ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხოლო შენს წმიდათათვის დიდი იყო ნათელი. მათ მტრებს ესმოდათ ხმები, თუმცა სახეებს ვერ ხედავდნენ; ნეტარად რაცხდნენ მათ, რადგან არ იტანჯებოდნენ: |
||
2 | ადრე მათგან ვნებულნი შურს არ იძიებდნენ, მხოლოდ მადლიერნი იყვნენ და წყალობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც დაითმინეს. | ||
3 | ამიტომაც გააყოლე მათ ცეცხლის სვეტი უცნობ გზაზე და უვნებელი მზე უცხოობაში. | ||
4 | ისინი ღირსნი იყვნენ სინათლის მოკლებისა და წყვდიადში ჩამწყვდევისა, რადგან დამწყვდეული ჰყავდათ შენი შვილები, რომელთა წყალობით რჯულის უხრწნელი ნათელი საუკუნეს უნდა მისცემოდა. | ||
5 | როცა მათ წმინდა ჩვილების გაჟლეტა განიზრახეს და ერთი ყრმა, რომელიც მიგდებული იყო და გადარჩა, სასჯელად შვილთა სიმრავლე წაართვი მათ და ბობოქარი წყლებით დაღუპე, ერთიანად. | ||
6 | ეს ღამე წინასწარ ეუწყათ ჩვენს მამა-პაპას, რათა შეგონებულთ მტკიცედ სცოდნოდათ აღთქმები, რომლებიც ირწმუნეს. | ||
7 | მოლოდინი ჰქონდათ შენი ერის ხალხს მართალთა ხსნისა და მტერთა დაღუპვისა. | ||
8 | რადგან რითაც ჩვენი წინააღმდგომნი დასაჯე, იმითვე განგვადიდე ჩვენმა მშობელმა. | ||
9 | კეთილთა წმიდა შვილები ფარულად სწირავდნენ მსხვერპლს და საღვთო რჯულად ერთხმად დაადგინეს, რომ წმიდებს თანაბრად წილხვდომოდათ კეთილიც და ბოროტიც და უკვე გალობდნენ მამათა საგალობლებს. | ||
10 | ხოლო გამოძახილად ისმოდა მტრების არეული ხმები და გულისშემძვრელი მოთქმა დასატირებელ ყრმათა გამო. | ||
11 | ერთი სასჯელით დაისაჯნენ მონა და ბატონი, მდაბიოც ისევე დაიტანჯა, როგორც მეფე. | ||
12 | ყველას მრავლად ჰყავდა ერთნაირი სიკვდილით მკვდარი და მათ დასამარხავად ცოცხალნი არ კმაროდნენ, რადგან წამში დაიღუპა ურჩეულესი მათი მოდგმა. | ||
13 | ყველამ, ვინც კი იყო ურწმუნო ჯადოქრობის მიზეზით, პირმშოთა გაწყვეტისას ღვთის შვილად აღირა ეს ხალხი. | ||
14 |
რადგან, როცა ყოველივე მყუდროებამ მოიცვა და მალე განახევრდა ღამე, |
||
15 | დასაღუპად განწირული ქვეყნის შუაგულში ზეცათა სამეუფო ტახტებიდან გადმოვიდა შენი ყოვლისშემძლე სიტყვა, როგორც მრისხანე მგომარი და შენი უცვალებელი ბრძანება - ალესილი მახვილი მოიტანა. | ||
16 | დადგა და ყოველივე სიკვდილით აღავსო და ზეცას სწვდებოდა მიწაზე მდგარი. | ||
17 | მაშინ უეცრად შეაძრწუნეს ისინი საზარელ სიზმართა აჩრდილებმა და მოულოდნელი შიშისზარი დაეცათ. | ||
18 | ვინ სად დაცემული, ნახევრადმკვდარი, აღიარებდა მიზეზს, რისთვისაც კვდებოდა. | ||
19 | შემაძრწუნებელმა სიზმრებმა წინასწარ აუწყეს ეს რათა არ დაღუპულიყვნენ იმის უცოდინარნი, თუ რისთვის იტანჯებოდნენ ასე მწარედ. | ||
20 | თუმცა სიკვდილის განსაცდელი მართალთაც შეეხო და უდაბნოში მრავალი დაიღუპა, მაგრამ რისხვა დიდხანს არ გაგრძელებულა, | ||
21 | რადგან ისწრაფა უბიწო კაცმა მათ შესაწევად და მოიღო ფარი თავისი მსახურებისა - ლოცვა და საკმეველი შეწყალების გამოსათხოვად. წინ აღუდგა რისხვას და ზღვარი დაუდო უბედურებას, რითაც ცხადჰყო, რომ შენი მსახური იყო. | ||
22 | მან სძლია ბრბოს, მაგრამ არა სხეულის ძალით და არც იარაღის აღმართვით, არამედ მხოლოდ სიტყვით დაიმორჩილა დამსჯელი, როცა გაახსენა მამა-პაპისთვის მიცემული ფიცი და აღთქმები. | ||
23 | რადგან როცა გვამები ერთმანეთზე ხროვად ეყარა, შუაში ჩამდგარმა რისხვა შეაჩერა და ცოცხლებისკენ გზა გადაუღობა. | ||
24 | რადგან მის გრძელ კაბაზე მთელი სამყარო ეხატა; მამა-პაპათა დიდებანი იყო ამოკვეთილი ოთხმწკრივად ჩაყოლებულ ქვებზე და შენი სიდიადე - მისი შუბლის ჯიღაზე. | ||
25 | ყოველივე ამის წინაშე დაიხია შემმუსვრელმა და შეუშინდა, რადგან ეს ერთი მრისხანე განსაცდელიც სკმარისი იყო. |