ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა, რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.

1

და იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა დედაკაცისა მისთჳს ჰინდოჲსა, რამეთუ ცოლი ჰინდოჲ მოიყვანა.

2 ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა. 2 და თქუეს: მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა გუეტყოდა? და ესმა ესე უფალსა.
3 მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე. 3 და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.
4 უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი. 4 და ჰრქუა უფალმან მეყსეულად მოსეს და აჰრონს და მარიამს: გამოვედით თქუენ სამნივე გარეშე კარვად საწამებელისა, და გამოვიდეს სამნივე იგი კარვად საწამებელისა.
5 ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი. 5 და გარდამოჴდა უფალი სუეტითა ღრუბლისაჲთა, და დადგა კართა წინაშე კარვისა მის საწამებელისათა და უწოდა აჰრონს და მარიამს. და განვიდეს ორნივე.
6 თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. 6 და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინაწარმეტყუელ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას.
7 ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი. 7 ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, სარწმუნო არს,
8 პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ? 8 პირისპირ ვეტყოდი მას ხილვით და არა იგავით, დიდებაჲ უფლისა იხილა და ვითარ არა შეიშინით ძჳრისსიტყუად მსახურისა ჩემისა მოსესთჳს?
9 აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა. 9 და რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ ყო მათ ზედა, წარვიდეს.
10

აშორდა ღრუბელი კარავს, და, აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და, აჰა, კეთრი მოსდებია მას.

10

და ღრუბელი იგი განეშოვრა მიერ კარვით და, აჰა, ესერა, მარიამ განკეთრდა, ვითარცა თოვლი და მიჰხედა აჰრონ მარიამს. და იგი განკეთრებულ იყო და

11 უთხრა აარონმა მოსეს: გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი ჩვენს სიბრიყვეს და შეცოდებანს. 11 ჰრქუა აჰრონ მოსეს: გევედრები, უფალო, ნუ მომაგებ ჩუენ ცოდვისა მისთჳს,
12 ნუ გახდი მას მკვდარშობილივით, ნახევრად შეჭმული სხეულით რომ გამოდის დედის საშოდან. 12 რამეთუ უმეცარ ვიქმნენით და შეგცოდეთ შენ, რათა არა იყოს სწორად სიკუდილისა, ვითარცა მორყუნილი, რომელ გამოვალნ საშოჲსაგან დედისა და შეჰჭამს ზოგსა ჴორცთა მისთასა.
13 შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები. 13 და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და თქუა: უფალო, გევედრები შენ, ულხინე ამას.
14 უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს. 14 და ჰრქუა უფალმან მოსეს: უკუეთუმცა მამამან მისმან პირსა ჰნერწყვა, არამცა შეიკდიმაა შჳდ დღე? განჴედინ გარეშე ბანაკსა და მისსა შემდგომად შემოვედინ.
15 შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა. 15 და განჴადეს მარიამ გარეშე ბანაკსა მას შჳდ დღე. და ერი არა წარიძრა, ვიდრემდე განწმიდნა მარიამ.
16 მერე დაიძრა ხალხი ხაცოროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა. 16