ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, მენაშეს, იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგდა, მილქა და თირცა), |
1 |
და მოვიდეს ასულნი სალპაადისნი, ძისა ორფერისნი, ძისა გალაადისნი, ძისა მაქირისნი, დასისა მანასესი, ძეთა იოსებისთაჲ. და ესე არს სახელები მათი: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა. |
2 | და წარუდგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდელს, თავკაცებს და მთელს საზოგადოებას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, უთხრეს: | 2 | და დადგეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და თქუეს: |
3 | მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ შეთქმულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვის გამო მოკვდა და ვაჟები არ ჰყოლია. | 3 | მამაჲ ჩუენი მოკუდა უდაბნოსა ზედა და იგი არა თანა იყო კრებულსა მას აღდგომილსა წინაშე უფლისა შორის კრებულსა მას კორესა, რამეთუ ცოდვისათჳს მოკუდეს და ძენი არა ესხნეს მას. |
4 | რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი მის საგვარეულოდან, იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცით ჩვენ სამკვიდრო მამაჩვენის ძმებს შორის. | 4 | ნუ აღიჴოცებინ სახელი მამისა ჩუენისაჲ დასისაგან მისისა, რამეთუ არა არს მისა ძე, გუეცით ჩუენ სამკჳდრებელი შორის ძმათა მამისა ჩუენისათა. |
5 | უფლის წინაშე მიიტანა მოსემ მათი სამართალი. | 5 | და მიაწია მოსე საშჯელი იგი მათი წინაშე უფლისა. |
6 | ასე უთხრა უფალმა მოსეს: | 6 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
7 | მართალს ამბობენ ცელაფხადის ასულნი. უნდა მისცე მათ საკუთარი სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის, მათზე უნდა გადაიტანო მათი მამის სამკვიდრო. | 7 | მართლ იტყჳან ასულნი სალპადისნი, ცემით სცე მათ დასაპყრობელი სამკჳდრებელისაჲ შორის ძმათა მამისა მათისათა და მივსცე ნაწილი მამისა მათისაჲ მათ. |
8 | ისრაელიანვბს ასე უთხარი: თუ ვინმე მოკვდა და ვაჟი არ დარჩა, მისი სამკვიდრო მის ასულზე გადაიტანეთ. | 8 | და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა და ჰრქუა: კაციღა მოკუდეს და ძე არა ესუას მას, მისცეს სამკჳდრებელი მისი ასულსა მისსა. |
9 | თუ ასული არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მის ძმებს მიეცით. | 9 | უკუეთუ არა ესუას ასული, მისცეთ სამკჳდრებელი მისი ძმასა მისსა. |
10 | თუ ძმები არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მამამისის ძმებს მიეცით. | 10 | უკუეთუ არა ესხნეს მას ძმა, მისცეთ იგი მამისძმასა მისსა. |
11 |
თუ მამამისს ძმები არ ჰყავს, მიეცით მისი სამკვიდრო მის ახლო ნათესავს მისი საგვარეულოდან, რათა დაესაკუთროს მას. იყოს ეს ისრაელიანთათვის სამართლის წესად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. |
11 |
უკუეთუ არა ესუას მას მამისძმაჲ, მისცეს სამკჳდრებელი იგი სახლეულსა მახლობელსა მისსა. ნათსავისა მისისაგანმან დაიმკჳდროს მისი და იყოს იგი ძეთა ისრაჱლისათა სამართალ საშჯელის, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
12 | უთხრა უფალმა მოსეს: ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ამ ქვეყანას, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული. | 12 | და ჰრქუა მოსეს: აღვედ მთასა წიაღსა ამას მთასა ნაბავსა და იხილე ქუეყანა იგი ქანაანისაჲ, რომელსა მივსცემ მე ძეთა ისრაჱლისათა დაპყრობად. |
13 | დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო. | 13 | იხილო იგი და შევსძინო ერსა შენსა, ვითარცა შეეძინა აჰრონ, ძმაჲ შენი, ორს მთასა შინა. |
14 | რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში). | 14 | რამეთუ გარდაჰჴედით სიტყუასა ჩემსა უდაბნოდა ზედა სინასა რაჟამს მიჴდებოდა კრებული იგი წმიდა-ყოფად ჩემდა. არაწმიდა მყავთ მე წყალსა მას ზედა წინაშე მთასა. ესე არს წყალი ცილობისა კადესა, უდაბნოსა შინა სინასა. |
15 | ასე უთხრა მოსემ უფალს: | 15 | და ჰრქუა მოსე უფალსა: |
16 | დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას, | 16 | იხილენ უფალმან ღმერთმან სულთამან და ყოველთა ჴორცთამან კაცი კრებულსა ზედა ამას, |
17 | ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას. | 17 | რომელ გამოვიდოდის წინამძღურად მათსა და, რომელმან შეიყუარნეს იგინი, და რომელმან გამოიყვანნეს იგინი. და არა იყოს კრებული ესე უფლისა ვითარცა ცხოვარი, რომელთა არა არს მწყემს. |
18 | უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი. | 18 | და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანე შენ თანა ისუ, ძე ნავესი, კაცსა, რომელსა აქუს მას სული და დაასხნე მას ზედა ჴელნი შენნი. |
19 | დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე ყველას თვალწინ. | 19 | და დაადგინო იგი წინაშე ელიეზერ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისა. |
20 |
უწილადე შენი დიდება, რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება. |
20 | და ამცნო მათ მისთჳს წინაშე მათსა და მისცე დიდებაჲ შენი მას, რაჲთა ისმინოდიან მისი ძეთა ისრაჱლისათა. |
21 | ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გმოვლენ და მისი ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება. | 21 |
და წინაშე ელიაზარ მღდელისა დადგეს და ჰკითხოდიან მას საშჯელი განცხადებისაჲ წინაშე უფლისა. სიტყჳთა პირისა მისისაჲთა გამოვიდოდიან და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა შევიდოდიან და ძენი ისრაჱლისანი ერთბამად და ყოველი კრებული იგი. |
22 | ყველაფერი შეასრულა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა. წაიყვანა იესო და წარუდგინა ელეაზარ მღვდელს და მთელს საზოგადოებას, | 22 | და ყო მოსე, ვითარცა ამცნო მას უფალმან და მოიყვანა ისუ და დაადგინა იგი წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისასა. |
23 | დაასხა მას ხელთ და დამოძღვრა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით. | 23 | და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და შეასწავა იგი მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |