ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
      სძალი ეტყჳს:
1

ქებათა ქება სოლომონისა.

1

ქება ქებათა სოლომონისა, რომელ არს კურთხევა კურთხევათა, რომელსა ეწოდების ებრაელებ სირ ასირინ.

2 მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი! 2 სძალი ეტყჳს: ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა,
3 სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს. 3 და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ,
4 თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ! 4 მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით. ქალწულთა მიუთხრა სძალმან სიძისათჳს, რომელიცა მიმადლა მას: შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა, - სძალმან მიუთხრა ქალწულთა, და მათ თქუეს: ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი. შევიყუარნეთ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. ქალწულნი სიძისა მიმართ ჴმობენ სახელითა სიძისათა: სიწრფოებამან შეგიყვარა შენ,
5 შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი. 5 სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი.
6 ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი. 6 ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან, ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს მე მცველად ვენაჴისა, სავენაჴე ჩემი არა დავიცევ.
7 მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში? 7 სიძე ეტყჳს სძალსა: მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის? ნუუკუე ვიქმნე მე, ვითარცა ვინ გარემოიცავნ კოლტსა სხჳსასა?
8 თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები. 8 სიძე ეტყჳს სძალსა: უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ თიკანნი შენნი საყოფელსა მწყემსთასა.
9 ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო! 9 კუალად სიძე ეტყჳს: ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო.
10 მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული. 10 ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული.
11 ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ. 11 ქმნილებასა ოქროსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დასხმულსა ვეცხლსა.
12 ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი. 12 ვიდრემდის მოასხნეს მას ჴელნი მისნი მეფემან. სძალი ეტყჳს თავსა თჳსსა და სიძესა: ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.
13 მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს. 13 შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ.
14 ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში. 14 ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გაადისასა.
15 აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები. 15 სიძე ეტყჳს სძალსა: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან.
16 აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი. 16 სძალი ეტყჳს სიძესა: აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა ჩუენსა ზედა საგრილი.
17 სახურავი ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი - კვიპაროსის. 17 მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი.