ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს მოსეს წიგნი და მასში ჩაწერილი აღმოჩნდა, რომ უკუნისამდე ვერ შევლენ ყამონელნი და მოაბელნი ღვთის კრებულში. |
1 |
დღესა მას შინა აღმოიკითხეს წიგნი მოსესი სასმენელთა მმართ ერისათა. და იყო მას შინა წერილ ესრეთ, ვითარმედ: ნუმცა შევალს ამონიტელი მოაბელი ეკლესიასა ღმრთისასა უკუნისამდე ჟამთა. |
2 | ეს იმის გამო, რომ ისინი ისრაელიანებს პურითა და წყლით კი არ შეეგებნენ, არამედ მის წინააღმდეგ მოისყიდეს ბალაამი, რომ შეეჩვენებინა ისინი. ჩვენმა ღმერთმა კი ეს შეჩვენება კურთხევად მოაქცია. | 2 | რამეთუ არა მიეგებოდეს ძეთა ისრაჱლისათა პნრითა და წყლითა, არამედ მოიყვანეს სასყიდლით ბალაამ მისანი, რათამცა წყევნა იგინი, გარდააქცია ღმერთმან წყევა იგი კურთხევად. |
3 | ეს რჯული რომ მოისმინეს, ყველა სხვა თესლ-ტომი გამოარიდეს ისრაელს. | 3 | და იყო, რაჟამს ესმა სჯულისა მისგან, განიშორნეს და განიყუნეს იგინი ყოველნი, რომელნი აღრეულ იყუნეს ისრაჱლთა. |
4 | ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახში რომ ცხოვრობდა, | 4 | და უწინარესსა მისსა ელიასუბ მღდელმან საფასესა სახლისა უფლისა ჩუენისასა სცა ადგილი ტობიას. |
5 | ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად. | 5 | და იშენა მუნ სახლი თავისა თჳსისა, საფასე დიდი და მუნ იყო. და პირველადცა სცემდეს მანანასა მას და ლიბანონსა და ჭურჭელსა სიწმიდისათა, და ათეულსა იფქლსა, და ღჳნისასა, და ზეთისასა, და ერბოსასა, და როჭიკსა ლევიტელთა, და შემასხმელთა, და მეკარეთა და მღდელთმოძღუართა |
6 | ამ დროს იერუსალიმში არ ვყოფილვარ, რადგან ართახშასთას, ბაბილონის მეფის, ოცდამეთორმეტე წელს, მეფეს ვეახელი; ხანი რომ გამოხდა დავეთხოვე მეფეს. | 6 | ვიდრე ესე ყოველი იყო, მე არა ვიყავ იერუსალჱმსა, რამეთუ წელსა მეათცამეტესა და მეორესა არტაშესსა მეფისა ბაბილოვანთასა შევედ წინაშე მეფისა, ხოლო შემდგომად მრავალთა დღეთა ვითხოე მეფისაგან. |
7 | დავბრუნდი იერუსალიმში და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით. | 7 | რამეთუ შთავედი იერუსალჱმდ და გულისხმა-ვყავ ყოველი ბოროტი, რომელიცა ყო ელიასი ტობიასათჳს, რამეთუ მისცა მას აღშენებად სახლი საფასეთა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა. |
8 | ძალიან გავბოროტდი და ტობიას სახლის ნივთები მთლიანად ოთახის გარეთ გამოვყარე. | 8 | ხოლო ბოროტად შემერაცხა წინაშე ჩემსა ფრიად და გარეგანვაგდე ყოველი ჭურჭელი ტობიასი სახლისაგან საფასისა უფლისათა. |
9 | ვუბრძანე, რომ გამოესუფთავებინათ ოთახები და იქ დაებრუნებინათ ღვთის სახლის ჭურჭლეული, საძღვნო და საკმეველი. | 9 | და ვბრძანე, რათა განწმიდონ სახლი საფასეთა, და მოვაქციე მუნითგანვე ჭურჭელნი და სამსახურებელნი სახლსა უფლისასა ყოველივე და ლიბანონი. |
10 | გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ წილი, და რომ ამის გამო ლევიანები და საქმის მკეთებელი მგალობელნი თავ-თავიანთ ყანებში იყვნენ გაფანტულნი. | 10 | რამეთუ გულისხმა-ვყავ და ზედამიწევნულ ვიქმენ, რამეთუ ნაწილნი ლევიტელთა არა მიეცა და იგინი წარსრულ იყუნენ აგარაკთა თჳსთა, ხოლო ლევიტელნი და შემასხმელნი იქმოდიან საქმეთა მუშაკობისათა, |
11 |
ვედავე წინამძღვრებს და ვუთხარი: რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე. |
11 |
რამეთუ ვაბრალებდი მთავართა და ვეტყოდი: რასათჳს მოაკლდენ როჭიკნი სახლისაგან უფლისა? და შევკრიბე ყოველნი მსახურნი და დავაწესე იგინი ადგილსა მათსა. |
12 | მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში. | 12 | და ყოველნი ჰურიანი მოიტანდეს ათეულთა იფქლისათა და ღჳნისასა. და ზეთისასა საფასესა სახლსა უფლისასა. |
13 | საგანძურები ჩავაბარე შელემია მღვდელს, ცადოკ მწიგნობარს და ფედაია ლევიანს. მათთან ერთად ხანანს, მათანია ზაქურის ძის ძეს, რადგან ისინი ცნობილი იყვნენ ერთგულებით. მათ დაეკისრათ თავიანთი ძმებისთვის წილის მიცემა. | 13 | და უბრძანე მიცემად ჴელთა ელიმა მღდელისა და სადუკა მწერალისასა და ფადიასა, რომელ იყო ლევიტელთაგან, და ჴელთა მათსა ანან, ძე ზაქარისა, ძე მათანისა, მით, რამეთუ სარწმუნონი იყუნეს იგინი, რომელნი განუყოფდეს და მისცემდენ ძმათა მათთასა. |
14 | ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წარხოცავ იმ ჩემს ძველ საქმეებს, რაც ღვთის სახლისთვის და მისი სამსახურისთვის გამიკეთებია. | 14 | მომიჴსენოს მე ღმერთმან მის ყოვლისათჳს და არა განმაშოროს მისი ჩემგან, რომლისათჳს ვყავ ესე ყოველი სახლსა უფლისასა, ღმრთისა ისრაჱლისა. |
15 | იმ ხანად შევნიშნე, რომ იუდაში შაბათობით საწნახლებში ღვინოს წურავენ, ძნებს ზიდავენ, სახედრებს ჰკიდებენ ღვინოს, ყურძენს, ლეღვს, ყველანაირ საპალნეს, და შაბათ დღეს იერუსალიმში მიაქვთ. მე გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა საჭმელ-სასმელს ყიდდნენ. | 15 | მათ დღეთა შინა ვხედევდი ჰურიასტანს შინა, რამეთუ სწნეხდენ საწნეხელთა დღესა შაბათსა და მოაქუნდათ მჭელეულნი ბჭეთა იერუსალჱმისათა და აღსტჳრთვიდენ კარაულთა ღჳნოსა, და ყურძენისა და ლეღჳსა ტჳრთნი მოაქუნდათ იერუსალჱმსა დღესა შაბათსა, ხოლო ვიპყარ მოწამენი, რამეთუ ჰყიდდენ დღესა შაბათსა |
16 | იერუსალიმშივე ცხოვრობდნენ ტვიროსელნი. მათ შაბათობით მოჰქონდათ თევზი, ყველა სხვა გასასყიდი საქონელი და იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებს ასყიდებდნენ. | 16 | რამეთუ ისხდენ ადგილთა სავაჭროთასა, რომელთა მოაქუნდათ თევზი და ყოველნი სავაჭრონი, და იყიდვიდენ დღესა შაბათსა ჰურიანი იერუსალჱმსა შინა, |
17 | გავკიცხე იუდას წარჩინებულნი და ვუთხარი: რად სჩადიხართ ამ ბოროტ საქმეს, რატომ ბილწავთ შაბათ დღეს? | 17 | რამეთუ ვაბრალებდი მე ძეთა ჰურიათასა, რომელნი იყუნენ იერნსალჱმსა შინა, და მთავართა იუდასთა და ვეტყოდი მათ: რა არს უსჯულოებაჲ ესე, რომელსა თქუენ ჰყოფთ და შეურაცხ-ჰყოფთ დღესა წმიდასა შაბათსა? |
18 | განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა, განა ამის გამო არ იყო, რომ ჩვენმა ღმერთმა ასეთი უბედურება მოავლინა ჩვენზე და ამ ქალაქზე? თქვენ კი შაბათის წაბილწვით უმატებთ ღვთის რისხვას ისრაელზე! | 18 | არა ესრეთ ჰყვესა მამათა თქუენთა და მოაწიაცა მათა ზედა ღმერთმან ბოროტნი ესე ყოველნი და ქალაქსა ამას ზედა? ხოლო თქუენ რაჲსათჳს მოაწევთ რისხვასა ისრაჱლთა ზედა და შეურაცხ-ყოფთ დღესა წმიდასა შაბათთასა? |
19 | შაბათის წინა საღამოს, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებთან ჩამობნელდა, ვუთხარი და ჩაკეტეს კარები; განკარგულება გავეცი, რომ შაბათის მომდევნო დილამდე არ გაეღოთ. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ შაბათ დღეს არანაირი ტვირთი არ შემოტანილიყო. | 19 | იყო ოდეს აღვმართენ ბჭენი იერუსალჱმისანი, პირველ შაბათისა ვბრძანებდ დაჴშვად ბჭეთა და არა უტევებდი გაღებად მათა, ვიდრე გარდაჴდებოდა შაბათი. და კუალად დავადგინე ჭაბუკნი მცველად, რათა არავინ იკადროს შესლვად მძლავრობით დღესა შაბათსა ბჭეთა იერუსალჱმისათა. |
20 | სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე. | 20 | და დაადგრიან ყოველნი, რომელნი გაჰყიდდენ გარეშე იერუსალჱმისა, ერთგზის და ორგზის. |
21 |
ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან. |
21 |
და ვარქუ მათ: რასათჳს დაადგრებით თქუენ გარეშე ზღუდისა მაგის? და უკუეთუ კუალადცა ვიხილო უშჯულოებაჲ ეგე, ვბრძანო, რათა ვერღარა შეხჳდეთ თქუენ [!] შაბათსა შინა ქალაქსა ამას. |
22 | ვუბრძანე ლევიანებს, რომ სუფთად ყოფილიყვნენ და კარიბჭეთა დასაცავად მოსულიყვნენ, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით! | 22 | და ვარქუ ლევიტელთა, რომელნი იყუნენ განწმედილ, მოვიდოდენ და დაიცევდენ ბჭეთა, წმიდა-ყოფდენ დღესა შაბათსა და მიერითგან არღარა შეურაცხ-ყვეს შაბათი. და ამას ყოველსა ზედა მომიჴსენოს მე ღმერთმან და არა განმწიროს მე მრავლითა მოწყალებითა თჳსითა. |
23 | იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად; | 23 | და მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიანი, რამეთუ ისხდენ დედანი აზოტელნი და ამონელნი და მოაბელნი. |
24 | და მათი შვილების ნახევარი ან აშდოდურად, ანდა სხვა რომელიმე ხალხის ენაზე ლაპარაკობდა, იუდაური ენა კი აღარ იცოდა. | 24 | და ძენი მათნი რომელნიმე დედათა ეტყოდენ აზოტელებრ და არა იცოდენ მეტყველებაჲ ებრაელებრ. |
25 | დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ. | 25 | დავაბრკოლებდი მათ და დავსწყევდი მათ, და დავეც მათგანნი კაცნი მრავალნი და ვაფუცე მათ სახელი ღმრთისა, რათა არა მისცენ ასულნი მათნი ძეთა მათთა და არცა ასულნი მათნი მოიყვანონ ძეთა მათთათჳს და ვარქუ მათ: |
26 | განა ამ საქმეზე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? ბევრ ხალხს როდი ჰყოლია იმისთანა მეფე. მის ღმერთს უყვარდა იგი და მეფედ დააყენა მთელ ისრაელზე; თუმცა-ღა ისიც აცდუნეს უცხოელმა ცოლებმა. | 26 | არა მაგათ ყოველთათჳს შესცოდა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან? ხოლო ვინ იყო, ვითარცა-იგი ბრძენი ყოველთა მეფეთა ჩუენთა შორის? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველთა ზედა ისრაჱლთა და ესევითარი საყუარელი ღმრთისა და ბრძენი და დიდი მეფე აცთუნეს და გარდააქციეს დედათა ნათესავთა უცხოთა |
27 | სად გაგონილა ამდენი ბოროტების კეთება და ამოდენა ცოდვის ჩადენა ჩვენი ღმერთის წინააღმდეგ, უცხოელ ცოლებთან წოლით? | 27 | და აწ არა ვისმინო, უკუეთუ ვინმე ყოს ეგევითარი დიდი ბოროტი და ცოდოს ღმრთისა მიმართ და ცოლად ისვას უცხოთესლი. |
28 | იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავრის ძის, ძეთაგან ერთ-ერთი სანბალატ ხორონელის სიძე იყო; თავიდან მოვიშორე იგი. | 28 | და ძეთა იოვადისათა და ელიასიბისა დიდისა მღდელისა მესმა, რამეთუ იყო ცოლი მისი ასული სანაბალატისა და განძებით განვდევნე იგი ჩემგან. |
29 | ღმერთო ჩემო, გაუხსენე მათ, ვინც მღვდელმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა შელახეს. | 29 | მოიჴსენოს იგინი ღმერთმან სამკჳდრებელსა და აღთქმისა მღდელობისა მისისასა. |
30 | გავწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისგან; მღვდლებს და ლევიანებს სამსახური აღვუდგინე თავთავიანთ საქმეში. | 30 | და ლევიტელნი განვწმიდენ ყოველთა უცხოთესლთაგან, განკარგვით განვაწესენ იგინი დღითი დღე, მღდელნი და ლევიტელნი, კაცად-კაცადი საქმეთა თჳსთა. |
31 | ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე. | 31 | და მივეც განკარგულთა მოღებად ყოველი შეშა დასაწველთა თჳთეულთა ჟამთასა და პირველთა ნაყოფთა მათთასა მომიჴსენოს. მე ღმერთმან ჩუენმან ყოველსა კეთილსა სიმართლისა ჩემისასა, კურთხეულ არს იგი, რომელი არს უკუნისამდე ამინ. |