ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
წინასიტყვა
რაკი ბევრი დიდებული რამ გადმოგვეცა რჯულის, წინასწარმეტყველთა და სხვათა, მათ მიმდევართა წყალობით, რის გამოც ქების ღირსია ისრაელი, მისი მოძღვრებისთვის და მისი სიბრძნისთვის; და რაკი აუცილებელია, რომ არა მხოლოდ თავად მკითხველებმა მიიღონ ცოდნა, არამედ სწავლის მოყვარულებმა გარეთ მცხოვრებნიც უნდა დამოძღვრონ ზეპირი სწავლებით და წერილობით, ამიტომაც ჩემმა პაპამ, იესომ, მას შემდეგ, რაც დიდის გულმოდგინებით შეისწავლა რჯულის, წინასწარმეტყველთა და მამათა სხვა წიგნები, და შეიძინა საკმარისი ცოდნა, გადაწყვიტა თავადაც დაეწერა რაიმე მოძღვრებაში და სიბრძნეში, რათა სწავლის მოწადინენი ჩაღრმავებოდნენ მის ნაშრომს და წარმატება ჰქონოდათ რჯულიერ ცხოვრებაში.
მაშ მოგიწოდებთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს წიგნი და შემინდოთ, თუ ზოგჯერ, მიუხედავად ჩემი სიბეჯითისა, სწორად ვერ მითარგმნია ზოგიერთი სიტყვა. რადგან იგივე მნიშვნელობა არა აქვს შერჩენილი ებრაულ სიტყვებს, როცა ისინი სხვა ენაზეა გადატანილი. არა მხოლოდ ეს წიგნი, არამედ თავად რჯული, წინასწარმეტყველნი და დანარჩენი წიგნები მცირედ როდი განსხვავდებიან მათი დედნისგან.
როცა ევერგეტეს მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს ეგვიპტეში ჩამოვედი და რაოდენიმე ხანი დავყავი, დავინახე არამცირედი სხვაობა სწავლებაში. სასიკეთოდ და აუცილებლად ჩავთვალე მეზრუნა ამ წიგნის სათარგმნელად. ამ ხნის მანძილზე ბევრი უძილო ღამე გავათენე, არ დავიშურე ძალა და ცოდნა, რათა დამესრულებინა ეს წიგნი და მიმეწვდინა დიასპორაში მყოფთათვის, ვისაც სწავლის წყურვილი აქვს და გადაუწყვეტია რჯულიერი ცხოვრებისთვის გაამზადოს თავი.
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ. |
||
2 | ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს? | ||
3 | ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს? | ||
4 | ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნე და გონების გამჭრიახობა უკუნისიდან. | ||
5 | |||
6 | ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხელოვნებანი მისი ვინ შეიცნო? | ||
7 | |||
8 | ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტზე დაბრძანებული. | ||
9 | უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა და აღრიცხა იგი, მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს. | ||
10 | მყოფობს ყოველ ხორციელში მისი ნიჭის მიხედვით, მიმადლა იგი მის მოყვარულებს. | ||
11 | უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა. | ||
12 | უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს. | ||
13 | უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს. | ||
14 | სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან. | ||
15 | ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა. | ||
16 |
უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით. |
||
17 | მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თავის ქმნილებებით. | ||
18 | სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი ასაყვავებლად. | ||
19 | იხილა და აღრიცხა იგი, ხელოვნება და ცოდნა მეცნიერებისა დააწვიმა და მისთა მფლობელთა დიდება აამაღლა. | ||
20 | უფლის შიში სიბრძნის ძირია და წვეროები მისი დღეგრძელობაა. | ||
21 | |||
22 | ვერ გამართლდება უსამართლო რისხვა, რადგან სიმძიმე მისი გულისწყრომისა დაამხობს მას. | ||
23 | დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მიიღებს ჯილდოდ. | ||
24 | დრომდე დაიმარხავს თავის სიტყვებს და მრავალთა ბაგენი მის კეთილგონიერებას აღიარებენ. | ||
25 | სიბრძნის საგანძურებშია გონიერი იგავები, ცოდვილისათვის კი საძულველია ღვთისმოშიშება. | ||
26 | თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას. | ||
27 | რადგან უფლის შიშია სიბრძნე და განსწავლულობა, მისდამი სასოება - რწმენა და სიმშვიდე. | ||
28 | ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას. | ||
29 | პირში ნუ ელაქუცები ადამიანებს და გაუფრთხილდი შენს ბაგეებს. | ||
30 | თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გააცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით. |