ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სოფონია წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო,

1

შეკერბით და თან შეიკრენით ნათესავი უწურთელი.

2 ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. 2 უწინარეს ქმნისა თქუენისა, ვითარცა ყუავილი თანაწარმვლელი დღისაჲ, პირველ მოსლვისა თქუენ ზედა დღისა მის რისხვისა გულისწყრომისა უფლისსა.
3 ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს. 3 იძიეთ უფალი ყოველთა მდაბალთა ქუეყანისათა, მსჯავრსა იქმოდეთ, სამართალი მოიძიეთ და მიუგებდით მათ, რათა დაიფარნეთ დღესა შინა რისხვისა უფლისსა
4 რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი. 4 მით, რამეთუ ღაზაჲ დატაცებული იყოს და ასკალონი უჩინოსაქმნელად და აზოტი შუადღე განიგდოს და აკარონი აღმოიძიროს.
5 ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები. 5 ვაჲ დამამკჳდრებელთა თანა ნაწილის საზომსა ზღჳსასა, მსხემთა კრიტელთა სიტყუა უფლისაჲ თქუენ ზედა. ქანაან, ქუეყანაჲ უცხო ტომითაჲ და წარგწყმედ თქუენ მკჳდრობისაგან.
6 გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის სადგომებად. 6 და იყოს კრიტი საძოვარ სამწყსოთა და ბაკ ცხოვართა.
7 იუდას სახლის ნატამალს ერგება ეს მხარე. იქ დაიწყებენ ძოვას, აშკელონის სახლებში წამოწვებიან საღამოჟამს, რადგან მოხედავს მათ უფალი და ტყვეობიდან დააბრუნებს. 7 და იყოს წილისსაზომი ზღჳსაჲ დაშთომილთა სახლისა იუდაჲსთად. მათ ზედა ძოვდენ სახლთა შორის ასკალონისათა, მიმწუხრი დაივანებენ პირისაგან ძეთა იუდაჲსთაჲსა, რამეთუ მოიხილა მათ ზედა უფალმან ღმერთმან და მოაქცია ტყუეობა მათი.
8 მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან. 8 მესმნეს ყუედრებანიცა მოაბისნი და ჴუედნანი ძეთა ამმონისთანი, რომელთა მიერ ჰყუედრიდეს ერსა ჩემსა და განდიდნებოდეს საზღუართა ზედა ჩემთა.
9 ამიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები - გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე. ჩემი ერის ნატამალი გაძარცვავს მათ და ჩემი ხალხის დანაშთენი დაიმკვიდრებს მათ. 9 ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ, - მით, რამეთუ მოაბი ვითარცა სოდომაჲ იყოს. და ძენი ამმონისნი ვითარცა გომორრაჲ და დამასკოჲ განფიწლულ, ვითარცა ხუავი კალოჲსა ზედა უჩინოქმნილი საუკუნოდ და ნეშტნი ერისა ჩემისანი ჰბასრობდენ მას და ნეშტთა ნათესავისა ჩემისათა დაიმკჳდრნენ იგინი.
10 ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. 10 ესე მათ გინებისა წილ მისისა მით, რამეთუ აყუედრეს და განდიდნეს უფლისა ზედა, ყოვლისა მპყრობელისა.
11 საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული. 11 საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა, ყოველნი ჭალაკნი წარმართთანი.
12 თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით. 12 და თქუენცა, ეთიოპნი, წყლულებ მახჳლისა ჩემისა იყვნეთ.
13 გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით. 13 და განვირთხამ ჴელსა ჩემსა ბღუარსა ზედა და წარვსწყმედ ასსურასტანელსა და დავდვა ნინევი ურწყულად ვითარცა უდაბნოჲ.
14 ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედარის კედლები. 14 და ძოვდენ საშუალ მისსა სამწყოსნი და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი, და მიწისლომნი, და ექინნი ბაგოვნებისა შორის მისისა დაწვენ. და მჴეცნი ჴმობდენ ნათხართა შორის მისთა, ყორანნი ბჭოოვნებისა შორის მისისა მით, რამეთუ ნაძჳ აღსადგომელ მისსა.
15 ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. როგორ გატიალდა, როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი ჩამვლელი მის შორიახლო დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს. 15 ესე ქალაქი ხენეშაჲ, დამკჳდრებული სასოებით, მეტყუელი შორის გულისა თჳსისა: მე ვარ და არა იყოს ჩემ თანა მერმე, ვითარ იქმნა უჩინოსაქმნელად საძოარ მჴეცთა. ყოველმან თანწარმავალმან მის მიერ დაისტჳნოს და შეძრნეს ჴელნი თჳსნი.