ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.

1

და ერი იგი დრტჳნვიდა ბოროტად წინაშე უფლისა და ესმა უფალსა და განრისხნა გულისწყრომით და აღატყდა ცეცხლი მათ შორის უფლისა მიერ და შეჭამა რაოდენიმე ბანაკისაჲ მის.

2 შეჰღაღადა ხალხმა მოსეს და შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი. 2 და ღაღად-ყო ერმან მან მოსესა მიმართ და ილოცა მოსე უფლისა მიმართ და დასცხრა ცეცხლი იგი.
3 უწოდეს ამ ადგილს სახელად თაბყერა, რადგან იქ აღიგზნო უფლის ცეცხლი. 3 და ეწოდა ადგილსა მას „ცეცხლით მოწუა“, რამეთუ მუნ აღატყდა მათ შორის ცეცხლი უფლისა მიერ.
4 ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო, აჰყვა გულისთქმას. ატირდნენ ისრაელიანებიც და ამბობდნენ: ვინ გვაჭმევს ხორცს? 4 და ერსა მას უცხოსა, რომელი გამოვიდა ისრაჱლისა თანა, გულმან უთქუა გულისთქმაჲ, დასხდა და ტიროდა, და ძენი ისრაჱლისანიცა მათ თანა, და იტყოდეს: ვინ მცეს ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ.
5 გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. 5 რამეთუ მოვიჴსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგჳპტეს უსასყიდლოდ და ნესუსა, და მელაპეპონსა, და პრასასა, და ხახუსა და ნიორსა.
6 ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ. 6 აწ, ესერა, სული ჩუენი დამდნარ არს, გარნა მანანასა ამას ხოლო თუალნი ჩუენნი მსტუარ არიან.
7 ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად. 7 ხოლო მანანაჲ იყო ვითარცა თესლი ქინძისაჲ სპეტაკ და ხილვაჲ მისი - ვითარცა ხილვაჲ მყინვარისაჲ.
8 გაიფანტებოდა ხალხი, აგროვებდა და ფქვავდა ხელსაფქვავით ან როდინში ნაყავდა. ხარშავდნენ ქვაბში და აცხობდნენ მისგან კვერებს; გემოთი ზეთიან ხავიწს ჰგავდა. 8 და განვიდეს ერი იგი, შეკრიგის და დაფქვიან მფქველითა, და მოგალიან ფილთა, და შეგბიან იგი ქოთნითა და შექმნიან ყურბეულად. და იყო გემოჲ მისი, ვითარცა გემოჲ რჩეულისა ზეთიჱაჲ და,
9 როცა ცვარი დაეფინებოდა ბანაკს ღამღამობით, მანანაც ეფინებოდა მას. 9 რაჟამს გარდამოჴდის ცუარი ბანაკსა მას ზედა, გარდამოჴდის მანანაჲცა იგი მის თანა.
10 გაიგო მოსემ, რომ ტირის ხალხი, ყველა თავ-თავის საგვარეულოებში, თავ-თავის კარვის შესასვლელთან. რისხვით აინთო უფალი. არ მოეწონა ეს მოსეს. 10 და ესმა მოსეს ტირილი იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ თითოეულთაჲ წინაშე კარსა კარვისა თჳსისასა და ტიროდეს. განრისხდა გულისწყრომით უფალი ფრიად და წინაშე მოსესცა იყო ესე ბოროტ.
11

უთხრა მოსემ უფალს: რისთვის უბოროტე შენს მორჩილს? რით ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე?

11

და ჰრქუა მოსე უფალსა: რაჲსათჳს ბოროტი უყავ მსახურსა შენსა და რაჲსათჳს არა ვპოვე მადლი წინაშე შენსა და დამდევ სიმძაფრე ერისაჲ ამის ჩემ ზედა?

12 მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი? მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები, ძიძასავით შენი უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მის მამა-პაპას რომ აღუთქვი ფიცით? 12 ნუუკუე მე მუცლად-ვიღე ყოველი ესე ერი, ანუ მე ვშვენ ესენი, რამეთუ მეტყჳ მე: შთაისხენ ეგენი წიაღსა შენსა, ვითარცა აღიქჳს დედამძუძემან მწოვარი ჩჩჳლი და შეიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცე მამათა მათთა?
13 სადა მაქვს ხორცი მთელი ამ ხალხისთვის მისაცემად? რადგან შემომტირიან და ამბობენ: მოგვეცი ხორცი, რომ ვჭამოთ. 13 ვინაჲ ვსცე მე ჴორცი ყოველსა ამას ერსა, რამეთუ ტირან ჩემდამო და მეტყჳან: მეც ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ?
14 მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება. 14 ვერ ძალ-მიც მე მარტოსა ტჳრთვად ერი ესე, რამეთუ მძიმე არს ჩემდა სიტყუაჲ ესე.
15 რაკი ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს. 15 უკუეთუ ესრეთ მიყოფ მე, მომკლა მე მოკლვით, უკუეთუ ვპოვე მე მადლი და წყალობაჲ შენ წინაშე, რათა არა ვიხილო ძჳრი ჩემი.
16 უთხრა უფალმა მოსეს: შემოკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და რჯულისკაცებად იცნობ. მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ. 16 და ჰრქუა უფალმან მოსეს: შემიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა, რომელნი შენ იცნი, ვითარმედ: ესენი არიან მოხუცებულნი ერისანი და მწიგნობარნი მათნი, და მიიყვანენ იგინი კარვად წამებისა, და დგენ მუნ შენ თანა.
17 ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო. 17 და მოვიღო სულისა მისგან, რომელ არს შენ თანა და მივსცე მათ ზედა, და შეგეწეოდიან შენ ზედა მოსლვასა მას ერისასა და არა გეტჳრთოს შენ მარტოსა.
18 ხალხს უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის და შეჭამთ ხორცს; რადგან უფლის გასაგონად ტიროდით, ვინ გვაჭმევს ხორცს, რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში. მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ. 18 და ერსა არქუ: განწმიდენით ხვალისა და ჭამეთ ჴორცი. რამეთუ სტიროდით წინაშე უფლისა და იტყოდით: ვინ მაჭამოს ჩუენ ჴორცი? რამეთუ უმჯობე იყო ყოფაჲ ჩუენი ეგჳპტეს, და მოგცეს თქუენ უფალმან ჴორცი ჭამად და ჰჭამდეთ.
19 არა ერთ დღეს იქნებით მისი მჭამელი, არა ორ დღეს, არა ხუთ დღეს, არა ათ დღეს და არა ოც დღეს, 19 არა დღე ერთ, არცა ორ დღე, არცა ხუთ დღე, არცა ათ დღე, არცა ოც დღე,
20 არამედ მთელს ერთ თვეს, ვიდრე ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგზიზღდებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, თქვენს შორის მყოფი, და მოთქვამდით მის წინაშე, რისთვის გამოვდიოდით ეგვიპტიდანო? 20 არამედ ვიდრე თვესა დღეთასა ჰჭამდეთ, ვიდრემდე წარმოჴდეს ცხჳრით თქუენით და გექმნეს თქუენ ნავღელ, რამეთუ ურჩ ექმნენით უფალსა, რომელი არს თქუენ შორის, რამეთუ სტიროდეთ წინაშე მისსა და იტყოდეთ: რაჲსათჳს იყო გამოსლვაჲ ჩუენი ქუეყანით ეგჳპტით?
21

თქვა მოსემ: ექვსასი ათასია ეს ხალხი, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები; შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და ერთ თვეს ეყოფათო საჭმელად.

21

და ჰრქუა მოსე უფალსა: ექუსას ათასი არს მკჳრცხლი ერი ესე, რომელსა ვარ მე მათ ზედა და შენ იტყჳ: ჴორცი ვსცე მათ და ჭამდენ, ვიდრე თთუეთა დღეთამდე?

22 იქნებ მთელი ცხვარ-ძროხა დავუკლათ, რომ ეყოთ? ან იქნებ ზღვის მთელი თევზი შევუგროვოთ, რომ ეყოთ? 22 ნუ ცხოვარი და ზროხაჲ დაუკლნენა მათ და კმა-ეყოს მათ, ანუ ყოველნი თევზნი ზღჳსანი შეკრბენ და ეყოს მათ.
23 უთხრა უფალმა მოსეს: იქნებ მოკლეა უფლის ხელი? ახლა დაინახავ, აგიხდება თუ არა ჩემი ნათქვამი. 23 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ჴელი უფლისა ვერმე კმა-ეყოს ამათ აწვე, ეგერა, სცნა მო-რა-იწიოსა სიტყუაჲ ჩემი ანუ არა?
24 გავიდა მოსე და უთხრა ხალხს უფლის ნათქვამი. შეჰყარა სამოცდაათი კაცი ერის უხუცესთაგან და კარვის ირგვლივ დააყენა ისინი. 24 და გამოვიდა მოსე და ეტყოდა ერსა სიტყუასა მას უფლისასა და შეკრიბა სამეოცდაათი კაცი მოხუცებულთაგან ერისათა და დაადგინნა იგინი გარემო კარავსა მას.
25 ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით. 25 და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და ეტყოდა მოსეს. და მოიღო უფალმან სულისა მისგან, რომელი იყო მის ზედა და მიჰფინა იგი სამეოცდაათთა მათ კაცთა ზედა მოხუცებულთა. და ვითარცა განისუენა სულმან მან მათ ზედა და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მათსა შინა და არღარა შეეძინნეს.
26 ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში. 26 და დაშთეს ორნი კაცნი ბანაკსა მას შინა: სახელი ერთისაჲ ელდად და სახელი მეორისაჲ მის - მოლდად. და განისუენა სულმან მან მათ ზედა. და ესენი იყუნეს აღწერილთა მათგანნი და არა მოვიდეს კარვად
27 მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში. 27 და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მას შინა. და მორბიოდა ჭაბუკი ერთი და უთხრა მოსეს და ჰრქუა მას: ელდად და მოლდად წინაწარმეტყველებენ ბანაკსა შინა.
28 მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე! 28 მიუგო ისო, ძემან ნავესმან, წინაშემდგომელმან მოსესმან რჩეულმან, და ჰრქუა: უფალო მოსე, დააბრკოლენ იგინი.
29 უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს! 29 და ჰრქუა მას მოსე: და შენცა მეშურობ მე? და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად, რაჟამს მოსცეს უფალმან სული მისი მათ ზედა?
30 წავიდა მოსე ბანაკში და გაჰყვნენ მას ისრაელის უხუცესები. 30 ხოლო წარვიდა მოსე და ბანაკი მისი უწინარეს ისრაჱლთასა.
31

ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა.

31

და გამოვიდა სული უფლისა და გამოიღო მწყერმარჴილი ზღჳთ და დადვა იგი ბანაკსა მას დღის ერთისაგანსა ამიერ და იმიერ, გარემო ბანაკსა მას, ვითარ ორ წყრთა ქუეყანასა ზედა.

32 ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელი ის დღე, მთელი ღამე, მთელი მეორე დღე; ყველაზე ცოტას შემგროვებელმა ათი ხომერი წაიღო. დაიწყვეს თავისთვის ბანაკის გარშემო. 32 და აღდგა ერი იგი მას დღესა დღე ყოველ და ღამე ყოველ, და დღე ყოველ ხვალისაგან და შეკრიბეს მწყერმარჴილი იგი, რომელმან მცირედ შეიკრიბა ათკოროს, რომელ არს სამას გრივ. და დაწჳდეს და განაჴმეს ჴმელად გარეშე ბანაკსა მას.
33 ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს. 33 და ჴორცი იგი იყოღა პირსა შინა მათსა და არღა მოკლებულ იყო. და უფალი განრისხნა ერსა მას ზედა და მოსრა ერი იგი წყლულებითა დიდითა ფრიად.
34 დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი. 34 და ეწოდა ადგილსა მას `საფლავებ გულისთქმისაჲ,~ რამეთუ მუნ დაჰფლეს ერი იგი გულისმთქმელი. და სამარით გულისთქმით წარიძრა ერი იგი ასეროთდ და იყო ერი იგი ასეროთს.
35 კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისკან დაიძრა ხალხი და მოადგნენ ხაცეროთს.