ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
     

სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს:

1

ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრვნით, მეტრფენო!

1 შევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელით ჩემითურთ, ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა. ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა. ჭამეთ, მოყუასნო ჩემნო, და სუთ, დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო.
2 მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის წვეთებმა. 2 მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი - ცუართაგან ღამისათა.
3 გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო? 3 სძალი იტყჳს: განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარმე შევიმოსო იგი? დავიბანენ ფერჴნი ჩემნი, ვითარმე შევაგინნე იგინი?
4 ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული. 4 ძმისწულმან ჩემმან მოყო ჴელი მისი სარკუმლით გამო და მუცელი ჩემი აღიძრა მის ზედა.
5 ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს. 5 აღვდეგ მე განღებად კარისა ძმისწულისა ჩემისა, ჴელთა ჩემთა დასწუთა მური, თითთა ჩემთა მური სავსედ კართა ზედა საჴშველისათა.
6 გავუღე კარი მეტრფეს ჩემსა, მაგრამ გაბრუნდა მეტრფე ჩემი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი მას, არ მესიტყვებოდა. 6 განუღე მე ძმისწულსა ჩემსა, ძმისწული ჩემი წარვიდა და სული ჩემი განვიდა სიტყუასა მისსა თანა. ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი, უჴმობდ მას და არა ჴმა-მცა.
7 შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს, მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა. 7 მპოვეს მე მჴუმელთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა, მცეს და მწყლეს მე და განმძარცუეს სამოსელი ჩემი მცველთა ზღუდისათა.
8 გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ მეტრფვ ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან. 8 გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ სადა ჰპოვოთ ძმისწული ჩემი, უთხართ მას, ვითარმედ წყლულ ვარ მე სიყუარულითა.
9 რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ? 9 ასულთა იერუსალიმისათა და მცველთა ზღუდისათა ჰკითხეს სძალსა: რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, შუენიერო დედათა შორის? რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, რამეთუ ეგრეთ გუაფუცებ ჩუენ?
10 თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული. 10

სძალმან წამ-უყო ძმისწულისათჳს, ვითარ-რაჲ იყო და ეტყჳს: დისწული ჩემი მწყაზარ და მწითურ, გამორჩეულ შობითგან ბევრეულთაგან;

11 თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით. 11 თავი მისი - ოქროჲსა ოფაზისაჲ, თხზული თმათა მისთაჲ, ვითარცა ჭედილი, შავ, ვითარცა ყორანი;
12 თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი. 12 თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა, მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა;
13 ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი. 13 ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი ნელსაცხებელთანი, ფშჳან სულნელებასა ნელსაცხებელთმგბოლველთასა, ბაგენი მისნი - შროშან და მომწთოლვარე მურითა სავსედ.
14 ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი. 14 ჴელნი მისნი - ოქროჲსანი, წახნაგებულ, აღვსებულ თარშითა, მუცელი მისი, ვითარცა ფიცარი პილოჲსძუალისაჲ, თუალსა ზედა საფიროვნსა;
15 წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული; მისი პირისახე მსგავსია ლიბანისა და დიდებულია, როგორც კედარი. 15 წჳვნი მისნი - სუეტნი მარმარილოსანი, დაფუძნებულნი ხარისხსა ზედა ოქროჲსასა; ხილვაჲ მისი, ვითარცა ლიბანი რჩეული და ვითარცა ნაძუნი;
16 მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა! 16 ჴორჴი მისი - სიტკბოებაჲ და ყოვლად საწადელ. ესე არს ძმისწული ჩემი და ესე არს მახლობელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო.
    17 ჰკითხვიდეს ასულნი იერუსალიმისანი, სადა წარვალს ძმისწული მისი: ვიდრე ვიდა ძმისწული შენი, შუენიერო დედათა შორის? ვიდრე მიიმართა ძმისწულმან შენმან? და ვიძიოთ იგი შენ თანა?