ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.

1

მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი წყარო განღებულ სახლსა დავითისსა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა გარდასაძრველად და ცოდვილთათჳს დასაპკურებლად.

2 იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებოდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან. 2 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი საბაოთ, - მოვსპო სახელები კერპთაჲ ქუეყანისაგან და არღა მერმე იყოს ჴსენებაჲ მათი და ცრუწინაწარმეტყუელნი და სული არაწმიდაჲ აღვიღო ქუეყანისაგან.
3 თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო, და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება. 3 და იყოს, უკეთუ იწინაწარმეტყუელოს კაცმან მერმე და თქუას მისსა მიმართ მამამან მისმან და დედამან მისმან: არ ცოცხალ იყო, რამეთუ ტყუილი ჰზრახე სახელითა უფლისაჲთა; და დააყენონ იგი მამამან მისმან და დედამან მისმან, მშობელთა მისთა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა.
4 იმ დღეს იქნება, რომ გაწბილდებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვებისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს თვალის ასახვევად. 4 და იყოს მას დღესა შინა, სირცხჳლეულ იქმნენ წინაწარმეტყუელნი, თითოეული ხილვისაგან თჳსისა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა და შეიმოსონ ტყავი შავი ბალნისა ტყუილისა წილ.
5 იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი კაცი ვარ, რადგან ადამია ჩემთვის მაგალითი სიყრმიდანვე. 5 და თქუას: არა ვარ მე წინაწარმეტყუელი მით, რამეთუ კაცი ქუეყანისმოქმედი ვარ მე, რამეთუ კაცმან მშვა მე სიჭაბუკით ჩემითგან.
6 ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი. 6 და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა.
7 მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს. 7 მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.
8 მთელს ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება. 8 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე დაშთეს მის შორის.
9 გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი. 9 და განვავლო მესამედი ცეცხლისა მიერ და განვაჴურვნე იგინი, ვითარცა განჴურდების ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი, ვითარცა გამოიცდების ოქროჲ: ესრეთ უწოდდეს სახელსა ჩემსა და მე ვისმინო მისი და ვთქუა: ერი ჩემი არს ესე, და მან თქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.