ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეს იყო აარონისა და მოსეს შთამომავლობა იმხანად, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე; |
1 |
ესე შობაჲ აჰრონისი და მოსესი დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. |
2 | ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი. | 2 | და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი: |
3 | ესენია აარონიანთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც სამღვდლოდ აკურთხა მან. | 3 | პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი მაიან მღდელად. |
4 | დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით. | 4 | და მოკუდა ნადაბ და აბიუთ წინაშე უფლისა, რამეთუ შესწირვიდეს ცეცხლსა უცხოსა წინაშე უფლისა უდაბნოსა სინას. და შვილი არა ესუა მათ და მდღელობდეს ელიაზარ და ითამარ აჰრონის თანა მამისა მათისა. |
5 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: | 5 | ეტყოდა უფალი მოსეს და ჰქუა: |
6 | მოიყვანე ლევის შტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რათა ემსახურონ მას. | 6 | მოიყვანენ ნათესავნი ლევისნი და დაადგინენ იგინი წინაშე აჰრონ მღდელისა და ჰმსახურებდენ მას. |
7 | შეასრულონ მოვალეობა მისადმი და მთელი საზოგადოებისადმი სადღესასწაულო კარვის წინ, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური. | 7 | და დაიცვენ საჴუმილი მისი და საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ წინაშე კარავსა წამებისსა საქმედ საქმესა კარავისასა. |
8 | დაიცვან სადღესასაწულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური. | 8 | და დაიცვენ ყოველი ჭურჭელი კარვისა წამებისაჲ და დაიცვენ საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ და ყოველი საქმე კარვისაჲ. |
9 | ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მას უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან. | 9 | და მისჱნე ლევიტელნი ჱმასა შენსა. |
10 | დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება. | 10 | აჰრონს და ძეთა მისთა - მღდელთა. მოცემით მოცემულ არიან ესენი ჩემდა ძეთაგან ისრაჱლისათა. და აჰრონ და ძენი მისნი დაადგინნე კარავსა წამებისსა. |
11 |
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: |
11 |
და დაიცვენ მღდელობაჲ მათი და ყოველი საკურთხეველისაჲ და შინაგან კრეტსაბმელსა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს. |
12 | აჰა, ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა შორის ნაცვლად ყოველი პირმშოსი, საშოს გამხსნელისა ისრაელიანთაგან. ჩემები არიან ლევიანები, | 12 | ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: და, აჰა, ესერა, მე მოვიყვანნე ლევიტელნი შორის ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა წილ პირმშოთა, რომელმან განაღოს საშოჲ ძეთაგან ისრაჱლისათა, საჴსრად მათა იყუნენ ჩემდად ლევიტელნი. |
13 | რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი. | 13 | რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, განვწმიდენ ჩემდად ყოველნი პირმშონი ისრაჱლისანი კაცითგან მიპირუტყვადმდე: ჩემდა იყუნედ, მე ვარ უფალი. |
14 | ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა: | 14 | ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას და ჰრქუა: |
15 | აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლების და საგვარეულოების მიხედვით; ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული აღრიცხე. | 15 | აღიხილენ ძენი ლევისნი სახლად-სახლად მამათა მათთა და ტომად-ტომადი მათი და ნათესავად-ნათსავადი მათი, ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - აღრაცხენ იგინი. |
16 | აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა. | 16 | და აღრაცხნა იგინი მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. |
17 | ესენი იყვნენ ლევიანები სახელდებით: გერშონი, კეჰათი და მერარი; | 17 | და იყუნეს ესე ძენი ლევსინი და სახელები მათი: გეთნოს, კაათ, მერარი. |
18 | ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი. | 18 | და ესე სახელები ძეთა გეთსონისთაჲ და ტომთა მათთაჲ: ლუბენი და სჳმიი. |
19 | კაჰათიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. | 19 | და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: ამბრამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ. |
20 | მერარიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესენია ლევიანთა საგვარეულოებები მამისსახლთა მიხედვით. | 20 | ძენი მერარისნი და ტომნი მათნი - მოული და ომოსი. |
21 |
გერშონიდან მოდის ლიბნის საგვარეულო და მიმეის საგვარეულო; ესენია გერშონიანთა საგვარეულოები. |
21 |
ესე არიან ტომნი ლევიტელთანი და სახლნი მამისა მათისანი, გეთსონისი ტოჰმი ლობენისი და ტომნი სემეისნი. |
22 | ყველა აღრიცხული მამროვანი, ერთი თვიდან მოყოლებული სულ იყო შვიდი ათას ხუთასი. | 22 | ესე ტომნი - გეთსონისნი, აღხილვაჲ იგი მათი შჳდ ათას და ხუთათაა. |
23 | გერშონიანთა საგვარეულოებმა სავანის უკან დასავლეთით უნდა დაიბანაკონ. | 23 | და ძეთა გეთსონსთა დაიბანაკონ შემდგომად კარვისა ზღჳთ კერძო: |
24 | გერშონიანთა მამისსახლის თავკაცი - ელიასაფ ლაელის ძე. | 24 | და მთავარი ტომისა მის გეთსონისი - ელისაბან, ძე დანიელისი. |
25 | გერშონიანებს სადღესასწაულო კარავში ებარათ: სავანე მისი გადასახურავითურთ და ფარდა, სადღესასწაუღო კარავში შესასვლელი. | 25 | და ჴუმილვაჲ იგი ძეთა მათ გეთსონისთაჲ. |
26 | ეზოს კრეტსაბმელები, სავანისა და სამსხვერპლოს გარშემო მდებარე ეზოს შესასვლელის ფარდა, მისი ბაგირები და მთელი მისი აღჭურვილობა. | 26 | კარვისა მის წამებისა კარავი და საბურველი მისი დასახურველი კართაჲ კარვისა მის წამებათაჲსაჲ. და სუეტნი ეზოჲსანი და კრეტსაბმელი ბჭეთა მათ ეზოჲსათაჲ, რომელი არს კარვისაჲ და ნეშტნი ყოველნი სამსახურებელნი მისნი. |
27 | კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის სგვარეულო, ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის საგვარეულოები. | 27 | კაათისი - ტომსა ამბრამისი ერთ, ტომი ისაჰარისი ერთ, ტომი ქებრონისი ერთ, ტომი ოზიელისი ერთ, ესე არიან ტომნი კათისნი. |
28 | რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა ათას ექვსასი, საწმიდარის სამსახურის აღმსრულებელნი. | 28 | და რიცხჳ ყოველთა წულთაჲ, თთჳთგან და უაღრესი, რვა ათას და ათას ჴუმილვიდეს ჴუმილვასა წმიდათასა. |
29 | კეჰათიანთა საგვარეულოებები სავანის გვერდით უნდა დაბანაკდნენ, სამხრეთის მხარეს. | 29 | ტომთა ძეთა კათისთა დაიბანაკონ გუერდით კარვისა ჩრდილოჲთ. |
30 | კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი იყო ელიცაფან ყუზიელის ძე. | 30 | და მთავარი სახლისა მის კაათისი - ელისაფან, ძე ოზიელისი. |
31 |
მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები, მსახურების დროს გამოსაყენებელი, ფარდა და მთელი ჩემი მოწყობილობა. |
31 |
და ჴუმილვაჲ იგი მათი კიდობნისა და ტაბლისა და სანთელთა და საკურთხეველთა და ჭურჭერთა წმიდათა, რაოდენითაცა ჰმსახურებდენ მით, დასახურველი ყოველი და სამსახურებელი მათი. |
32 | ლევიანთა თავკაცების თავკაცი იყო ელიაზარი, აარონ მღვდლის შვილი; მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდარს ემსახურებოდა. | 32 | და მთავარი მთავართა მათ ზედა ლევიტელთა - ელიაზარ, ძე აჰრონისი მღდელისაჲ, დადგინებული ჴუმილვად ჴუმილვასა მას წმიდასა. |
33 | მერარიდან მოდის მახლის საგვარეულო და მუშის საგვარეულო. ესენია მერარის საგვარეულობები. | 33 | მერარისი - ტოჰმი მოოლისი და ტომი ომუოსისი. ესე არიან ტომნი მერარისნი აღხილვაჲ იგი მათი |
34 | რიცხვი ყველა მამროვანისა, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო ექვსი ათას ორასი. | 34 | და რიცხჳ მათი - ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - ექუს ათას და ხუთას. |
35 | მერარის საგვარეულოს მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელ აბახაილის ძე. სავანის გვერდით უნდა დაიბანაკონ მათ, ჩრდილოეთის მხარეს. | 35 | და მთავარი სახლისა მის მამათაჲსა ტომისა მის მერარისთაჲ - სურიელ, ძე აბიქეაჲსი, გუერდით კარავსა მას დაიბანაკონ ჩრდილოჲთ. |
36 | მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა. | 36 | მსახურებაჲ იგი ძეთა მერარისთაჲ სუეტისთავთა კარვისათა და მოქლონთა მისთა. |
37 | ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებითურთ, პალოები და ბაგირები. | 37 | და სუეტთა მისთა და ხარისხთა მისთა და ჭურჭელთა მათთა და საქმართა მათთა და სუეტთა ეზოჲსა გარემო და ხარისხთა მისთა, მანათა მათთა და საბელთა მათთაჲ. |
38 | სავანის წინ, აღმოსავლეთით, სადღესასწაულო კარვის წინ აღმოსავლეთით დაიბანაკებენ მოსე და აარონი თავისი შვილებითურთ, რომელთაც ევალებათ საწმიდარის დაცვა ისრაელიანთა შორის. გარეშე, ვინც კი მიუახლოვდება, მოკვდება. | 38 | და რომელთა დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა აღმოსავლით, მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴუმილვიდენ ჴუმილვასა წმიდასა საჴუმილავსა მას ძეთა ისრაჱლისათასა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს. |
39 | ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვისამებრ მათი საგვარეულობების მიხედვით, ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო ოცდაორი ათასი. | 39 | ყოველი აღხილვაჲ ლევის ძეთაჲ, ვითარ აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა ტომითურთ მათით, ყოველი წული თთჳთგან და უფროჲსით - ოცდაორ ათას. |
40 | უთხრა უფალმა მოსეს: აღრიცხე ყველა პირმშო მამროვანი ისრაელიანთა შორის, ერთი თვიდან მოყოლებული, და აღნუსხე მათი სახელები. | 40 | ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აღიხილე ყოველი პირმშოჲ წული ძეთა ისრაჱლისათაჲ თთჳთგან და უფროჲსი, და მოიღე რიცხჳ მათი სახელით. |
41 |
განმიკუთვნე ლევიანები (მე ვარ უფალი) ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანებში და ლევიანთა პირუტყვი ყველა პირველმოგებულის ნაცვლად ისრაელიანების პირუტყვში. |
41 |
და მოიყვანნე ლევიტელნი ჩემდა, მე ვარ უფალი, ყოველთა მათ წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და პირუტყუნი ლევიტელთანი ყოველთა მათ პირმშოთა წილ პირუტყუთა მათ ძეთა ისრაჱლისათა. |
42 | აღრიცხა მოსემ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლისაგან, ყოველი პირმშო ისრაელიანებში. | 42 | და აღიხილნა მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან ყოველი პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ. |
43 | ყველა პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო სულ ოცდაორი ათას ორასსამოცდაცამეტი. | 43 | და იყო ყოველივე პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ წული რიცხჳსაებრ მათისა და სახელებისაებრ მათისა თთჳთგანი და უზეშთაესი რიცხჳსაებრ მათისა ოც ათას და ორასსამეოცდაცხრამეტ. |
44 | ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. | 44 | ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ |
45 | აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები. მე ვარ უფალი. | 45 | ლევიტელნი იგი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და საცხოვარი იგი ლევიტელთაჲ საცხოვართა წილ მათთა. და იყუნედ ჩემდა ლევიტელნი იგი, მე ვარ უფალი. |
46 | იმ ორას სამოცდაცამეტი კაცის გამოსასყიდად, რომ მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები, | 46 | და საჴსარი იგი ორასსამეოცდაცამეტისა, რომელნი-იგი ემატნენ ძეთა ლევისთა პირმშოთაგან ძეთა ისრაჱლისათა. |
47 | აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე (ოცი გერაა შეკელში), | 47 | და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის, |
48 | და ჩააბარე ვერცხლი აარონს და მის შვილებს ზედმეტის გამოსასყიდად. | 48 | და მივსცე ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა საჴსარი უმეტესთაჲ მათ შორის. |
49 | აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ზედმეტთაგან ლევიანთა გამოსასყიდად. | 49 | და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი უმეტესთა მათ საჴსრად ლევიტელთა. |
50 | ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელის მიხედვით. | 50 | პირმშოთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, მოიღო ვეცხლი იგი ათას სამასსამეოცდახუთი სასწორი სასწორისაებრ წმიდისა. |
51 | ჩააბარა მოსემ გამოსყიდულთა ვერცხლი აარონს და მის შვილებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. | 51 | და მისცა მოსე საჴსარი იგი უმეტესთაჲ მათ აჰრონს და ძეთა მისთა სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |