ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული. |
1 |
სიძე იტყჳს სძლისა მიმართ: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო; აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ. თუალნი შენნი ტრედ არიან გარეშე დუმილისა მაგის შენისა. თმა შენი - ვითარცა არვე თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით, |
2 | შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის. | 2 | კბილნი შენნი - ვითარცა არვე მორისულთაჲ, რომელნი აღმოჴდეს საბანელით, ყოველნივე ორთმსხმელნი და ბერწი არა არს მათ შორის. |
3 | შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ. | 3 | ვითარცა საბელი ძოწემული, ბაგენი შენნი და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისა, საკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა; |
4 | შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი. | 4 | ვითარცა გოდოლი დავითისი - ქედი შენი, რომელი-იგი აღშენებულ არს თალპიოდს, ათასი ფარი დამოკიდებულ არს ზედა და ყოველი ისარი ძლიერთაჲ. |
5 | ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის. | 5 | ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი თიკანნი მარჩბივნი ქურციკისანი, რომელნი ძოვედ შორის შროშანთა. |
6 | ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე. | 6 | ვიდრე დღისა შერიჟუებადმდე და აჩრდილთა შეძრვად მე თჳთ მივიდე მთასა მურისასა და ბორცუსა გუნდრუკისასა. |
7 | ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო! | 7 | ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა. |
8 | წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან. | 8 | მოვედ, სძალო, ლიბანით, მოვედ ლიბანით. მოხჳდე და წარმოჰვლო დასაბამით სარწმუნოებისათ თხემსა ზედა სანარისა და ერმონისასა საყოფელთაგან ლომთასა და მთათაგან ვეფხთასა. |
9 | შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით! | 9 | გუასურვე ჩუენ, დაო ჩუენო, სძალო, გული. გუალმე ჩუენ ერთითა თუალთა შენთათა და ერთითა მძივითა ყელისა შენისათა. |
10 | რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი! | 10 |
რაბამ განშუენდეს ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, დაო ჩემო, სძალო. რავდენ განშუენდეს ძუძუნი შენნი ღჳნისაგან და სული მიჰრონთა შენთა უფროს ყოველთა ნელსაცხებელთა. |
11 | გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, სძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია! | 11 | თაფლი დამოსწუთის ბაგეთა შენთა, სძალო, თაფლი და სძე ქუეშე ენასა შენსა და სულნელებაჲ სამოსელთა შენთა, ვითარცა სულნელებაჲ ლიბანისა. |
12 | ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი. | 12 | მტილი მოკრძალულ არს დაჲ ჩემი, სძალი, მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული. |
13 | შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით, | 13 | მოციქულებანი შენნი - სამოთხე ბროწეულთა ნაყოფისა თანა ხეთა ხილნარისასა, კჳპარი ნარდიონითურთ. |
14 | ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით. | 14 | ნარდიონი და ქურქუმაჲ, საკუმეველი, ლერწმისა და კინამოჲ, ყოველთა თანა ხეთა ლიბანისათა, მური და ალოჲ ყოველთა თანა პირველთა ნელსაცხებელთა. |
15 | ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი. | 15 | წყაროჲ, მტილი და ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მსწრაფლგამომავალისა ლიბანით. |
16 | აღდეგ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ბაღსა ჩემსა, დაე, სურნელებით ფშვენდნენ! მოვიდეს თავის ბაღში მეტრფე ჩემი და იგემოს მისი სანატრელი ხილი! | 16 | სძალი იტყჳს: აღდეგ, ჩრდილოო, და მოვედ, ბღუარო, მოჰბერე მტილსა ჩემსა და დიოდენ ნელსაცხებელნი ჩემნი. სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს: შთაჴედინ ძმისწული ჩემი მტილსა თჳსსა და ჭამენ ხილნარი ნაყოფთა თჳსთა. |