ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს. |
1 |
და აღიღო ყოველმან მან კრებულმან და მოსცეს ჴმაჲ და ტიროდა ყოველი იგი ერი ღამე ყოელ. |
2 | აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით! | 2 | და დრტჳნვიდეს მოსესთჳს და აჰრონისთჳს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი. და ჰრქუეს მათ ყოველმან მან კრებულმან: მო-თუმცა-მწყდარ ვიყვენით ჩუენ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და უდაბნოსა ამას თუმცა მოვწყედით. |
3 | რისთვის მოგვიყვანა უფალმა ამ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი დედა-წული ტყვედ ჩავარდება? განა უმჯობესი არ იქნება, თუ ეგვიპტეში დავბრუნდებით? | 3 | და რაჲსათჳს შევჰყავთ ჩუენ უფალსა ქუეყანასა მას დაცემად ბრძოლითა, ცოლნი ჩუენნი და ყრმანი იყუნენ აღსაჭრელ, აწ უმჯობეს არს ჩუენდა მიქცევაჲ ეგჳპტედვე. |
4 | უთხრეს ერთმანეთს: დავიყენოთ მეთაურები და გავბრუნდეთ ეგვიპტეში. | 4 | და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: დავიდგინოთ ერისთავი და შევიქცეთ ეგჳპტედვე. |
5 | დაემხნენ მოსე და აარონი ისრაელიანთა მთელი საზოგადოების წინაშე. | 5 | და დავარდეს მოსე და აჰრონ პირსა ზედა თჳსსა წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა. |
6 | იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც სხვებთან ერთად იყვნენ წასულნი ქვეყნის დასაზვერად, შემოიხიეს ტანისამოსი. | 6 | ხოლო ისუ, ძემან ნავესმან, და ქალებ, ძემან იეფონესმან, რომელთა განემსტურო ქუეყანა, დაიპეს სამოსელი მათი. |
7 | უთხრეს ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა. | 7 | და ეტყოდეს ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ქუეყანა, რომელი განვიხილეთ, კეთილ არს დიდად ფრიად. |
8 | თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის. | 8 | უკუეთუ სათნო უჩნდეთ ჩუენ უფალსა, შეგჳყვანნეს ჩუენ მას და მოგუცეს ჩუენ იგი, რომელ-იგი არს გამომადინებელი სძისა და თაფლისაჲ. |
9 | ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ! | 9 | არამედ უფლისაგან ნუ განსდგებით, ხოლო თქვენ ნუ გეშინინ ერისა მისთჳს მის ქუეყანისა, რამეთუ შესაჭმელ ჩუენდა არიან იგინი, რამეთუ განიშოვრა მათგან ჟამი, ხოლო უფალი ჩუენ შორის არს. ნუ გეშინინ მათგან. |
10 | თქვა მთელმა საზოგადოებამ: ჩავქოლოთ! მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა სადღესასწაულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე. | 10 | ხოლო კრებულმან მან თქუა მათი ქვისა დაკრებაჲ, ხოლო დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა კარავსა მას ზედა წამებისასა ყოველისა შორის ძეთა ისრაჱლისათა. |
11 |
უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე. |
11 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიდრემდის ხოლო განმარისხებდეს მე ერი ესე, ვიდრემდე არა ჰრწამს ჩემი ყოველთა ამათ სასწაულთა, რომელთა უყოფ მათ შორის? |
12 | გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს. | 12 | მაცადე და მოვსრა ეგე სიკუდილითა და წარვწყმიდნე ეგენი, გყო შენ და სახლი მამისა შენისაჲ ნათესავად დიდად უფროჲს მათსა. |
13 | უთხრა მოსემ უფალს: შეიტყობს ეგვიპტე, საიდარც შენი ძლიერებით ამოიყვანე ეს ხალხი, | 13 | ჰრქუა მოსე უფალსა: ესმეს სამე ეგჳპტელთა, რამეთუ გამოიყვანე ძალითა შენითა ერი ესე მათგან. |
14 | და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ თვალდათვალ ეცხადები მათ შენ, უფალი; შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლის სვეტში. | 14 |
არამედ ყოველთა მკჳდრთაცა ამის ქუეყანისათა ასმიეს, რამეთუ შენ ხარ უფალი ერსა ამას შორის, რამეთუ თუალთა წინაშე პირისპირ იხილვები შენ, უფალი, და ღრუბელი წმიდაჲ შენი ზედა-ადგს მათ და სუეტითა ღრუბლისაჲთა ხუალ წინაშე მათსა დღისი და სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე. |
15 | თუ ერთიანად ამოხოცავ ამ ხალხს, იტყვიან ხალები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება: | 15 | და მოსრაა ერი ესე, ვითარცა კაცი ერთი და თქუან წარმართთა, რავდენთა ასმიეს სახელი შენი. |
16 | ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის შეყვანა აღთქმულ ქვეყნად და უდაბნოში დაკლა. | 16 | რამეთუ ვერ უძლო შეყვანებად უფალმან ერი ესე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მათ და დასცნა იგინი უდაბნოსა მას ზედა. |
17 | აწ, იდიდოს უფლის ძალმა, როგორც ნათქვამი გაქვს. | 17 | აწ ამაღლდეს ჴელი შენი, უფალო ვითარცა-იგი სთქუ. |
18 | სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში. | 18 | სულგრძელ, დიდად მოწყალე, ჭეშმარიტ, მომტევებელ უსჯულოებათა, სიცრუვეთა და ცოდვათა და განწმედით არა განიწმიდის თანამდები იგი მაგის ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა ვიდრე სამად და ოთხად ნათესავადმდე. |
19 | შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე. | 19 | მიუტევე ცოდვაჲ ერსა მას დიდისაებრ წყალობისა შენისა, ვითარცა-იგი მალხინებელ ექმენ ეგჳპტელთაგან ვიდრე აქამდე. |
20 | თქვა უფალმა: შემინდვია, შენი სიტყვისამებრ. | 20 | ჰრქუა უფალმან მოსეს: მალხინებელ ვარ მაგითა სიტყჳთა შენითა, |
21 |
მაგრამ ცოცხალი ვარ მე და სავსეა უფლის დიდებით მთელი ქვეყანა. |
21 |
არამედ ცხოველ ვარ მე, და ცხოველ არს სახელი ჩემი და აღავსოს დიდებამან უფლისამან ყოველი ქუეყანა, |
22 | ვერცერთი იმათგანი, ვინც იხილა ჩემი დიდება და სასწაულები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვიმოქმედე, ათგზის რომ გამომცადა მე და მაინც არ დაიჯერა ჩემი სიტყვა, | 22 | რამეთუ ყოველთა მაგათ კაცთა, რომელთა უხილავს დიდებაჲ ჩემი და სასწაულნი, რომელნი ვყვენ ეგჳპტეს და უდაბნოსა ამას და განმცადეს მე ესე ათგზის, არა ისმინეს ჴმისა ჩემისა. |
23 | ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას. | 23 | უკუეთუ მაგათ იხილონ ქუეყანა იგი, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა, არამედ შვილთა მათთა, რომელ არა იციან ჩემ თანა აქა, რომელთა არა იციან კეთილი და ბოროტი, ყოველსა ჭაბუკსა უმეცარსა, ამათ მისცე ქუეყანა იგი, ხოლო რომელთა განმარისხეს, არა იხილონ იგი. |
24 | მხოლოდ ქალებს, ჩემს მორჩილს, იმის გამო რომ სხვა სულით აღვსილმა ბოლომდე მიერთგულა მე, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც წასული იყო დასაზვერად, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას. | 24 | ხოლო მონა ჩემი ქალებ, რამეთუ იყო სული სხუაჲ მის ზედა და შემომიდგა მე, შევიყვანო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შევიდა მუნ და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს. |
25 | ყამალეკელები და ქანაანელები ცხოვრობენ ველზე. ხვალ გაბრუნდით და დაიძარით უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით. | 25 | ხოლო ამალეკი და ქანანელი შენ არიან ღელსა შინა, ხვალე მოიქეცით თქუენ და იტრენით უდაბნოდ გზასა ერჳთრისა ზღჳსასა. |
26 | ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ: | 26 | მიუგო უფალმან მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: |
27 | როდემდის უნდა მებუზღუნებოდეს ეს ბოროტი საზოგადოება? მესმის მე ისრაელიანთა ბუზღუნი, რომ მებუზღუნებიან. | 27 | ვიდრემდის ვითავსებდე კრებულსა ამას უკეთურსა, იგინი დრტჳნვენ წინაშე ჩემსა, დრტჳნვა ძეთა ისრაჱლისათა თქუენთჳს მესმა. |
28 | უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით. | 28 | ვარქუ მათ: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, არამედ ვითარცა იტყოდეთ ყურთა ჩემთა, ეგრე გიყო თქუენ. |
29 | ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით. | 29 | უდაბნოსა ამას დაცჳვენ ძვალნი თქუენნი, ყოველივე ხილვაჲ თქუენი და აღრაცხილნი იგი თქუენნი ოცით წლითგანი დამართ, რომელნი დრტჳნვიდეს ჩემთჳს. |
30 | ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა. | 30 | უკუეთუ თქუენ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა მიმიყოფიეს ჴელი ჩემი დამკჳდრებად თქუენდა მას ზედა, გარნა ქალები იეფონესი და ისო ნავესი. |
31 |
თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა. |
31 |
და ყრმათა მათ, რომელთა აქრუთ: მიმოდასატაცებელ იყვენით, შევიყვანნე იგინი ქუეყანასა მას და დაიმკჳდრონ ქუეყანა იგი, რომლისაგან განსდეგით. |
32 | თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში ეყრება. | 32 | და ძვალნი თქუენნი იყუნენ მძორ უდაბნოსა ზედა. |
33 | თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში. | 33 | და ძენი თქუენნი მოსჭამდენ უდაბნოსა ამას ორმეოც წელ და აღასრულონ სიძვაჲ თქუენი, ვიდრემდის არა განკაფდენ ძვალნი თქუენნი უდაბნოსა ზედა. |
34 | იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა. | 34 | მსგავსად რიცხუსა მას დღეთაჲსა, რაოდენსა მოიხილეს ქუეყანა იგი ორმეოცსა წელსა, დღე _ წელიწდისა წილ და მოიხუნეთ ცოდვანი თქუენნი ორმეოც წელ და გულისხმა-ჰყოთ რისხვაჲ გულისწყრომისა ჩემისა. |
35 | მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან. | 35 | მე, უფლმან, ვთქჳ: უკუეთუ არა ესრეთ უყო კრებულსა ამას უკეთურსა, რომელ აღდგომილ არს ჩემ ზედა. უდაბნოსა ამას აღესრულნენ და მოსწყდენ. |
36 | დაიხოცნენ კაცები, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად და რომელთაც დაბრუნებისას ცუდი ხმები დაუყარეს იმ ქვეყანას და მთელი საზოგადოება აუჯანყეს მოსეს, | 36 | და კაცნი იგი, რომელ წარავლინნა მოსე მოხილვად მის ქუეყანისა, მოვიდეს, იდრტჳნეს მისთჳს კრებულსა თანა თქუმად სიტყუასა ბოროტსა მის ქუეყანისათჳს. |
37 | ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმის დამყრელი ეს კაცები. | 37 | მოსწყდეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს მის ქუეყანისათჳს ძჳრი, გუემითა ბოროტითა წინაშე უფლისა. |
38 | იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული. | 38 | ისო ნავესი და ქალებ იეფონესი ცხოვნდეს კაცთა მათგან, რომელ წარვიდეს მოხილვად მის ქუეყანისა. |
39 | უთხრა მოსემ ეს სიტყვები მთელს ისრაელობას და მეტისმეტად დაღონდა ხალხი. | 39 | ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იგლოვდა ერი იგი ფრიად. |
40 |
ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერისკენ გაემართნენ; თქვეს: აბა, - ავიდეთ იმ ადგილზე, უფალმა რომ გვითხრა, რადგან შევცოდეთ. |
40 |
აღიმსთუეს განთიად, აღვიდეს თავსა ზედა მთისასა და თქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ წარვიდეთ ადგილსა, რომელსა თქუა უფალმან, რამეთუ ვცოდეთ. |
41 | თქვა მოსემ: რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას. არაფერი გამოვა სასიკეთო. | 41 | ჰრქუა მოსე: რად გარდახვალთ სიტყუათა უფლისათა, არა წარგემართოს თქუენ. |
42 | ნუ ახვალთ, რადგან არ არის უფალი თქვენს შორის, და დაგამარცხებთ მტერი. | 42 | ნუ აღხვალთ, არა არს უფალი თქუენ თანა. დაეცნეთ წინაშე პირსა მტერთასა. |
43 | რადგან იქ დაგხვდებიან ყამალეკები და ქანაანელები და მახვილით დაეცემით. რაკი ზურგი შეაქციეთ უფალს, აღარ იქნება თქვენთან უფალი. | 43 | რამეთუ ამალეკი და ქანანელი მუნ წინაშე თქუენსა არს და დაეცნეთ მახჳლითა მისთჳს, რამეთუ უკუნ თუ იქეცით ურჩებით უფლისაგან. და არა იყოს უფალი თქუენ თანა. |
44 | მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა, ხოლო საუფლო აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან. | 44 | და იძულებით აღჴდეს თავსა ზედა მის მთისასა, ხოლო კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და მოსე არა იძრნეს ბანაკით. |
45 | დაეშვნენ იმ მთის მცხოვრები ყამალეკები და ქანაანელები, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს. | 45 | და მოჴდა ამალეკი და ქანანელი, რომელ ჯდა მას მთასა შინა, სძლეს მათ და მოსრნეს იგინი ერთადმდე. |
46 | და მოიქცეს ბანაკად. |