ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ღმერთო მამა-პაპათა და წყალობის უფალო, რომელმაც ყოველივე შექმენი შენი სიტყვით, |
1 |
ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმენ ყოველი სიტყჳთა შენითა, |
2 | გამომსახველო კაცისა შენი სიბრძნით, რათა მეუფებდეს იგი შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე, | 2 | და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა, |
3 | რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს! | 3 | და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, სიწრფოებითა გულისათა სასჯელსა სჯიდეს, |
4 | მომმადლე სიბრძნე, შენს ტახტზე დაბრძანებული, და ნუ გამომრიცხავ შენს მსახურთაგან. | 4 | მომეც მე საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე. და ნუ განმაგდებ მე მონათა შენთაგან, |
5 | რადგან მე მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა, კაცი უძლური და დღემოკლე, მსჯავრისა და რჯულის უმეცარი; | 5 | რამეთუ მე, მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა, კაცი უძლური და მცირედ ჟამისა ნაკლულევანი გულისჴმის-ყოფითა სასჯელისა და შჯულისათა. |
6 | რადგან ადამიანის ძეთა შორის თვით სრულქმნილიც კი არარად ითვლება, თუ შორსაა შენი სიბრძნისგან. | 6 | დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთასა, სიბრძნისა შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს. |
7 | შენ გამომარჩიე მე მეფედ შენი ერისა და მსაჯულად ძეთა და ასულთა შენთა; | 7 | შენ გამომირჩიე მეფედ ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა შენთა და ასულთა. |
8 | მიბრძანე ტაძრის აშენება შენს წმინდა მთაზე და საკურთხევლისა შენს სამყოფელ ქალაქში. მსგავსად წმიდა კარვისა, რომელიც დასაბამიდანვე წინასწარ განამზადე. | 8 | და სთქუ ტაძარი შენებად მთასა წმიდასა შენსა, და ქალაქსა მკჳდრობისა შენისასა. საკურთხეველი მსგავსად კარვისა მის წმიდისა, რომელი განჰმზადე პირველ დასაბამითგან. |
9 | შენთან არის სიბრძნე, რომელმაც უწყის შენი საქმეები, რომელიც თან გახლდა, როცა სამყაროს ქმნიდი, რომელმაც უწყის, რა არის სათნო შენს თვალში და რა არის სწორი შენს მცნებათა მიხედვით. | 9 | და შენ თანა სიბრძნე შენი, რომელმან იცნის საქმენი შენნი, მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცი, რა-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა და რა-იგი სიწრფოება არს მცნებათა შენთა. |
10 |
მოავლინე იგი წმიდა ზეცათაგან და შენი დიდების ტახტიდან წარმოგზავნე, რათა შემეწიოს ჩემს შრომაში, რათა შევიცნო, თუ რა არის შენი მოსაწონი. |
10 |
გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდართაგან დიდებისა შენისათა. და მოავლინე იგი, რათა იყოს ჩემ თანა და იღუწიდეს, და ვცნა, რა-იგი არს სათნოება წინაშე შენსა. |
11 | რადგან მან ყოველივე იცის და ყველაფერი ესმის, ბრძნულად წარმიძღვება ჩემს მოქმედებაში და დამიცავს მე თავისი დიდებით. | 11 | რამეთუ იცის მან ყოველივე და გულისჴმა-ყოფს. და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით და დამიცვას მე დიდებითა თჳსითა. |
12 | ჩემი საქმეები შეწყნარებული იქნება, განვსჯი სამართლიანად შენს ერს და გავხდები ჩემი მამის ტახტის ღირსი. | 12 | და იყვნენ შეწყნარებულ მისა საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა. |
13 | რადგან კაცთაგან რომელი შეიცნობს ღვთის განზრახვას? ან უფლის ნებას ვინ მიხვდება? | 13 | ვინმე კაცთაგანმან ცნას განზრახვა ღმრთისა, ანუ ვის გულსა მოუჴდეს, რა ჰნებავს უფალსა? |
14 | რადგან უსუსურია მოკვდავთა ფიქრები და ჩვენი ზრახვები მერყევია. | 14 | რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი. |
15 | რადგან განხრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას. | 15 | რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონება მრავალმზრახვალი, |
16 | ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს, ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია? | 16 | რამეთუ ძნიად ვსცნობთ ქუეყანისასა და ფერჴთა ქუეშე მდებარესა შრომით ვპოებთ, ხოლო ცათა შინა ვინ გამოიკულიოს? |
17 | განგებას შენსას ვინ შეიცნობდა, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა, და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა? | 17 | და ზრახვა შენი ვინ გულისჴმა-ყოს, უკუეთუმცა არა მოეც სიბრძნე შენი და მოავლინე სული შენი წმიდა მაღლით? |
18 | ასე წარიმართნენ მიწიერთა გზები, ადამიანები მიხვდნენ შენს მოსაწონს და სიბრძნით გადარჩნენ. | 18 | და ესრეთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი და სათნოებითა შენითა განისწავლნეს კაცნი და სიბრძნითა შენითა ცხონდეს. |