ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რუთი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ავიდა ბოყაზი კარიბჭესთან და იქ დაჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ნათესავმა კაცმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა: მოდი, სახელით მოუხმო, აქ დაჯექიო. ისიც მივიდა და დაჯდა.

1

აღვიდა ბოოზ ბჭეთა ზედა და დაჯდა მუნ. და, აჰა ესერა, ნათესავი იგი წარმოვიდოდა, რომლისათჳს თქუა ბოოზ. და ჰრქუა ბოოზ: მოაქციე და დაჯედ აქა საჲდუმლოო! და მოაქცია და დაჯდა მუნ.

2 მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა: დასხედით აქ. ისინიც დასხდნენ. 2 და მოიყვანა ბოოზ ათი კაცი მოხუცებულთაგან ქალაქისათა და ჰრქუა მათ: დასხედით! დასხდეს.
3 უთხრა ბოყაზმა იმ ნათესავს: ჩვენი მოძმის, ელიმელექის, ყანის ნაკვეთი გაყიდა მოაბის ველებიდან დაბრუნებულმა ნაყომიმ. 3 და ჰრქუა ბოოზ ნათესავსა მას: ნაწილი იგი ქუეყანისაჲ მის, რომელ არს ძმისა ჩემისა ელიმელიქისი, მიეცინ ნოომინს, რომელ-იგი მოვიდა ქუეყანის მოაბისაჲთ
4 ახლა ამას გიცხადებ: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გსურს ენათესავო, ენათესავე. თუ არა და, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენზე წინ არავისა აქვს ნათესაობის უფლება. მე მხოლოდ შენს შემდეგ ვარ. თქვა: ვუნათესავებ. 4 და მე ვთქუ, ვითარმედ: ვაუწყო ყურთა შენთა. და ჰრქუა მას: მოიგე ამათ წინაშე, რომელნი სხენან, და მოხუცებულთა წინაშე ერისა ჩემისათა. უკუეთუ ეშჳლები, ეშჳლე. უკუეთუ არა ეშჳლები, მითხარ მე, რათა ვცნა, რამეთუ არავინ არს შენსა გარეშე ნათესავ, და შემდგომად შენსა ვარ. ხოლო მან ჰრქუა: მე ვერ ვეშჳლო.
5 თქვა ბოყაზმა: როცა ნაყომისგან ყანას იყიდი, მოაბელი რუთისგან, გარდაცვლილის ცოლისგანაც უნდა იყიდო, რომ სახელი აღუდგინო თავის სამკვიდროში გარდაცვლილს. 5 და თქუა ბოოზ: დღესა მას, რომელსა მოიგო ქუეყანაჲ იგი ჴელისაგან ნოომინისა და რუთისგან მოაბელისა, ძის ცოლისა მისისა, რომლისა მოკუდა ქმარი, სამკჳდრებელი იგი მისი მოიგო თავისა შენისა. და იგიცა მოიყვანე თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკჳდრი მკუდარსა მას სამკჳდრებელსა მას მისსა ზედა.
6 თქვა ნათესავმა: ვერ ვუნათესავებ. ვაითუ, ჩემი სამკვიდრო დავაზარალო. შენ შეასრულე ჩემი უფლება ნათესაობისა, რადგან მე არ შემიძლია, რომ ვუნათესავო. 6 ჰრქუა ნათესავმან მან: ვერ ჴელ-მეწიფების თავისა ჩემისა შჳლებად მისა, ნუუკუე განვრყუნე სამკჳდრებელი ჩემი და ეშჳლე შენ საშჳლებელსა მას ჩემსა ზედა, რამეთუ მე ვერ ძალ-მიც შვილებად.
7 ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში. 7 და ესე სამართალი იყო პირველ ისრაჱლსა შორის საშვილებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ, განიძარცჳს კაცმან ჴამლი თჳსი და მისცის მოყუასსა თჳსსა, რომელი ეშჳლებინ საშჳლებელსა თჳსსა ზედა. და ესე იყო საწამებელი ისრაჱლსა შორის.
8 უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: შენ იყიდე! და გაიძრო ფეხსამოსი. 8 და ჰრქუა ნათესავმან მან ბოოზს: მიიღე თავისა შენისა საშჳლებელი იგი ჩემი! და განიძარცუა ჴამლი თჳსი და მისცა მას.
9 უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელს ხალხს: დღეს თქვენ მოწმენი ხართ, რომ მე ვყიდულობ ნაყომისგან ელიმელექის მთელს საბადებელს, და ქილიონისა და მახლონის მთელს საბადებელს, 9 ჰრქუა ბოოზ მოხუცებულთა მათ და ყოველსა ერსა: მოწამე ხართ თქუენ დღეს, რამეთუ მომიგებიეს ყოველივე ელიმელიქისი და ყოველი, რავდენი არს ქელეონისი და მალოონისი, ჴელისაგან ნოომისი
10 და ცოლად მიმყავს მოაბელი რუთიც, მახლონის ცოლი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რომ არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის მოძმეთა შორის და იმ უბნის კარიბჭესთან, სადაც ის ცხოვრობდა. ამის მოწმენი ხართ დღეს თქვენ. 10

და რუთი მოაბელისა, ცოლი მაალონისი, მოვიგე თავის ჩემისა ცოლად აღდგინებად სახელი მკჳდრისა მის სამკჳდრებელსა მისსა ზედა. და არა აღიჴოცოს სახელი მკჳდრისაჲ მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამეცა ხართ თქუენ დღეს.

11

უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.

11 და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ბჭეთა ზედა, და თქუეს: მოწამე ვართ! და მოხუცებულთა მათ ჰრქუეს: მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას, რომელ აღაშჱნეს ორთავე ამათ სახლი ისრაჱლისა და ყვეს ძალი ეფრათას და წოდებად სახელი ბეთლემს.
12 გახდეს შენი სახლი სახლივით ფერეცისა (რომელიც თამარმა უშვა იუდას) იმ ნაშიერიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისაგან. 12 და იყავნ სახელი შენი ვითარცა სახელი ფარეზისი, რომელმან უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა. და მოგეცინ შენ უფალმან მჴევლისა მაგისგან შენისა შვილი!
13 წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ვაჟი. 13 და მოიყვანა ბოოზ რუთ და იყო მისა ცოლად. და შევიდა მისა და მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ.
14 უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი! 14 და ეტყოდეს დედანი იგი ნოომინს და ჰრქუეს: კურთხეულ არს უფალი, რომელმან დაგიმტკიცა შენ დღეს შჳლებულებაჲ წოდებად სახელი შენი ისრაჱლსა შორის.
15 შენი სიბერის ნუგეშად და სასოდ გეყოლოს, რადგან შვა იგი შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია. 15 და იყოს იგი შენდა მოსაქცეველ სულისა და გამომზრდელ სიბერესა შენსა, რამეთუ სძალმან შენმან, რომელმან შეგიყუარა შენ, შვა ძე, რომელ არს უმჯობეს შენდა უფროჲს შჳდთა ძეთა.
16 მიირქვა ნაყომიმ ბავშვი, უბეში ჩაისვა და გახდა მისი გამდელი. 16 და მოიქუა ნოომინ ყრმაჲ იგი და დაისუა იგი წიაღთა თჳსთა და ექმნა მას მპოხელ.
17 სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა. 17 და უწოდეს მას მოძმეთა სასელი და თქუეს: ესუა ძე ნოომინს! და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი.
18 აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი, 18 და ესე არიან შობანი ფარეზისნი: ფარეზ შვა ესრომ,
19 ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინაბადი, 19 ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ,
20 ყამინაბადმა შვა ნახშონი, ნახშონმა თქვა სალმონი, 20 და ამინადაბ შვა ნაასონ, და ნაასონ შვა სალმუნ,
21 სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი, 21 და სალმუნ შვა ბოოზ, და ბოოზ შვა იობედ,
22 ყობედმა შვა იესე, იესემ შვა დავითი. 22 და იობედ შვა იესე და იესე შვა დავითი.