ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი.

1

შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან განსაცდელისა

2 გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. 2 და წრფელ-ყავ გული შენი და ნუ მოსწრაფე ხარ ჟამსა მას, რომელსა შეგემთხჳოს შენ განსაცდელი
3 მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ. 3 მიეახლე უფალსა და ნუ განეშორები, რათა აჰმაღლდე აღსასრულსა მას შენსა
4 რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. 4 ყოველივე, რაცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და სალმობათაგან დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ
5 რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. 5 რამეთუ ცეცხლითა გამოიცადის ოქრო, ეგრეთვე კაცი შერაცხილი საჴუმილითა მით სიმდაბლისათა
6 ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე. 6 გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ და განიგნე გზანი შენნი და ესევდ მას
7 უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ. 7 მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ წყალობასა უფლისასა, და ნუ გარდაიქცევით, რათა არა დაეცნეთ
8 უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური. 8 მოშიშთა უფლისათა ჰრწმენინ იგი, რათა არა დააკლდეს სასყიდელი მათი
9 უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა. 9 მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ კეთილსა უფლისაგან და სიხარულსა და წყალობასა, რამეთუ ნიჭი უფლისა საუკუნე არს და სიხარულით არს მოსაგებელი მისი
10 გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო? 10 მიხედეთ პირველთა მათ და ნათესავთა და გუალეთ, ვის ჰრწმენა ღმერთი და ჰრცხუენა? ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან დააგდო იგი მოწყალე
11 რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს. 11 და მწყალობელ არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე, მიუტევნის ცოდვანი და აცხოვნის ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი
12 ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ!    
13 ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება!    
14 ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ?    
15 უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ.    
16 უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით.    
17 უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ.    
18 ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა.