს კურნება შემუსრვილებასა შენსა. წუთხიან იქმნა წყლულებაჲ შენი, ყოველთა მსმენელთა ჰამბავისა შენისათა დაიტყუელნენ ჴელნი შენ ზედა მით, რამეთუ ვისცა ზედა არა მივიდა ძჳრი შენი მარადის.