ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი. |
1 |
ოცდამეოთხესა მის თთჳსასა შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი და იწყეს მარხვად და შთაიცვეს ძაძა და გარდაისხეს ნაცარი თავსა თჳსსა. |
2 | გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხო გვარ-ტომს. ადგენენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და მამა-პაპის უკეთურებები. | 2 | და განეშორნეს ძენი ისრაჱლისანი ყოველთა ძეთა მათგან უცხოთესლათასა და ლხინება-ყვეს ცოდვათა მათთათჳს. |
3 | იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს. | 3 | დადგეს ზედა წესთა თჳსთა და იკითხვიდა ეზრა წიგნთა სჯულისა უფლისა ღმრთისათა და თაყუანი-სცა ყოველმან ერმან უფალსა ღმერთსა თჳსსა. |
4 | იესო, ბანი, ყადმიელი, შებანია, ბენი, შერებია, ბანი, ქენანი ლევიანთა ამაღლებულზე შედგნენ და ღაღადით მოუხმეს უფალს, თავიანთ ღმერთს. | 4 | დადგეს ადგილსა მაღალსა ლევიტელნი იგი და ისუ ისუდეკიანი და ძენი იგი კადიმელისნი: საქანია, ძე სარაბიასი, ძენი ანანიასნი და ღაღადყვეს ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმერთისა თჳსსა. |
5 | ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია. | 5 | და ჰრქუეს ლევიტელთა მათ და ისუ და კადიმელ: ძმანო, აღდეგით და აქეთ უფალი ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე იყავნ ქებულ დიდებაჲ უფლისა და აღმაღლდინ ქებაჲ მისი და დიდებაჲ (და იწყო ეზრა კურთხევად უფლისა ღმერთისა და თქუა): |
6 | უფალო, შენ ერთადერთი ხარ; შენ შეჰქმენ ცანი და ცანი ცათანი თავისი მორთულობით, მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვები და რაც მათშია; ამის ყველაფერის მაცოცხლებელი შენა ხარ და ზეცის მხედრობა შენ გეთაყვანება. | 6 | შენ ხარ თავადი იგივე უფალი ღმერთი მხოლო, შენ შექმენ ცა და ცანი ცათანი და ყოველივე წესი მათი, ქუეყანასა, და რა არს ყოველი მას ზედა, ზღუაჲ და ყოველივე რა არს მას შინა. და შენ აცხოვნებ ყოველსა და შენ თაყუანის-გცემენ ერნი ზეცათანი, შენ გაქებენ ცანი ცათანი |
7 | შენ სწორედ ის უფალი და ღმერთი ხარ, აბრამი რომ ამოარჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და სახელად აბრაამი უწოდე; | 7 | რამეთუ შენ მხოლო ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, შენ გამოირჩიე აბრამ და გამოიყვანე იგი ქუეყანისა მისგან ქალდეველთასა, და უწოდე მას სახელი აბრაჰამ. |
8 | შენ აღმოაჩინე რომ მისი გული მტკიცე იყო შენს წინაშე და ამიტომაც დაუდე აღთქმა, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა, გირგაშელთა მიწას მისცემდი მის მოდგმას. შენ შეასრულე შენი სიტყვა, რადგან მართალი ხარ. | 8 | და ჰპოე გული მისი რწმნნებულ შენ წინაშე და დასდევ მის თანა აღთქმა მიცემად მისა ქუეყანა იგი ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იაბუსელთა, და გერგესელთა, და ეველთა, და ამორეველთა, და ნათესავისა მის, რომელთა მიეც უკუე და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რამეთუ მართალ ხარ შენ. |
9 | შენ დაინახე ჩვენი მამა-პაპის გაჭირვება ეგვიპტეში და შეისმინე მათი ღაღადი მეწამულ ზღვაზე. | 9 | და იხილე ჭირი იგი მამათა მათ ჩუენთა ეგჳპტეს შინა და შეგესმა ღაღადებასა მათსა ზედა ზღუასა მას მეწამულსა. |
10 | შენ მოეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მის მორჩილთა და მისი ქვეყნის მთელი ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ისინი მზაკვრულად ექცეოდნენ მათ, შენ კი სახელი გაითქვი დღესამომდე. | 10 | და ჰყავ მათ თანა სასწაული ეგჳპტეს ფარაოს ზედა ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ერსა მის ქუეყანისასა და გულისხმა-ყავ; ვითარმედ განლაღნა იგი ერსა შენსა ზედა და განადიდეს სახელი შენი მოდღენდელად დღემდე |
11 |
მათი თვალწინ გააპე ზღვა და შუაგულ ზღვაში ხმელეთზე გაიარეს, მათი მხედრები კი ღურღუმელში ისე ჩაძირე, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში. |
11 |
და ზღუაჲ იგი მეწამული განაპე წინაშე მათსა და განვლეს შორის ზღუასა, ვითარცა ჴმელსა და მტერნი და მდევარნი მათნი დაანთქენ უფსკრულთა შინა, ვითარცა ლოდი წყალთა შინა მრავალთა. |
12 | დღისით ღრუბლის სვეტით მიგყავდა და ღამით ცეცხლის სვეტით, რათა ის გზა გაგენათებინა, რომელსაც ადგნენ. | 12 | და სუეტითა ღრუბლისათა უძღოდა მათ დღისი და ღამე სუეტითა ცეცხლისათა, რამეთუ განათლებდა გზათა მათთა, რომელსაც ვიდოდეს. |
13 | სინაის მთაზე ჩამოხველ, ზეციდან ელაპარაკე მათ და სწორი სამართალი, ჭეშმარიტი რჯულნი, კეთილი წესები და მცნებები მიეცი. | 13 | და მთასა მას სინასა გარდამოჴედ და ეტყოდე მათ ზეცით და მოსცენ მათ განკითხვანი სიმართლისა შენისანი და შჯული ჭეშმარიტი და ბრძანებანი და მცნებანი კეთილნი. |
14 | ასწავლე მათ შენი წმიდა შაბათი; მცნებები, წესები და რჯული დაუწესე შენი მორჩილის, მოსეს ხელით. | 14 | და შაბათნი შენნი წმიდანი ამცნობენ მათ, და მცნებანი და ბრძანებანი და სჯული მოეც მათ ჴელითა მოსესითა, მონისა შენისათა. |
15 | პურს ზეციდან აძლევდი შიმშილის მოსაკლავად და წყალს კლდიდან გადმოუხეთქავდი წყურვილის დასაცხრობად. შენ უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომლის მიცემაც ფიცით გქონდა აღთქმული მათთვის. | 15 | და პური ზეცით გარდამო მოეც მათ საზრდელად და წყალი გარდამოუდინე კლდისა მისგან და ასუ მათ და არქუ მათ შესლვად და დამკჳდრებად ქუეყანასა მას, რომლისათჳს აღიღე ჴელი შენი მიცემად. |
16 | მათაც და ჩვენმა მამა-პაპამაც შესცოდეს, გაიფიცხეს ქედი და ყურს აღარ უგდებდნენ შენს მცნებებს; | 16 | და თჳთ მამანი ჩნენნი უსჯულო იქმნნეს და განლაღნეს და განიფიცხნეს ქედნი მათნი და არა მიხედეს შჯულსა შენსა და მირიდეს თუალნი შჯულსა შენსა |
17 | არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი. | 17 | და არა მოიჴსენეს საკჳრველებანი შენნი, რომელ ჰყვენ შენ მათ თანა, არამედ განიფიცხნეს ქედნი მათნი და ზურგნი მათნი გარეშეგაქციეს და ინებეს მოქცევად და მონებად მუნვე ეგჳპტესა შინა, არამედ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, სახიერ ხარ და სულგრძელ და დიდად მოწყალე. ქველისმოქმედ და არა სრულიად განიშორენ იგინი |
18 | თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და თქვეს: აჰა, ის შენი ღმერთი, ეგვიპტიდან რომ გამოგიყვანა; დიდად გასწყრომი საქმეები ჩაიდინეს. | 18 | და მერმე იქმნეს თავისა მათისა ჴბო იგი გამობერვით და თქუეს: ესე არიან ღმერთნი, რომელთა გამოგჳყვანნეს ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით. და ყვეს დიდ-დიდი რისხვა. |
19 | მაგრამ შენ შენი დიდი გულმოწყალებით არ სტოვებდი მათ უდაბნოში. დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდა გზაზე საწინამძღვროდ, და ღამით ცეცხლის სვეტი, ის გზა რომ გაენათებინა, რომელსაც ადგნენ. | 19 | შენ მრავლითა წყალობითა და მოწყალებითა შენითა არა დაუტევენ, არცა განაბნიენ იგინი უდაბნოსა მას შინა და სუეტი იგი ღრუბლისა არა განაშორე მათგან, რომელი-იგი უძღოდა მათ დღისი და სუეტი იგი ცეცხლისა, რომელ განანათლებდა მათ ღამე გზითა მათითა, რომელთა ვიდოდეს. |
20 | შენი კეთილი სული მიანიჭე მათ ჭკუის დასარიგებლად. შენი მანანა მათი პირიდან არ მოგიშორებია. ამავე დროს წყალს აძლევდი მათ წყურვილის მოსაკლავად. | 20 | და სული შენი სახიერი, წმიდაჲ მიეც მათ, რათამცა გულისხმა-ყვეს სჯული შენი და მანანა იგი არა განაშორე პირისაგან მათისა და ასუ მათ წყალი წყურიელისა კლდისაგან. |
21 |
ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ. |
21 |
და ორმეოც წელ ავლინენ იგინი უდაბნოსა მას ზედა. სამოსელი მათი არა დაძველდა და ჴმალი მათი არა განკფდა. |
22 | მიეცი მათ სამეფოები და ხალხები და დაუნაწილე მათ. ისინი დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას, ბაშანის მეფისეულ ყოგის ქვეყანას. | 22 | და დასცენ წინაშე მათსა მეფენი და ერნი და განიყუნეს ქუეყანა იგი მათი სამკჳდრებელად - ქუეყანა იგი სეონ მეფისა ესებონელთასა და ქუეყანა ოგ მეფისა ბასანისა. |
23 | ცის ვარსკვლავებივით გაუმრავლე ვაჟები და შეიყვანე იმ ქვეყანაში, რომელზეც მათ მამა-პაპას უთხარი, რომ მის დასამკვიდრებლად მივიდოდნენ. | 23 | ძენი მათნი გახამრავლენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და მოიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა და დაიმკჳდრეს ესე. |
24 | მოვიდნენ ვაჟები და დაიმკვიდრეს ქვეყანა. შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი - ქანაანეღები, და მათ ხელში ჩაყარე მათი მეფენი, და იმ ქვეყნის ერნი, რათა მათ თავიანთი ნება-სურვილისამებრ მოქცეოდნენ. | 24 | და შემუსრენ მათ წინაშე მკჳდრნი იგი ქუეყანისა მის ქანანელთასა და მიეც იგინი ჴელთა მათთა და მეფენი მათნი და ერნი მის ქნეყანისანი და ყვეს მათ, რა-იგი უნდა მსგავსად ნებისა მათისა და კადნიერებისა თჳსისა. |
25 | დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით. | 25 | და აღიხუნეს ქალაქნი მათნი მაღალნი და პოხილნი. და დაიმკჳდრნეს სახლნი სავსენი ყოვლითა კეთილითა, ჯურღმულები აღმოკუეთილები და ვენაჴები განგებულები და ზეთისხილოვანები და ყოველი ხე ნაყოფიერი კეთილი საჭმელად და განსაძღებელად მათად ჭამეს, და განძღეს და განსუქნეს და ფუფუნებულ იქმნეს საშვებელთა შინა მათთა დიდ-დიდთა, რომელ შენ მიეც მათ |
26 | გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ; | 26 | და განეშორნეს და განგეყუნეს შენგან და უკუნდგეს სჯულისა შენისაგან და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს, რომელნი უქადაგებდეს მათ მოქცევად შენდა მიმართ, და ყვეს გულისწყრომა დიდი შენ წინაშე. |
27 | შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან. | 27 | და მისცენ იგინი ჴელთა მაჭირვებელთა მათთასა და აჭირვებდეს მათ დიდ-დიდად და მაშინ ღაღად-ყვეს შენდა მიმართ ჟამსა მას ჭირისა მათისასა და შენ ზეცით გესმა მათი და მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი და გამოიყვანენ იგინი ჴელთაგან მდევართა მათთასა |
28 | როგორც კი სულს მოითქვამდნენ, კვლავ იწყებდნენ ბოროტის ქმნას შენს წინაშე. შენ მათ მტრის ხელში ყრიდი, და ისინიც მათზე ბატონობდნენ; მაგრამ თუ ისინი კვლავ მოიქცეოდნენ და შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან ისმენდი და შენი დიდი მოწყალეობისამებრ მრავალგზის იხსნიდი მათ. | 28 | და რაჟამს განისუენეს, მერმე ყვესვე შენ წინაშე უკეთურება, მისცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და ძჳრსა შეაჩუენებდეს მათ და მერმეცა ღაღადებდეს და შენ ზეცით გესმა მათი და იჴსნენ იგინი მრავლითა წყალობითა შენითა. |
29 | შეაგონებდი მათ, შენ რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ჯიუტობდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინაშე, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუკი შეასრულებს მათ; ისინი ჯიუტობდნენ, ქედს იფიცხებდნენ და ყურს არ უგდებდნენ. | 29 | და მერმე დასდევ წამება მათ თანა, რათამცა მოიქცეს სჯულსა შენსა, ხოლო იგინი უგულისხმონი იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს სჯულისა შენისა, არამედ ბრძანებათა შენთა და მცნებათა შენთა შესცოდეს, რომელ-იგი შენ ჰყავ და ამცენ და უბრძანენ სიტყუანი და მცნებანი შენნი მათ, რამეთუ, რომელმან ყუნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე, ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედ-ფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი |
30 | მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში. | 30 |
შენ სულგრძელ იქმენ მათ ზედა, მიავლინენ საწამებელად წინაწარმეტყუელნი შენნი სულითა წმიდითა, და ესრეცა არა ვინ ისმინეს და მისცენ იგინი ერსა მას უცხოსა ქუეყანასა, რომელსა დაგლახაკნეს იგინი ფრიად. |
31 |
მაგრამ ბოლომდე არ შემუსრე ისინი შენი დიდი გულმოწყალებით და არ მიატოვე, რადგან მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი ხარ. |
31 | და შენ მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა არა დასთხიენ იგინი სრულიად და არა განიშორენ და არცა განიყენენ იგინი შენგან, და შენ ძლიერ ხარ, მოწყალე, სულგრძელ და მრავალმოწყალე. |
32 | ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო, აღთქმისა და მადლის შემნახველო, ნუღარ იცოტავებ ყველა იმ შეჭირვებას, ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამა-პაპასა და მთელ ჩვენს ხალხს რომ შეგვემთხვა აშურის მეფეთა დროიდან დღესამომდე. | 32 | და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, ძლიერო და დიდო ყოვლისა მპყრობელო და საშინელო, მართალ ხარ და ჭეშმარიტ, დაიმარხე აღთქმა შენი და წყალობა შენი, და მიხედე სიგლახაკესა ჭირსა ჩემსა, და მეფეთა ჩუენთასა, და მთავართა ჩუენთასა, და მღდელთა ჩუენთა და წინაწარმეტყუელთა ჩუენთასა, და ყოველთა და მამათა ჩუენთასა და ერისა შენისასა, რომელ დაგლახაკნა და გუმძლავრობდეს ჩუენ ზედა მეფეთა მათგან ასურასტანისათა ვიდრე მოდღენდელად დღემდე |
33 | შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, ვინაიდან შენ წრფელად იქცეოდი, ჩვენ კი ბოროტებას ჩავდიოდით. | 33 | და შენ მართალ ხარ ყოვლისათჳს, რა-ესე მოავლინე ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ ჭეშმარიტად ჰყავ. |
34 | ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველები არ ასრულებდნენ შენ რჯულს, ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებსა და შეგონებებს, რომლითაც მათ შეაგონებდი. | 34 | რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და არა ვყავთ მცნება შენი, რომელ გვამცენ ჩუენ, და არცა მივხედეთ სჯულსა შენსა და წამება შენი, რომელ დასდევ ჩუენ თანა. |
35 | არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენს მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ. | 35 | და სახიერება შენი და კეთილნი იგი შენნი მრავალნი, რომელ მოგუცენ ჩუენ, და ქუეყანა ესე ფართო და ვრცელი და პოხილი, რომელ მომეც ჩუენ, ვერ ვაგეთ ჩუენ შენდა მონებად მას ზედა, არამედ გარემოვაქციეთ გული ჩუენი სჯულისაგან შენისა, და მიგუცენ ჩუენ ტყუეობასა ცოდვათა ჩუენთათჳს |
36 | აჰა, დამონებული ვართ დღეს; აჰა, იმ ქვეყანაში, ჩვენ მამა-პაპას რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და დოვლათით ესაზრდოვა, დამონებული ვართ. | 36 | და, აჰა, ესერა, ვართ დღეს მონებასა შინა და ქუეყანა ესე, რომელ მიეც მამათა ჩუენთა ჭამად სიპოხე და საშვებელი მისი თავისუფლებით. |
37 | მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისაა, რომელნიც ჩვენ დაგვიყენე ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ სხეულებსაც ეპატრონებიან ისინი თავიანთ ნებაზე, და ჩვენს საქონელსაც, დიდ გასაჭირში ვიმყოფებით. | 37 | აწ დღეს უცხონი მეფენი უფლებენ ჩუენ ზედა და შესჭამენ ამას ცოდვათა ჩუენთათჳს და შევრდომილ ვართ მონებასა დიდსა და გვიმსახურებენ ჩუენ და პირუტყუთა ჩუენთა, და უხარკობთ მათ მონებით, ვითარცა მათ ჰნებავნ, და ვართ ჩუენ იწროებასა შინა და ჭირსა შინა დიდსა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს |
38 | ყოველივე ამის გამო მტკიცე აღთქმას ვდებთ და ხელს ვაწერთ. ჩვენმა მთავრებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა დაბეჭდეს. | 38 | და აწ ამას ყოველსა ზედა ჩუენ დავსდებთ აღთქმასა და სარწმუნოებასა, და გურწამს სჯული შენი და ვყოთ იგი, და რა-იგი წერილ არს მათ შინა, და ესე სიტყუა წიგნითა დავამტკიცოთ და დავბეჭდოთ ჩუენ და მთავართა ჩუენთა, და ლევიტელთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა. |