ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! |
1 |
ეჰა, საჩინო და გამოჴსნილი ქალაქი. ტრედმან |
2 | არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება. | 2 | არა ისმინა ჴმისა, არ შეიწყნარა წურთაჲ, უფლისა მიმართ არა ესვიდა და ღმრთისა მიმართ მისისა არ მიეახლა. |
3 | მისი მთავრები მბდღვინავი ლომებია მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ სტოვებენ. | 3 | მთავარნი მისნი მის შორის, ვითარცა ლომნი მყჳრალნი. მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი, არა მოაკლდებოდეს განთიადმი. |
4 | ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ. | 4 | წინაწარმეტყუელნი მისნი, სულშემოსილნი მამრნი, შეურაცხისმყოფელნი. მღდელნი მისნი შეაბილწებენ წმიდათა და აუთნოებენ შჯულსა. |
5 | სამართლიანია მის წიაღში უფალი, არ სჩადის სიმრუდეს. დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება. მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი. | 5 | ხოლო უფალი მართალი საშუალ მისსა და არა ყოს უსამართლოჲ. განთიად-განთიად მოსცეს მსჯავრი თჳსი ნათლად. და არ დაიმალა და არა ცნა უსამართლოება მიჴდასა შინა. |
6 | გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარავინა მცხოვრები. | 6 | და არა ძლევისა მიმართ უსამართლოება, დავამჴუენ ამპარტავანნი; უჩინო იქმნნეს ყურენი მათნი. მოვაოჴრენ გზანი მათნი, რაჲთურთით არ წარსავლელად მოაკლდეს ქალაქნი მათნი. ამისთჳს არცა ერთისა ვის ყოფისა, არცა დამკჳდრებითა. |
7 | ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე შეგონება-მეთქი; და არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითდ რყვნიდნენ თავიანთ ზნეს. | 7 | ვთქუ: გარნა შეშინდით ჩემგან, და შეიწყნარეთ წურთაჲ, და არ მოესრულნეთ თუალთაგან მისთა ყოველნი, რაოდენნი შურ-ვიგენ მის ზედა. განემზადე, აღიმსთუე, განხრწნილ არს ყოველი მოკუფხლვაჲ მათი. |
8 | ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. | 8 | ამისთჳს დამითმე მე, - იტყჳს უფალი, - დღედ მიაღდგომისა ჩემისა საწამებელად ჩემდა მით, რამეთუ მსჯავრი ჩემი შესაკრებელისა მიმართ ნათესავთაჲსა შეწყნარებად მეფეთა გარდაცემად მათ ზედა რისხვაჲ ჩემი, ყოველივე რისხვა გულისწყრომისა ჩემისა მით, რამეთუ ცეცხლისა მიერ შურისა ჩემისაჲსა განილიოს ყოველი ქუეყანაჲ. |
9 | რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ. | 9 | რამეთუ მაშინ მოვაქციო ერთა ზედა ენათასა ნათესავადმი მისსა, ხდად ყოველთა სახელი უფლისაჲ. მონებდენ იგინი მას ერთსა ქუეშე უღელსა. |
10 | ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს. | 10 | კიდეთაგან მდინარეთა ეთიოპიისათა, შეიწყნარნე განთესულთა შორის ჩემთა. მომართუმიდენ მე მსხუერპლთა ჩემთა. |
11 |
იმ დღეს აღარ შეირცხვენ თავს შენი საქციელით, რითაც მცოდავდი, რადგან მაშინ მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რომ აღარ იამაყო ჩემს წმიდა მთაზე. |
11 |
მას დღესა შინა არსირცხჳლეულ იქმნე ყოველთაგან სიმარჯუეთა შენთა, რომლითა იუთნოე ჩემდამო, რამეთუ მაშინ მოგძარცუნე შენგან სიხენეშენი გინებისა შენისანი და არღა მერმე შესძინო დიდმოქადულობად მთასა ზედა წმიდასა ჩემსა. |
12 | დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. | 12 | და დაუტეო შენ შორის ერი მშჳდი და მდაბალი და მკრძალობდენ სახელისაგან უფლისა |
13 | აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი. | 13 | ნეშტნი ისრაჱლისანი და არა იქმოდიან უსამართლოსა, არცა იტყოდიან ამაოთა. და არა იპოოს პირსა შინა მათსა ენაჲ მზაკვარი მით, რამეთუ ძოვდენ და დაწვებოდიან და არა იყოს შემაშინებელი მათი. |
14 | გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! | 14 | იხარებდ ფრიად ასული სიონისაჲ! ქადაგებდ ასული იერუსალჱმი. იშუებდ და ძნობდინ ყოვლით გამო გულით შენით ასული იერუსალჱმისაჲ! |
15 | აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. | 15 | მოგძარცუნა უფალმან უსამართლოებანი შენნი, გიჴსნა შენ ჴელისაგან მტერთა შენთასა. მეფობდეს უფალი შორის შენსა. არა იხილნე ბოროტნი არღა მერმე. |
16 | იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღება მკლავი! | 16 | მას ჟამსა შინა ჰრქუას უფალმან იერუსალჱმსა: მინდობით იყავ, სიონ, ნუ დაჰჴსნდებიედ ჴელნი შენნი, |
17 | უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გისხნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო. | 17 | უფალი ღმერთი შენი შენ შორის ძლიერი ჴსნად შენდა და მოაწიოს შენ ზედა შუებაჲ და განგაახლოს შენ შეყუარებისა მიერ მისისა. და იშუებდეს შენ ზედა ძნობისა მიერ, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა. |
18 | შევკრებ დღესასწაულს მოწყვეტილთ, შენგან რომ გავიდნენ; სირცხვილი აწევთ ტვირთად. | 18 | და შეკრიბნეს შემუსრვილნი. ვაჲ, ვინ მოიღო მის ზედა ყუედრებაჲ? |
19 | აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს; ვიხსნი კოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში. | 19 | აჰა, ესერა, მე ვჰყოფ შენ შორის შენთჳს. მას ჟამსა შინა იტყჳს უფალი: და აცხოვნეს განრწმუნებული, და განგდებული შევიწყნარო, და დავსხნე მე იგინი საქადულად, და სახელოვნად ყოველსა ზედა ქუეყანასა. |
20 | იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე მოგიყრით თავს, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი. | 20 | და არა ჰრცხუენოდისყე მას ჟამსა შინა, ოდეს კეთილი გიყო თქუენ და ჟამსა შინა, ოდეს შეგიწყნარნე თქუენ მით, რამეთუ მიგცნე თქუენ სახელდებულად და საქადულად ყოველთა შორის ერთა ქუეყანისათა მოქცევასა ჩემგან ტყუეობისა თქუენისასა წინაშე თქუენსა, - იტყჳს უფალი. |