ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაიძრნენ ისრაელიანები და დაბანაკდნენ მოაბის ველზე, იორდანეს გაღმა, იერიქონს ქვემოთ.

1

და იძრნეს ძენი ისრაჱლისნი და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.

2 დაინახა ბალაკ ციფორის ძემ ყველაფერი, რაც ისრაელმა უყო ამორეველებს. 2 და იხილა ბალაკ, ძემან სეფორისმან, ყოველი, რაჲცა-იგი უყო ისრაჱლმან ამორეველსა.
3 დიდად შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე. 3 და შეეშინა მოაბსა ერისა მისგან ფრიად, რამეთუ მრავალ იყუნეს და ზარ-ჰჴდა მოაბსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა.
4 უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: ახლა გადაჭამს ეს ურდო ყველაფერს ჩვენს გარშემო, როგორც ნახირი გადაჭამს ხოლმე მინდვრის ბალახს. ბალაკ ციფორის ძე იყო იმხანად მოაბის მეფე. 4 და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.
5 გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს, მისი ხალხის ქვეყანაში, და დააბარა, რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა. 5 და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისსა ძისა ბეორისსა ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა ქუეყანასა ზედა, ძეთა ერისა თჳსისათა, მოხადად მისა და რქუმად მისა: აჰა, ესერა, ერი გამოჴდა ეგჳპტით. აჰა, ესერა, დაიფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა.
6 ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია. 6 და აწ მოვედ და წყევე ერი ესე, რამეთუ უძლიერეს არს ესე ჩემსა. უძლოთ ხოლო თუ მოსრვად მათგანთა და განვასხნეთ იგინი ქუეყანით, რამეთუ უწყი, რომელნი აკურთხნი შენ, კურთხეულ არიედ და, რომელნი სწყევნი შენ, წყეულ არიედ.
7 წავიდნენ მოაბის უხუცესები და მიდიანის უხეცესები, და სამისნო ძღვენით ხელში მივიდნენ ბალაამთან. უთხრეს მას ბალაკის დანაბარები. 7 და წარვიდეს მოხუცებულნი მადიამისანი და სამისნველნი ჴელთა შინა მათთა. და მოვიდეს ბალაამისსა და უთხრნეს მას სიტყუანი ბალააკისანი.
8 მიუგო მათ: აქ გაათიეთ ეს ღამე და გეტყვით პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან. 8 და ჰრქუა მათ: დაადგერით მწუხრად და მიგეთხრას თქუენ საქმე, რომელ თქვას უფალმან ჩემდამო. და იყუნეს მთავარნი იგი მოაბისანი ბალაამის თანა.
9 გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და უთხრა: ეს ვინ კაცებია შენთან? 9 და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა, და ჰრქუა მას: ვინ არიან კაცნი ესე შენსა?
10 მიუგო ბალაამმა ღმერთს: ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს, გამოუგზავნია ჩემთან. 10 და ჰრქუა ბალაამ ღმერთსა: ბალააკ, ძემან სეფორისმან, მეფემან მოაბისმან, მოავლინნა იგინი ჩემდა და თქუა:
11

აჰა, ერთი ხალხი გამოვიდაო ეგვიპტიდან, და მიწის პირი დაფარაო. ახლა მოდი და შემიჩვენეო იგი, იქნებ შევძლოთ მათთან შებრძოლება და მათი განდევნა.

11

აჰა, ესერა, ერი გამოსრულ არს ეგჳპტით და დაუფარავს პირი ქუეყანისაჲ და, ესერა, დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა. და აწ მოვედ და სწყევე მას, უძლო ხოლო თუ მოსრვად.

12 უთხრა ღმერთმა ბალაამს: ნუ წაჰყვები მათ, ნუ დასწყევლი მაგ ხალხს, რადგან კურთხეულია იგი. 12 და ჰრქუა ღმერთმან ბალამს: არა შეხჳდე მათ თანა, არცაღა სწყეო ერი იგი, რამეთუ კურთხეულ არს.
13 ადგა ბალაამი დილით და უთხრა ბალაკის თავკაცებს: წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ. 13 და აღდგა ბალაამ განთიად, ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: წარვედით უფლისა თქუენისა, არა მიფლო მე ღმერთმან შესლვად თქუენ თანა.
14 ადგნენ მოაბის თავკაცები და დაბრუნდნენ მოაბთან, უთხრეს: არ მოინდომა ბალაამმა ჩვენთან წამოსვლა. 14 და აღდგეს მთავარნი იგი მოაბისანი და მივიდეს ბალაკისა და ჰრქუეს: არა ჰნებავს ბალაამს მოსლვად ჩუენ თანა.
15 ისევ გააგზავნა ბალაკმა თავკაცები, მათზე უფრო დიდებულნი და პატივსაცემნი. 15 და შესძინა მერმე ბალაკ მივლინებად მთავარნი უმრავლესნი და უპატიოსნესნი ამათსა.
16 მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს: ასე ამბობს ბალაკ ციფორის ძე: უარს ნუ ამბობ ჩემთან მოსვლაზე. 16 და მოვიდეს ბალაამისსა და ჰრქუეს მას: ესრე იტყჳს ბალაკ, ძე სეფორისი, გლოცავ შენ, ნუ გცონის მოსლვად ჩემდა.
17 რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი. 17 რამეთუ პატიოსნად გადიდო შენ, და რაჲცა მრქუა, ვყო შენ თანა, გარნა მოვედ და წყევე ერი ესე.
18 მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს. 18 და მიუგო ბალაამ და ჰრქუა მთავართა ბალაკისთა: მო-თუ-მცეს მე ბალაკ სახლი თჳსი სავსე ოქროჲთა და ვეცხლითა ვერ შემძლებელ ვარ, გარდასლვად სიტყუასა უფლისა ღმრთისასა, დამცირებად მისა, ანუ განდიდებად გულსა შინა ჩემსა.
19 თქვენ ახლა დარჩით აქ ამაღამ და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი. 19 და აწ იყვენით თქუენცა ღამესა ამას და გულისხმა-ვყო, რაჲ შესძინოს უფალმან სიტყუად ჩემდამო.
20

მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.

20

და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა ღამე და ჰრქუა მას: ხადილდ თუ შენდა მოსრულ არიან კაცნი ესე, აღდეგ და მივედ მათ თანა და სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესრე ჰყო.

21

ადგა ბალაამი დილით, შეკაზმა სახედარი და წაჰყვა მოაბის თავკაცებს.

21

და აღდგა ბალაამ განთიად და დაასხნა ვირსა თჳსსა და წარვიდა მთავართა თანა მოაბისათა.

22 აინთო ღვთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ის კი შემჯდარიყო თავის სახედარზე და მიდიოდა ორი მსახური ბიჭის თანხლებით. 22 და განრისხნა გულისწყრომით ღმერთი, რამეთუ მივიდა იგი. და დადგა ანგელოზი ღმრთისა დაბრკოლებად მისა. და იგი აღმჴედრებულ იყო ვირსა ზედა მისსა და ორნი ყრმანი მისნი მის თანა.
23 დაინახა სახედარმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია გზიდან და წავიდა ყანებზე, მინდვრებზე. დაუწყო ცემა ბალაამმა სახედარს, რომ მოებრუნებინა გზისკენ. 23 და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე გზასა ზედა და მახჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა, და მიიქცია ვირმან მან გზისაგან და ვიდოდა ველსა და სცა ვირსა მას კუერთხითა მოქცევად იგი გზად.
24 დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის, ერთ მხარესაც ღობე იყო, მეორე მხარესაც ღობე. 24 და დადგა ანგელოზი იგი ღმრთისა ფოლოცთა ვენაჴისათა, იყო ღობე ერთკერძო და ღობე ერთკერძო.
25 დაინახა თუ არა სახედარმა უფლის ანგელოზი, აეკრა კედელს და ბალაამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ. ისევ დაუწყო ცემა ბალაამმა. 25 და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა, და მიიდრიკებოდა იგი ღობესა მას, და მოჰქლიშა ფერჴი ბალამისი და შესძინა მერმე გუემად მისა.
26 ისევ დაიძრა უფლის ანგელოზი და ჩადგა ვიწროში, საიდანაც არც მარჯვნივ იყო გასახვევი გზა და არც მარცხნივ. 26 და შესძინა მერმე ანგელოზმან მან ღმრთისამან და მივიდა და დადგა გზასა იწროსა, რომელსა ვერ იყო მისაქცეველ მარჯულ, ვერცა მარცხლ.
27 დაინახა სახედარმა უფლის ანგელოზი და ჩაიკეცა ბალაამის ქვეშ. გაბრაზდა ბალაამი და ჯოხი დასცხო სახედარს. 27 და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისა და დაჯდა ქუეშე ბალაამისსა. და განრისხნა ბალამ და სცემდა ვირსა მას კუერთხითა.
28 გაუხსნა ბაგე უფალმა სახედარს და უთხრა სახედარმა ბალაამს: რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ? 28 და განუღო ღმერთმან პირი მას ვირსა და ჰრქუა ბალაამს: რაჲ გიყავ შენ, რამეთუ მეც მე? ესე სამგზის ყო.
29 უთხრა ბალაამმა სახედარს: რა და, მასხრად ამიგდე. მახვილი რომ მქონდეს ხელში, ახლავე მოგკლავდი. 29 და ჰრქუა ბალაამ ვირსა მას: რამეთუ დამიწუნე მე და, თუმცა მაქუნდა მახჳლი ჴელსა შინა ჩემსა, მუნთქუსვემცა დაგურიმე შენ.
30 უთხრა სახედარმა ბალაამს: განა შენი სახედარი არა ვარ, რომლითაც დადიხარ უკვე რა ხანია დღემდე? ოდესმე თუ მოგქცევივარ ასე? მიუგო: არა. 30 და ჰრქუა ვირმან მან ბალაამს: არა მე ვირი იგი შენი ვარა, რომელ ზედა შჯდი სიჭაბუკით შენითგან მოდღენდელად დღედმდე? ანუ შეურაცხებით შეურაცხ-გყავ სადამე შენ? ხთლო მან თქუა: არა.
31

აუხილა უფალმა თვალი ბალაამს და დაინახა ბალაამმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში. თაყვანისცა და პირქვე დაემხო.

31

და განუხუნა ღმერთმან თუალნი ბალაამისნი და იხილა ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე წინაშე ვირისა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა, დადრკა და თაყუანის-სცა პირითა.

32 უთხრა მას უფლის ანგელოზმა: რისთვის სცემ შენს სახედარს უკვე მესამეჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში. 32 და ჰრქუა მას ანგელოზმან მან ღმრათსამან: რად ეც ვირსა მაგას შენსა ესე სამგზის? და, აჰა, ესერა, მე გამოსრულ ვარ დაყდუნებად შენდა, რამეთუ არა მართალ არს გზაჲ ეგე შენი წინაშე ჩემსა.
33 დამინახა სახედარმა და უკვე მესამეჯერ გადაუხვია ჩემგან. რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი. 33 და მიხილა მე ვირმან მაგან და მიაქცია ჩემგან ესე სამგზის. და თუმცა არა მიმრიდა მე ესე სამგზის, აწ შენმცა მოგკალ და ესემცა განვარინე.
34 უთხრა ბალაამმა უფლის ანგელოზს: შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იყავი ჩემს გზაზე გადამდგარი. ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები ჩემთვის. 34 და ჰრქუა ბალაამ ანგელოზსა მას: უფალო, ვსცოდე, რამეთუ არა უწყოდე, რამეთუ შენ სდეგ გზასა ზედა დაყდუნებად ჩემდა, და აწ არა თუ გთნავს შენ, უკუნვიქცე.
35 უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს. 35 და ჰრქუა ანგელოზმან ღმრთისამან ბალაამს: მივედ კაცთა მათ თანა, გარნა სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესე იკრძალე სიტყუად. და წარვიდა ბალამ მთავართა თანა ბალაკისთა.
36 გაიგო ბალაკმა, რომ მოდის ბალაამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბის ქალაქისკენ, რომელი არნონის საზღვართან მდებარეობს, ზედ საზღვარზე. 36 და ესმა ბალაკს, ვითარმედ მოვალს ბალამ. გამოვიდა წინამიგებებად მისა ქალაქად მოაბსა, რომელ არს საზღუართა ზედა აჰრონისთა, რომელ არს კიდეთა საზღუარისათა.
37 უთხრა ბალაკმა ბალაამს: ხომ გამოვგზავნე ხალხი შენს დასაძახებლად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას? 37 და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: არა მიგივლინენა ხადიდ შენდა, რასათჳს არა მოხჳდოდე, ანუ ნანდჳლ, ვერ შემძლებელ ვარ პატივის-ყოფად შენდა.
38 უთხრა ბალაამმა ბალაკს: აჰა, მოვედი შენთან. განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი. 38 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: აჰა, ესერა, მოვალ შენდა. აწ შემძლებელ მე რაჲ ვიწყო სიტყუად რაჲსამე, გინა სიტყუაჲ, რომელ მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, ესე ვთქუა.
39 გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში. 39 და მივიდა ბალაამ ბალააკის თანა და მოვიდეს ქალაქთა ბალააკისთა.
40 დაკლა ბალაკმა ხარები და ცხვრები და გაუგზავნა ბალაამს და მის თანმხლებ თავკაცებს. 40 და დაწყჳდა ბალაკ ცხოვარი და ზროხაჲ და მიუძღუანა ბალაამს და მთავართა, რომელ იყუნეს მის თანა.
41 მეორე დილით ადგა ბალაკი და ბაალის გორაკებზე აიყვანა ბალაამი. დაინახა იქიდან ბალაამმა ხალხის ნაწილი. 41 და იყო განთიად, წარიყვანა ბალაკ ბალაამი და აღიყვანა იგი ძეგლსა ზედა ბაალისსა და უჩუენა მას მიერ მცირედი რაჲმე მის ერისაჲ.