ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს.

1

მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებელისა თჳსისასა, და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მათნი,

2 მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა. 2 იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულებასა მაცხოვარებისა მისისასა.
3 ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი: 3 და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულით, და იწროებითა სულისათა სულთ-ითქუმიდენ და თქუან: ესე იგი არს, რომელი-იგი ოდესმე გუქონდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა.
4 ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად. 4 ჩუენ, უგუნურთა, ცხორება მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი უპატიოდ,
5 როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო? 5 ვითარ შეურაცხია ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის ნაწილი მისი.
6 ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის. 6 შევსცეთით გზისა მისგან ჭეშმარიტებისასა. სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგვიჩნდა ჩუენ.
7 ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით. 7 უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისათა. ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, და გზა უფლისა არა ვიცანთ.
8 რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა? 8 რა მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რა შემეწია ჩუენ სიმდიდრე იგი სილაღისა?
9 წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი. 9 წარჰჴდა იგი, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.
10 როგორც ქრება მღელვარე წყალზე მიმავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირისგან გავლებული ბილიკი, 10 და ვითარცა ნავი ღელვასა ზღჳსასა წარვიდის და კუალი არღარა იპოის, არცა ადგილი სლვისა მისისა ღელვათა ზედა,
11 ან როგორც ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი, გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა, 11 გინა თუ მფრინველი რა გამოფრინდის აერსა, არა იპოის სახე სლვისა, გუემისა ნაწევართა იტანჯების ქარისაგან სულმცირისა, აღიღებნ ძლით, მძაფრად ძრავნ ფრთეთა და განვლის, ამისა შემდგომად არა იპოის სასწაული განსლვისა მისისა.
12 ან როგორც მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის კვალი წაიშლება, 12 ანუ ვითარცა ისარი განტყორცებული ბანსა, განაპის აერი და მუნვე შეირწყუის, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვა იგი მისი.
13

ჩვენც ასე ვიშვით და აღვესრულეთ, ვერ გამოვაჩინეთ სიქველის ნიშანი, არამედ დავუძლურდით ჩვენივე ბოროტებით.

13

ეგრევე ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით, და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲთამცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვილიენით.

    14 რამეთუ ეგრეთვე იტყოდიან: ჯოჯოხეთს შინა, რომელთა სცოდეს სასოება უღმრთოთა.
14 რადგან უღვთოს იმედი ქრება როგორც მტვერი, ქარისგან ატაცებული, როგორც ცვრის წვეთები, ქარიშხლისგან გაბნეული, როგორც კვამლი, ქარისგან გაფანტული, და ერთ დღეს სტუმრებული კაცის ხსოვნასავით წაიშლება. 15 ვითარცა მტუერი ქარისაგან მოღებული, და ნეფხუა წულილი, ალმური არმურისაგან განიდევნა და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია და ვითარცა ჴსენება მდგურისა ერთდღისა, წარვიდა.
15 მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16 მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთჳს მაღლისა მიერ.
16 ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17 ამისთჳს მოიღონ მეუფება შუენიერებისა და შარავანდედი სიკეთისა ჴელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.
17 აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18 და მოიღოს ყოვლად საჭურველი შურისა მისისა და შეჭურნეს დაბადებულნი მისნი - ძლევად მტერთა.
18 შეიმოსება აბჯრით - სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს - მოუსყიდველ სამართალს; 19 და შეჰმოსოს ჯაჭჳ სიმართლისა და დაადგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული.
19 დაწვდება უძლეველ ფარს - სიწმინდეს, 20 მოიღოს თორნე უძლეველი - სიწმიდე,
20 მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21 და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.
21 ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22 და ვიდოდიან მიმართებულად საისრენი ელვათანი და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილთა სიმგურგულითა მშჳლდისათა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს
22 ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23 და კლდისა საისრითა გულისწყრომითა სავსედ დაეცემოდიან სეტყუანი, განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსა და მდინარენი წარღუნიდენ სასტიკად.
23 მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს. 24 და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისა და ვითარცა არმური განანქრინენ იგინი და მოაოჴროს ყოველი ქუეყანა უშჯულოებამან და ძჳრისმოქმედმან, და დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.