ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე სოლომონისა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულნო, შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი.

1

შეიყუარეთ სიმართლე მსაჯულთა მაგათ ქუეყანისათა, ზრახევდით უფლისათჳს სახიერითა და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.

2 რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი. 2 რამეთუ გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ,
3 რადგან მრუდე ზრახვები უფალს გვაშორებს და გამოცდა მისი ძლიერებისა ამხელს უგუნურებას. 3 რამეთუ დრკუთა გულისსიტყუათა განაშორნიან უფლისაგან, გამო-რა-იცდებინ ძალი, ამხილებნ უგუნურთა.
4 რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს. 4 რამეთუ ბოროტისმოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე, არცა დაიმკჳდრონ ჴორცთა შინა განკაფულთა ცოდვათა.
5 რადგან სიბრძნის წმიდა სული მზაკვრობას გაექცევა, განუდგება უგუნურ ზრახვებსაც და მოწევნული უსამართლობისა შერცხვება. 5 რამეთუ წმიდა სული სწავლისა ევლტინ ზაკუასა და განეშორის ზრახვათაგან უგულისჴმოთა, ემხილის, მო-რა-იწიის მის ზედა სიცრუჱ,
6 კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით, რადგან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, მისი გულის მართალი მეთვალყურე და მსმენელი მისი ენისა. 6 რამეთუ კაცთმოყუარე არს სული სიბრძნისა, არა უბრალო უვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა, რამეთუ თირკუმელთაგან მისთა მოწამე არს ღმერთი და გული მსახურ ჭეშმარიტ, და ენა მსმენელ.
7 რადგან ქვეყნიერება აავსო უფლის სულმა და ყოვლისმპყრობელმა ყოველი ნათქვამი უწყის. 7 რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი და რომელსა უპყრიეს ყოველი სული და ცნობა იცის ჴმისა.
8 ამიტომაც უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო. 8 ამისთჳსცა, რომელი იტყოდის სიცრუესა, არა ვინ დავიწყდეს, არცა თანაწარჰჴდეს მამხილებელი სჯულისა მიერ.
9 რადგან ზრახვანი უღვთოსი გამოიძიება და უფლის სმენამდე ააღწევს მისი სიტყვები სამხილებლად. 9 რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთა განკითხვა იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნებსით უფლისა მივიდენ მამხილებელად უსჯულოებათა მისთა,
10 რადგან შურისმგებლის ყური ყოველთვის ისმენს და გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება. 10 რამეთუ ყური მოშურნეობისა მისისა ისმენს ყოველსა და იდუმალი დრტჳნვა არა დაეფარვის,
11 ფუჭ დრტვინვას ერიდეთ და მოეშვით ავსიტყვაობას, რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს. 11 ეკრძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრისსიტყუასა ერიდენით ენითა, რამეთუ თქმული იდუმალი არა ცუდად წარვიდის, და პირი, რომელი იტყოდის ძჳრსა, მოკლის სული თჳსი.
12 ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ. 12 ნუ ნატრობ სიკუდილსა ცხორებასა შენსა საცთურსა თქუენსა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმესა ჴელთა თქუენსა,
13 რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს; 13 რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არ დაჰბადა, არცა ჰნებავს წარწყმედა ცხოველთა,
14 რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. 14 რამეთუ დაჰბადა საყოფლად ყოველი და ცხოვრება შესაქმე სოფლისა. და არა არს მას შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევა ქუეყანასა ზედა,
15 რადგან უკვდავია სამართლიანობა, 15 რამეთუ სიმართლე მარადის უკუდავ არს.
16 უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და, მასთან დამოყვრებულნი, დაიშრიტნენ, აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ. 16 უღმრთოთა ჴელითა და სიტყჳთა მოჰჴადეს სიკუდილსა და მეგობრად შეჰრაცხეს იგი და დღეს ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.