ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დარიოსის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტყველისა.

1

მერვესა თთუესა, წელიწადისა მეორისასა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ ძისა ბარაქიას, ძისა ადდოას წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:

2 რისხვით განურისხდა უფალი თქვენს მამა-პაპას. 2 განრისხნა უფალი მამათა თქუენთა ზედა რისხვითა დიდითა
3 უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. 3 და თქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი ძალთა, - მე მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი ძალთა.
4 ნუ იქნებით თქვენს მამა-პაპასავით, რომელთაც მოუწოდებდნენ წინანდელი წინასწარმეტყველნი, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მიიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან! მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ, ამბობს უფალი. 4 და ნუ იქმნებით, ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა ესაჯებოდეს მათ წინაწარმეტყუელნი, წინაპარნი მეტყუელნი: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით გზათაგან თქუენთა ბოროტთა და სიმარჯუეთაგან თქუენთა ბოროტთა. და არ შეისმინეს და არ მოიხილეს შესმენად ჩემსა, - იტყჳს უფალი.
5 სადღა არიან თქვენი მამა-პაპანი და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ? 5 მამანი თქუენნი სადა არიან და წინაწარმეტყუელნი ნუ უკუნისამდე ცოცხალ იყუნენა?
6 მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამა-პაპას? მოიქცნენ და თქვეს: როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ. 6 გარნა შჯულნი ჩემნი და საშჯულონი ჩემნი შეიწყნარენით, ვითარცა მე ვამცნებ სულითა ჩემითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი ეწინეს მამათა თქუენთა და მიუგეს და ჰრქუეს: ვითარ-იგი განაწესა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ყოფად თქუენდა გზათაებრ თქვენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა, ეგრეთ გიყო თქუენ.
7 მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერაქიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტველისა. 7 მეოთხესა და მეოცესა მეათერთმეტისა თთჳსასა, ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა დარიოსის ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ, ბარაქიას ძისა, ძისა ადდოჲსა წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:
8 ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია - წითლები, ზერდაგები და თეთრები. 8 ვიხილე ღამით, და, აჰა, მამაცი აღმავალი ცხენსა ზედა ხსედსა. და ესე დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა და უკუანა მისსა ცხენნი ხსედნი და თეთრნი.
9 ვთქვი, რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: მე გაჩვენებ, რა არიან ესენი. 9 და ვთქუ: რაჲ ესენი, უფალო? და თქუა ჩემდა მომართ ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მე გიჩუენო შენ, რაჲ იყუნენ ესენი.
10 ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად. 10 და მომიგო მამაცმან მდგომარემან საშუალ ორთა მთათასა და თქუა ჩემდამო: ესენი არიან, რომელი გამოავლინნა უფალმან გარემოვლად ქვეყანისა.
11 მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა. 11

და მიუგეს ანგელოზსა უფლისასა, მდგომსა საშუალ მთათასა, და ჰრქუეს: გან-მე-მო-ვლეთ ყოველი ქუეყანაჲ, და, აჰა, ყოველი ქუეყანაჲ მკჳდროვნობს და მყუდროჲს.

12

მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?

12 და მიუგო ანგელოზმან უფლისამან და თქუა: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ვიდრე რომლისამდე არ შეიწყალებ იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა, რომელნი უგულებელს-ჰყუენ ამას სამეოცდაათსა წელსა?
13 მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები. 13 და მიუგნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ანგელოზსა მზრახვალსა ჩემ შორის სიტყუანი კეთილნი და სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.
14 მითხრა ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა: მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმის და სიონის მიმართ; 14 და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე იერუსალჱმსა და სიონსა შური დიდი
15 დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას. 15 და რისხვითა დიდითა მე განვრისხენ ნათესავთა ზედა ზედაღდგომილთა მათ წილ, რამეთუ მე ვიდრემე განვრისხენ მცირედ, ხოლო იგინი ზედა დაუჴდეს ბოროტად.
16 ამიტომ ასე ამბობს უფალი: მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ; მასში აიგება ჩემი სახლი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე. 16 ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპრობელი: მოვიქცე იერუსალჱმსა ზედა მოწყალებისა მიერ და სახლი ჩემი აღეშენოს მის შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და საზომი განემარტოს მერმე იერუსალჱმსა ზედა.
17 კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს. 17 და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მერმე აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე გარდაეცნენ ქალაქნი კეთილთა მიერ და შეიწყალოს უფალმან სიონი მერმე. და აღირჩიოს მერმე იერუსალჱმი.
18 ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა. 18 და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი რქანი.
19 ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი. 19 და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რანი არიან ისინი, უფალო? და თქუა ჩემდამო: ესე რქანი განმაბნეველნი იუდაჲსნი და ისრაჱლისანი.
20 და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი. 20 და მიჩუენნა მე უფალმან ოთხნი ხურონი
21 ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად. 21 და ვთქუ: რაჲსა ქმნად მოვლენ ისინი? და თქუა ჩემდამო: იმათ რქათა იუდაჲ და ისრაჱლი დაამჴუეს და ვერვინ მათგანმან აღიღო თავი თჳსი. და გამოვიდეს ისინი აღმახვად მათდა ჴელთა მიერ მათთა. ოთხნი ესე რქანი ნათესავნი იგი არიან, რომელთა აღიმაღლნეს რქანი ქუეყანასა ზედა უფლისასა განბნევად მისსა.