ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვინც ფისს შეეხება, გაისვრება და ვინც ამპარტავანს დაუახლოვდება, მას დაემსგავსება.

   
2 ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალღონეზე აღმატებულს და შენზე ძლიერსა და მდიდარს ნუ დაუახლოვდები. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის ქვაბთან? დაეჯახება ქოთანი და თავად გატყდება.    
3 მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და თვითონვე იმუქრება; გლახაკი შეურაცხყვეს და თავად ივედრება შეწყალებას.    
4 თუკი დასჭირდები, გამოგიყენებს, თუ გაგიჭირდა, მიგატოვებს.    
5 თუ რამ გექნება, შენთან იცხოვრებს, დაგახარჯვინებს და თვითონ კი თავს არ შეიწუხებს.    
6 თუ რამე გიჭირს, მოგატყუებს, გაგიცინებს და იმედს მოგცემს, ალერსიან საუბარს გაგიბამს და გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირსო?    
7 შეგარცხვენს შენ თავისი გამასპინძლებით, ვიდრე ორჯერ ან სამჯერ არ გაგძარცვავს და საბოლოოდ არ იცინებს შენზე. შემდგომად ამისა, თუ დაგინახა, მოგერიდება და მხოლოდ თავსღა დაგიქნევს.    
8 უფრთხილდი, რომ არ შეცდე და არ დამდაბლდე შენი სიბრიყვით.    
9 როცა ძლიერი მიგიხმობს, თავი აარიდე და უფრო მიგიწვევს.    
10 თავს ნუ მოაბეზრებ, რათა არ მოგიშოროს, და ნურც მეტისმეტად განუდგები, რომ არ დაავიწყდე.    
11 ნუ მისცემ თავს ნებას ესაუბრო, როგორც თანასწორს, და მის მრავალსიტყვაობას ნუ მიენდობი, რადგან გრძელი საუბრით შეგაცდენს და თითქოსდა ხუმრობით გამოგცდის.    
12 შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ ურთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისგან.    
13 გაუფრთხილდი და გულისყურით იყავი, რადგან საკუთარ უბედურებასთან ერთად დააბიჯებ.    
14      
15

ყველა ცხოველს უყვარს თავისი მსგავსი და ყოველ კაცს - თავისი მახლობელი.

   
16 ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისივე მსგავსისაკენ მიისწრაფვის.    
17 რა აქვს საერთო მგელს კრავთან? ასევე ცოდვილს ღვთისმოსავთან?    
18 რა მშვიდობა იქნება აფთარსა და ძაღლს შორის? რა მშვიდობა იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის?    
19 ლომების სანადირო - გარეული ვირებია უდაბნოში, ასევე გლახაკნი საძოვარია მდიდართათვის.    
20 საძულველია თავმდაბლობა ამპარტავნისათვის, ასევე საძულველია მდიდრისათვის ღარიბი.    
21 მდიდარმა თუ წაიბორძიკა, მეგობრები შეაშველებენ ხელს, დაცემულ გლახაკს კი მეგობრებიც მიატოვებენ.    
22 გასაჭირში ჩავარდნილ მდიდარს მრავალი შემწე ჰყავს; აბადაუბდას იტყვის და გაამართლებენ. გლახაკს გაუჭირდება და შერისხავენ; ბრძნულად იტყვის და ყურსაც არ ათხოვებენ.    
23 მდიდარი ამოიღებს ხმას და ყველა დადუმდება; მის სიტყვას ღრუბლებამდე ასწევენ. გლახაკი ამოიღებს ხმას და იტყვიან: ეს ვინღა არისო? თუ წაიბორძიკებს, ზურგს შეაქცევენ.    
24 კარგია სიმდიდრე, რომელსაც არ ურევია ცოდვა, სიგლახაკე ბოროტებაა უწმინდურის პირში.    
25 კაცის გული სახეს შეუცვლის მას - ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ.    
26 გულის ნიშანი ბედნიერების ჟამს მხიარული სახეა და მძიმე ფიქრები იგავთა მთხზველია.