ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო უღვთოთათვის ბოლომდე გაგრძელდა უწყალო რისხვა, რადგან მათ ჩასადენ საქმეებს წინასწარ ჭვრეტდა,

   
2 იცოდა, გასვლის ნებას დართავდნენ მათ და საჩქაროდ გაისტუმრებდნენ, მაგრამ შემდეგ შეინანებდნენ და დაედევნებოდნენ.    
3 რადგან სანამ მწუხარებაში იყვნენ და გლოვობდნენ მკვდართა საფლავებზე, სხვა უგუნური განზრახვა ჩაიფიქრეს: უკან გამოედევნებოდნენ მათ, როგორც ლტოლვილებს, რომელთაც წინათ წასვლას ევედრებოდნენ.    
4 ამ აღსასრულისკენ მიიზიდა ისინი ბედისწერამ, რომლის ღირსნიც იყვნენ და დაავიწყა თავს გარდახდილი, რათა სასჯელით შეევსოთ, რაც მათ სატანჯველს დააკლდა;    
5 რომ შენი ხალხი გაუგონარი მგზავრობით გამოგეცადა, იმათ კი უცხო სიკვდილი ეპოვათ.    
6 რადგან ყოველმა ქმნილებამ თავისი ბუნება შეიცვალა შენს ბრძანებათა სამსახურად, რათა შენი შვილები უვნებლკდ დაცულიყვნენ.    
7 ბანაკს ღრუბელი უჩრდილებდა, ხოლო სადაც ადრე წყალი იდგა, ხმელეთი გამოჩნდა; ასევე ბილიკი მეწამულ ზღვაში, დაუბრკოლებელი გზა და მწვანე ველი ბობოქარ ტალღებში,    
8 რომლითაც გააღწია მთელმა ერმა, შენი ხელით დაცულმა და საკვირველ სასწაულთა მხილველმა;    
9 რადგან ცხენებივით ძოვდნენ და კრავებივით ხტოდნენ, და გაქებდნენ შენ, უფალს - თავიანთ მხსნელს.    
10 რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას მიწამ, ნაცვლად იმისა, რომ ცხოველები დაებადა, ჭიები წარმოშვა და მდინარემ თევზების ნაცვლად გომბეშოთა სიმრავლე ამოჰყარა.    
11 ხოლო შემდეგ ჩიტების ახალი გვარიც კი იხილეს, როცა გულისთქმით შეპყრობილნი ნოყიერ საზრდელს ითხოვდნენ.    
12

რადგან მათთვის შვების მისაცემად მწყერები გამოფრინდნენ ზღვიდან,

   
13 ცოდვილებზე კი სასჯელებმა მოაწია, რომელთა ნიშნები წინასწარ გამოჩნდა მეხისტეხაში; სამართლიანად იტანჯებოდნენ ჩადენილი ბოროტებისთვის, რადგან სასტიკ სტუმართმოძულეობას იჩენდნენ.    
14 სხვანი თუ სტუმრად არ იღებდნენ მათთან მოსულ უცხოელებს, ესენი კეთილისმყოფელ სტუმრებს იმონებდნენ.    
15 არა მხოლოდ ამათ, არამედ იმათაც დაედებათ მსჯავრი, რადგან მტრულად იღებდნენ სტუმრებს.    
16 ამათ ჯერ ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ მათთან უკვე უფლებებით გათანაბრებულნი, მძიმე სატანჯველში ჩაყარეს.    
17 თვალისჩინი წაერთვათ მათ იმათ მსგავსად, მართალის კართან მრუმე წყვდიადით გარემოცულნი, შესასვლელს რომ ეძებდნენ.    
18 რადგან სტიქიებიც გარდაიქმნენ, ქნარის ხმებივით; ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, თავად კი არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს.    
19 რადგან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად შეიცვალნენ და წყალში მცურავნი ხმელეთზე გადმოვიდნენ.    
20 ცეცხლმა წყალშიც კი შეინარჩუნა თავისი ძალა და წყალმა დაივიწყა დამშრეტელის ბუნება.    
21 ალმა, პირიქით, ვერაფერი ავნო მასში მოარულ ხრწნად ცხოველთა ხორცს და ვერც ადვილად დნობადი ყინულის მსგავსი ღვთაებრივი საზრდელი დაადნო.    
22 რადგან შენ აამაღლე, უფალო, ყოველნაირად შენი ერი, განადიდე და არ მიატოვე, არამედ მხარში ედექი მარად და ყველგან.