ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უფლის მოშიში ასე მოიქცევა და მტკიცე რჯულით მოიხვეჭს მას.

   
2 დედასავით მიეგებება მას და სიჭაბუკის ცოლივით მიიღებს.    
3 გამოკვებავს მას გონების პურით და სიბრძნის წყაროს შეასმევს.    
4 მისით განმტკიცდება და აღარ შეირყევა, მიეკვრება მას და აღარ შერცხვება.    
5 აამაღლებს მის მახლობლებზე და გაუხსნის ბაგეს შეკრებილთა შორის.    
6 სიხარულისა და შვების გვირგვინს აპოვნინებს და საუკუნო სახელს დაუმკვიდრებს.    
7 ვერ მისწვდებიან მას უგუნურნი და ვერც ცოდვილნი იხილავენ.    
8 შორსაა იგი ამპარტავანთაგან და ცრუნი ვერ შეიცნობენ.    
9 უამურია ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისაგან როდია მოვლენილი.    
10 რადგან ქება სიბრძნით ითქმის და უფალი კეთილად წარმართავს მას.    
11

ნუ იტყვი, უფლის განგებით განვდექიო, რადგან ის თავის საძულველს არ გააკეთებს.

   
12 ნუ იტყვი ღმერთმა შემაცდინაო, რადგან არ სჭირდება მას ცოდვილი კაცი.    
13 ყოველივე სისაძაგლე შეიძულა უფალმა და არც მისთა მოშიშთა უნდა უყვარდეთ.    
14 მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა.    
15 თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით მოიქცევი.    
16 მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და, საითკენაც გენებოს, იქით გაიწოდე ხელი.    
17 ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და, რომელსაც მოისურვებს ის მიეცემა.    
18 რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.    
19 მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.    
20 ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა.