ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა.

1

სიტყჳსაებრ ეფრემისსა სამართალნი მოიხუნა მან შორის ისრაჱლისსა, და დაუდვა ბაალსა და მოკუდა,

2 ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო! 2 და აწ შესძინა ცოდვად და ქმნნეს თავთა თჳსთად გამოდნობილნი ვეცხლისაგან მათისა, ხატებისაებრ კერპთაჲსა ქმნულნი ხუროთანი შესრულებულნი მათთჳს. იგინი იტყჳან: დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს.
3 ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით. 3 ამისთჳს იყვნენ, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, ვითარცა მტუერი განბერული კალოჲსაგან და ვითარცა ორთქლი ცრემლთაგან ნაკუამლევთა.
4 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი. 4 ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, ღმერთი ჩემგან კიდე არა იცნა და არცა ვინ არის მაცხოვარ ჩემსა გარეშე.
5 მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე. 5 მე გმწყსიდი შენ უდაბნოსა, ქუეყანასა უშენსა,
6 როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე. 6 საძოვრისა მათისა მახლობელად. ამოროხვით განძღომილ იქმნეს, და გულნი მათნი აღიზუავნეს და დამივიწყეს მე.
7 მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე. 7 მეცა ვიქმნე მათთჳს ლომი ძუჲ, ვითარცა ვეფხი გზასა ზედა ასსურასტანისისა.
8 ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ. 8 შევემთხჳო მათ, ვითარცა დათჳ უღონოქმნილი, და განვბძარო შეჴშულობა გულისა მათისა და შეშჭამდენ მათ მუნ ლეკუნი მაღნარისანი, მჴეცთა ველისათა განხეთქნენ იგინი.
9 თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა! 9 განხრწნილებასა შენსა, ისრაილ, ვინ შეეწიოს?
10 სადა არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: მომეცი მეფე და მთავრებიო? 10 სადა არს მეფე შენი ესე? და განგარინედ შენ ყოველთა შორის ქალაქთა შენთა. გშმჯიდენ შენ, რომელ სთქუ: მომეც მე მეფე და მთავარი.
11 მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში. 11 და მიგეც შენ მეფე რისხვითა ჩემითა და ვჰგებდ გულისწყრომასა შინა ჩემსა.
12 შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები. 12 გრიგალი სიცრუჲსაჲ ეფრემ, დაფარულ ცოდვაჲ მისი.
13 მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან. 13 და სალმობანი, ვითარცა შობადისანი, მოვიდენ მისსა. ესე არს ძე შენი ცნობილი მით, რამეთუ აწ ვერ დაუთმოს შემუსრვასა შვილთასა.
14 ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს! 14 ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი და სიკუდილისაგან ვიჴსნნე იგინი. სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თვალთაგან ჩემთა
15 თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს. 15 მით, რამეთუ ამან საშუალ ძმათა განწვალოს, მოაწიოს ცეცხლი, ქარი უფალმან უდაბნოჲთ მათ ზედა, და განაჴმნეს ძარღუნი მისნი და მოაოჴრნეს წყარონი მისნი. ამან განაჴმოს ქუეყანაჲ მისი და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.