ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი. |
1 |
და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, მეტყუელი: |
2 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ. | 2 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე სიონსა და იერუსალიმსა შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას. |
3 | ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა. | 3 | ამათ იტყჳს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკჳდრო შორის იერუსალჱმსა და ეწოდოს იერუსალიმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთაჲ წმიდაჲ. |
4 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო. | 4 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე სხდენღა მოხუცებულნი და მოხუცებულთანი უბანთა შორის იერუსალჱმისათა: თჳთეული კუერთხისა თჳსისა მქონებელი ჴელსა მისსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა. |
5 | ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე. | 5 | და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა და ქალებითა მომღერლებითა უბანთა შორის მისთა. |
6 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელია ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია? ამბობს ცაბაოთ უფალი. | 6 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ უძალოობდეს წინაშე ყოველთა ნეშტთა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ წინაშეცა ჩემსა უძალოობდეს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
7 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან; | 7 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მე აღმოუწოდო ერსა ჩემსა ქუეყანისაგან აღმოსავალთასა და ქუეყანისაგან დასავალთაჲსა. |
8 | მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები რწმენაში და სიმართლეში. | 8 | და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუალჱმსა და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და სიმართლისა მიერ. |
9 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს. | 9 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: განძლიერდინ ჴელნი თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა. სიტყუათა ამათ პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისაჲ, ყოვლისა მპყრობელისაჲ, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს. |
10 | რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული ადამიანები. | 10 | მით, რამეთუ უწინარეს მათ დღეთასა მიზდი კაცთაჲ არ იყოს მოსასყიდელად და მიზდი საცხოვართაჲ არა არს და გამომავალისა და შემავალისა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან და განვავლენ ყოველთა კაცთა, თითოეულსა მოყუსისა მიმართ თჳსისა. |
11 | ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი. | 11 | და აწ არა დღეთაებრ წინაპართა უყოფ მე ნეშტთა ამის ერისათა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - |
12 | რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას. | 12 | არამედ ოდეს უჩუენო მშჳდობა, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი მისი, და ქუეყანამ მოსცეს ნაშრომნი თჳსნი, და ცამან მოსცეს ცუარი მისი და დაუმკჳდრე დაშთომილთა ერისა ჩემისათა ესე ყოველნი. |
13 |
და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი. |
13 |
და იყოს: ვითარსახედ იყვენით წყევასა შინა წარმართთა შორის სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრეთ განგარინნე თქუენ და იყუნეთ კურთხევასა შინა; მინდობით იყვენით და განძლიერდით ჴელითა მიერ თქუენთა! |
14 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე, | 14 | მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვითარსახედ ვიგულე განბოროტება თქუენი, განრისხებასა შინა ჩემსა მამათა მიერ თქუენთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, |
15 | კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ! | 15 | და არ შევინანე, ეგრეთ განმიწესებიეს და გულადმიღიეს ამათ დღეთა შინა კეთილისყოფაჲ იერუსალჱმისაჲ და სახლისა იუდაჲსი: კადნიერ იყვენით! |
16 | აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან, | 16 | ესე არიან სიტყვანი, რომელნი ჰყვნეთ: იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა. |
17 | ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. | 17 | და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თჳსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარსყე; მით, რამეთუ ესე ყოველნი მოვიძულენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
18 | იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 18 | და იყო სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, ჩემდამო მეტყუელი. |
19 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ. | 19 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვაჲ მეოთხე, და მარხვაჲ მეხუთე, და მარხვაჲ მეშჳდე, და მარხვაჲ მეათე - იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად და შუებად, და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშჳდობა შეიყუარეთ. |
20 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი. | 20 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკჳდრნი ქალაქთა მრავალთა |
21 | ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ, იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწროდ უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ. | 21 | და თან შემოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მივიდეთ ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და მივიდე მეცა |
22 | მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად უფლის წინაშე. | 22 | და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალჱმს შინა ლხინებად-ყოფად პირი უფლისაჲ. |
23 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი. | 23 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათაჲსა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს. |