ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს: |
|||
1 |
მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი. |
1 | სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს: მე - ყუავილი ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ. |
2 | როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის! | 2 | და ვითარცა შროშანი შორის ეკალთა, ესრეთ არს მახლობელი ჩემი შორის ასულთა; |
3 | როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას. | 3 | სძალი რტყჳს სიძესა: ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა. საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა. |
4 | შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი. | 4 | ქალწულთა ეტყჳს სძალი: შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული, |
5 | გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან. | 5 | დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა მიერ, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა. |
6 | ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი! | 6 | მარცხენე მისი თავსა ჩემსა და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე. |
7 | გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს. | 7 | სძალი ეტყჳს ქალწულთა: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდიცა ინებოს. |
8 | აჰა, გაისმის ხმა ჩემი მეტრფისა, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე. | 8 | ესმა ჴმაჲ სიძისა და იტყჳს: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა: აჰა, ესერა, ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა. |
9 | ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის. | 9 | მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა. სძალმან მოსცა სასწაული სიძისა მიერ ქალწულთა და თქუა: აჰა, ესერა, ესე დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო და გარდმოხედავს არდაბაგთაჲთ. |
10 | მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი! | 10 | მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო. |
11 | რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის წავიდა. | 11 | რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა. |
12 | ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში. | 12 | და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა. |
13 | ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი! | 13 | ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი. აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო, |
14 | შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი. | 14 | მოვედ თავით შენით, ტრედო ჩემო, საგრილსა ქუეშე კლდისასა, მახლობელად ზღუდისა, მაჩუენე მე პირი შენი და მასმინე მე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ. |
15 | დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი. | 15 | ქალწულნი ეტყჳან სიძესა: მიპყრენით ჩუენ მელნი მცირნი, განმრყუნელნი ვენაჴთანი და ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან. |
16 | ჩემი მეტრფე ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყემსავს შროშანთა შორის! | 16 | სძალი ეტყჳს: ძმისწული ჩემი ჩემდა და მე - მისა, რომელი ჰმწყსი შროშანთა შორის. |
17 | ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე, მეტრფევ ჩემო, ნიამორს, ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულთ! | 17 | ვიდრემდის წარჴდეს დღე და მოადგენ აჩრდილნი, მოიქეც და ემსგავსე შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთა. |