ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი; |
||
2 | არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად. | ||
3 | თუკი მათი სილამაზით დატყვევებულთ ესენი ღმერთები ეგონათ, ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმა მშვენებისა შექმნა ისინი. | ||
4 | ხოლო თუ მათი ძალა და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი იქნებოდა მათზე მათი შემოქმედი. | ||
5 | რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა; | ||
6 | მაგრამ ესენი მაინც ნაკლებად გასაკიცხნი არიან, რადგან თუ სცდებიან, ღვთის ძიებისას სცდებიან, მისი პოვნის მოწადინენი. | ||
7 | რადგან ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძებენ და მზერას ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია. | ||
8 | და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა; | ||
9 | რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე? | ||
10 | მაგრამ უფრო უბადრუკნი არიან მკვდართა მსასოებელნი, რომელნიც ღმერთებს უწოდებენ: ადამიანთა ხელით ნაქმნარს - ოქროსა და ვერცხლს, ხელოვნების ქმნილებებს, ცხოველთა გამოსახულებებს, ან უსარგებლო ქვას - ძველების ხელით ნაკეთებს. | ||
11 |
მოჭრის ხისმჭრელი ვინმე ხურო ადვილდასამუშავებელ ხეს და მარჯვედ გალოპრავს, ლამაზად გათლის და მისგან საჭირო ჭურჭელს დაამზადებს. |
||
12 | სამუშაოდან მორჩენილ ნაჭრებს კი კერძის მოსამზადებლად მოიხმარს და გაძღება; | ||
13 | ხოლო იმათგან ერთი ნაჭერს, ყოვლად უვარგისს, მრუდეს და ნუჟრებიანს, აიღებს და მოცალეობისას გულმოდგინედ გამოთლის, ოსტატურად დაამუშავებს და ადამიანის სახედ გამოსახავს, | ||
14 | ან მიამსგავსებს რომელიმე უბადრუკ ცხოველს, სურინჯს წაუსვამს, მეწამული საღებავით შეღებავს მის ზედაპირს და ყველა მის ხინჯს დაფარავს, | ||
15 | მოუწყობს მას შესაფერის ადგილ-სამყოფელს, კედელზე ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს. | ||
16 | ამგვარად, აწინასწარ იზრუნებს, რომ ძირს არ ჩამოუვარდეს, რადგან იცის, რომ იგი ვერ უშველის საკუთარ თავს, რადგან ხატია მხოლოდ და შემწეს საჭიროებს. | ||
17 | როცა ლოცულობს თავისი სიმდიდრისთვის, ქორწინებისთვის და შვილებისათვის, არ რცხვენია უსულოსთან საუბრისა; ჯანმრთელობისათვის უძლურს მიმართავს, | ||
18 | სიცოცხლეს მკვდარს შესთხოვს, შემწეობისთვის გამოუცდელს ევედრება, კეთილი მგზავრობისთვისმას, ვინც ნაბიჯსაც ვერ დგამს; | ||
19 | მოგებისთვის, საშრომელისთვის და ხელის მომართვისთვის ხელით უძლურს ეხვეწება, რომ ძალა მისცეს. |